Accessibility links

logo-print

“ცხოვრების მართებული წესის” პრემიის 2011წლის ლაურეატები


შედარებით ნაკლებად ცნობილი “ცხოვრების მართებული წესის” პრემიას, უფრო აღიარებული ნობელის თუ სხვა პრემიებისგან განსხვავებით, გადასცემენ ხოლმე ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ მშვიდობიანი გზით იბრძვიან სხვების კეთილდღეობისთვის ან, უკეთ რომ ვქვათ, იმისათვის, რომ ადამიანებს საშუალება ჰქონდეთ მართებული ცხოვრებით იცხოვრონ. ხშირად ამ პრემიის ლაურეატებს - იმის ნაცვლად, რომ საყოველთაოდ აღიარებულ იქნენ - ებრძვიან, აბუჩად იგდებენ და ყურადღებას არ აქცევენ. ამ პრემიას მედიაში ნობელის ალტერნატიულ პრემიადაც მოიხსენიებენ ხოლმე. მისი ლაურეატების ვინაობა წლევანდელ შემოდგომაზე გამოცხადდა, მაგრამ მათ ჯილდო გადაეცათ მხოლოდ ამ კვირის დასაწყისში სტოკჰოლმში, შვედეთის რაიხსტაგში.

ფონდის პრემია 200 ათას დოლარზე მეტია. მისი დამაარსებელი შვედი ფილატელისტი და ჟურნალისტი, ერთ დროს ევროპის პარლამენტის წევრი, იაკობ ფონ იუქსკიულია, რომელიც წერს: როცა 1980 წელს “ცხოვრების მართებული წესის ფონდი” დავაარსე, ვფიქრობდი, რატომ ვეგუებით პრობლემებს, რომელთა მოგვარება შეგვიძლია-მეთქი? ამ კითხვაზე პასუხი არა მაქვს, მაგრამ პრობლემების გადაჭრის გზები ნამდვილად არსებობს. ორმოცდაათამდე ქვეყნის 130-მა ლაურეატმა დაგვანახვა, რომ პრობლების მოგვარება შეიძლება, თუკი გვაქვს ხედვა და მის მიხედვით ვმოქმედებთ. ალბერტ აინშტაინს უთქვამს: მართლა კარგი იდეა ისაა, რომლის განხორციელებაც თავიდან შეუძლებელი გეჩვენებაო. “ცხოვრების მართებული წესის“ ფონდის პრემიას ვანიჭებთ მას, ვინც ასეთი იდეები განახორციელა.

იაკობ ფონ იუქსკიულის ძმისშვილია ოლე ფონ იუქსკიული, ფონდის დირექტორი, რომელსაც ვთხოვეთ, დაეხასიათებინა წლევანდელი ლაურეატები, ოთხი პირი და ორგანიზაცია, რომელთაც ეს 200 ათასი დოლარი გაუნაწილდებათ.

ოლე ფონ იუქსკიულმა გვითხრა, რომ “ცხოვრების მართებული წესის ფონდის“ პრემიის მისაღებად არაა საკმარისი მხოლოდ გმირობა და თავის გაწირვა - ლაურეატები, ამასთანავე, არიან პრაქტიკულად მოქმედი ადამიანები, რომლებმაც თავიანთი ქმედებით წარმატებას მიაღწიეს.
მიწების შესყიდვას ინვესტორები ამ ეტაპზე იმიტომ ირჩევენ, რომ ვეღარ მუშაობს ფულის დაბანდების ტრადიციული ბაზარი...

ფონ იუქსკიული განგვიმარტავს, თუ რატომ მიენიჭა საპატიო პრემია ჩინელ მეწარმეს, იუან მინს, რომელიც ენერგიის ალტერნატიული წყაროს - მზის ენერგიის - გამოყენებაში განსაკუთრებულ შედეგს მიაღწია არა მხოლოდ იმით, რომ მისი ინიციატივით ჩინეთში 2005 წელს მზის ენერგიის შესახებ კანონი მიიღეს: „ის გვიდასტურებს, თუ რისი გაკეთება შეუძლია თვითონ ჩინეთს განახლებადი ენერგიების გამოყენებაში. იუანის ფირმის მიერ შემუშავებულმა წყლის გამაცხელებლებმა, რომლებსაც ის დიდი რაოდენობით აწარმოებს ჩინეთში, 300 მილიონი ტონა ნახშირი დაზოგა. ჩვენი ლაურეატი დარწმუნებულია, რომ მომავალში ენერგიაზე ჩინეთის დამატებითი მოთხოვნილება განახლებადი ენერგიით დაკმაყოფილდება და საჭირო აღარ იქნება წიაღისეული ან ატომური ენერგია.“ „ცხოვრების მართებული წესის ფონდისეული“ დახასიათებიდან შეიტყობთ, რომ იუანმა დააარსა სოლარულ-თერმული მთელი ქალაქი, სახელწოდებით „დეჟიუ“, სადაც ვაკუუმური მილების სამი ფაბრიკაა, ასევე სამი, წყლის გამაცხელებლების ქარხანა, სოლარული არქიტექტურის მასალების ქარხანა, ოფისი, სასტუმროების კომპლექსი, პარკები, სოლარული უნივერსიტეტი, საცხოვრებელი სახლები და სხვა. და ეს ყველაფერი უკავშირდება მზის ენერგიის გამოყენებას.

იუან მინი, ჩინელი მეწარმე

იუან მინი, ჩინელი მეწარმე

იუქსკიულის თქმით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩინეთი უზარმაზარი ენერგომომხმარებელია, რომელმაც იაპონიაში - ფუკუშიმაში - ბირთვული კატასროფის შემდეგაც კი დაგეგმა ატომური ელექტროსადგურების მშენებლობა, მნიშვნელოვანი იყო ისეთი პირის გამოყოფა, რომელიც ჩინეთში მოქმედებს, იქ მუშაობს პრაქტიკულად. და როცა ვინმე თავისი საქმიანობით გვიჩვენებს, რომ ენერგიის მოხმარების ზრდის დაკმაყოფილება განახლებადი ენეგიითაც შეიძლება, ეს რევოლუციურია, თვლის “ცხოვრების მართებული წესის ფონდის“ დირექტორი, რომელიც დასძენს, ჩვენი ლაურეატი ჩინეთში დადებითი რეპუტაციით სარგებლობს, პრაგმატული ადამიანია და მთვრობასათან თანამშრომლობს. დიახ, პრაგმატული პირია, მისი საქმიანობიდან გამომდინარეო.

2011 წლის “ცხოვრების მართებული წესის ფონდის“ პრემიის ლაურეატი გახდა ორგანიზაცია, სახელწოდებით „გრეინი“, საერთაშორისო ჯგუფი, რომელსაც პრემია საგლეხო თემების, მათი სასოფლო-სამეურნეო არეალების, მათი უფლებების დაცვისთვის მიენიჭა. მისივე დამსახურებაა განვითარებად ქვეყნებში უცხო საფინანსო სუბიექტებისთვის მიწათმოქმედებისთვის განკუთვნილი რეგიონების მიყიდვის, ანუ „მიწების მიტაცების“, ფაქტების შესწავლა- გავრცელება.

ოლე ფონ იუქსკიული ამბობს, რომ ბოლო სამ წელიწადში, როცა სურსათზე ფასებმა მოიმატა, საფინანსო ინვესტორებმა მსოფლიოში შვედეთის ტერიტორიის ფართობის ტოლი სასოფლო-სამეურნეო მიწები შეისყიდეს, რის შედეგადაც გლეხებმა უფლება დაკარგეს დაამუშაონ ეს მიწები. რა ფასეულობის შენარჩუნებისთვის იბრძვის „გრეინი“? ოლე ფონ იუქსკიული განმარტავს: „კვების პროდუქტების წარმოებაში დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის, რაც სჭირდება ძალიან ბევრ გლეხს მსოფლიოში საკუთარი თავისა და ოჯახის გამოსაკვებად. მათი უფლება შეინარჩუნონ მიწები მათთვის სიცოცხლის დაზღვევაა. მიწის მიტაცებისას კი ისე ხდება, რომ გლეხებს მიწისთვის ფულსაც კი არ უხდიან.“

საქმე ისაა, რომ ინვესტორები, რადგან აფრიკის ქვეყნებში არაა მიწაზე საკუთრება მსოფლიოში აღიარებული წესით განსაზღვრული, მიმართავენ არა პირდაპირ გლეხს, რომელიც იმ მომენტში მიწას ამუშავებს, არამედ მთავრობას, რათა მისი მეშვეობით დაეპატრონოს მიწას, განაგრძობს ფონ იუქსკიული. მისივე თქმით, ინვესტორები ამ მიწაზე არ ცდილობენ ადგილობრივებისთვის სასურსათო პროდუქტის მოყვანას მიწას ისინი საექსპორტო მონოკულტურებისათვის ან მომავალში კვლავ გასაყიდად მოიხმარენ. „გრეინის“ მუშაობა, ფონ იუქსკიულის თანახმად, პირდაპირ უკავშირდება საფინანსო კრიზისს:
მუდეინა ცდილობს, ხელი შეუშალოს ბავშვებით ვაჭრობას, როცა მათ იაფ მუშახელად ან ჯარისკაცებად იყენებენ...

„მიწების შესყიდვას ინვესტორები ამ ეტაპზე იმიტომ ირჩევენ, რომ ვეღარ მუშაობს ფულის დაბანდების ტრადიციული ბაზარი. ეს არის საფინანსო კრიზისის ნაწილი, მისი ყველაზე უარესი გამოვლინება. ის აღწევს ადამიანის ცხოვრების სულ უფრო მეტ შრეში, ბიოსფეროს სიღრმეში. ინვესტორები ვეღარ ნახულობენ იმ მოგებას, რასაც აქამდე მიჩვეული იყვნენ და ახლა, ბოლო წლებში, დაიწყეს მიწის შესყიდვა. ახლა ითვლება, რომ ეს არის ახალი ოქრო.“

ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობს ჩადელი იურისტი ჟაკლინ მუდეინა, რომელიც იბრძვის იმისათვის, რომ ჩადის ყოფილი დიქტატურის მსხვერპლმა მართლმსაჯულებას მიაღწიოს. მისივე დამსახურებაა აფრიკის ქვეყნებში ადამიანის უფლებების მიმართ ყურადღების გაზრდა და მათზე მეთვალყურეობა. ის თვლის, რომ უფლებების დარღვევა გრძელდება, რადგან დამნაშავეები დაუსჯელები რჩებიან.

ჟაკლინ მუდეინა, ჩადელი იურისტი

ჟაკლინ მუდეინა, ჩადელი იურისტი

მუდეინას ერთ-ერთი მიზანია, პასუხისგებაში მისცენ და გაასამართლონ ჩადის ყოფილი დიქტატორი, ისენ აბრე, რომელსაც ხანდახან, მისი სისასტიკის გამო, „აფრიკის პინოჩეტსაც“ უწოდებენ. მის სახელს უკავშირდება ათასობით ადამიანის დახოცვა და წამება. აბრეს პერიოდის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა მუდეინას ათი წლის წინ ყუმბარა ესროლეს. უფლებადამცავი სასწაულით გადაურჩა თავდასხმას. ყოფილი დიქტატორი სენეგალში ცხოვრობს შესანიშნავ პირობებში და დღემდე ვერ ხერხდება სასამართლოსთვის მისი გადაცემა. მაგრამ, “ცხოვრების მართებული წესის ფონდის“ პრემიის ლაურეატი ქალის საქმიანობა ამით არ შემოიფარგლება, ამბობს ფონ იუქსკიული:

„ფანტასტიკური მის საქმიანობაში ისაა, რომ მისი ორგანიზაცია დაკავებულია ჩადში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებით, ასევე ქალების უფლებებით. მუდეინა ცდილობს, ხელი შეუშალოს ბავშვებით ვაჭრობას, როცა მათ იაფ მუშახელად ან ჯარისკაცებად იყენებენ. ეს კომბინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აფრიკაში ბევრია გასაკეთებელი ადამიანის უფლებათა სფეროში ჩადენილი დანაშაულების გამოსავლენად და ეს აუცილებელია, რადგან უსამართლობა კვლავაც განაგრძობს არსებობას.“

უფლებების თავისებურად დაცვა და არა მხოლოდ დაცვა, ბუნებრივი უფლებების აღდგენაა მიზანი ამერიკელი მეანის, აინა მეი გასკინისა. ის ითვლება მსოფლიოში ყველაზე ცნობილ მეანად, რომელმაც თავისი საქმიანობა მიუძღვნა მშობიარობის ბუნებრივ მეთოდებს, რაც დედისა და ბავშვის სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობის საუკეთესო საწინდარია. სწორედ ამისთვის მიანიჭეს მას “ცხოვრების მართებული წესის ფონდის“ პრემია.
ფონ იუქსკიული გვიხსნის, რომ სტატისტიკის თანახმად, ქვეყნებში, სადაც გადაჭარბებული, არასაჭირო სამედიცინო ჩარევა ხდება მშობიარობის პროცესში და სადაც მაღალია საკეისრო კვეთით ბავშვის გაჩენის რაოდენობა, იზრდება დედების გარდაცვალების შემთხვევებიც. მისივე თანახმად, აშშ, ამ მხრივ, განვითარებადი ქვეყანაა, იქ მეანის პროფესია თითქმის გაქრა:

აინა მეი გასკინსი

აინა მეი გასკინსი

„თითქმის დავიწყებას მიეცა მეთოდები, რომლებსაც მეანები ფლობენ. ორგანიზმისთვის ისინი უფრო ბუნებრივი და მისაღებია, და ნაწილობრივ იმავე და, ხშირად, უკეთეს შედეგს აღწევენ, ვიდრე მედიკამენტების გამოყენებისას. ამიტომ პრემია მივანიჭეთ აინა მეი გასკინს, რომელმაც მეანის პროფესია კვლავ ააღორძინა როგორც თავის ქვეყანაში, ისე მთელ მსოფლიოში. ბევრი, უკვე ცნობილი მეთოდი ისწავლა მან ტრადიციული კულტურებისგან და გაავრცელა ისინი. გასკინმა ჩამოაყალიბა მეანის პროფესიის ხარისხობრივი სტანდარტი.“

“ცხოვრების მართებული წესის ფონდის“ პრემიის ამ ლაურეატი ქალის მიერ გავრცელებულმა მეთოდებმა უამრავი ქალი გადაარჩინა სიკვდილს და, რაც მთავარია, ძალიან, ძალიან ბევრ ადამიანს შესაძლებლობა მისცა ცხოვრება ბევრად უფრო სასიამოვნოდ დაეწყო, რადგან, ცნობილია, რამდენად მნიშვნელოვანია დაბადების შემდეგ პირველი საათები და დღეები, როცა მიღებული ტრავმა შეიძლება ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვეს, ამბობს ოლე ფონ იუქსკიული, “ცხოვრების მართებული წესის ფონდის“ დირექტორი, რომელიც გვიცხადებს, ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ მეანის როლისთვის ხაზი გაგვესვაო.
XS
SM
MD
LG