Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კომერსანტის“ ჟურნალისტები არჩევნების გაშუქების გამო დაითხოვეს


რუსეთში არჩევნების შემდგომი ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა მას მერე, რაც მედიაჯგუფ „კომერსანტის“ მფლობელმა ოლიგარქმა გაზეთის ორი მენეჯერი გაათავისუფლა „კომერსანტის“ ჟურნალისტების მიერ 4 დეკემბრის გაყალბებული არჩევნების შესახებ გამოქვეყნებული კრიტიკული პუბლიკაციების გამო. მედიამაგნატი ალიშერ უსმანოვი განარისხა ჟურნალ „ვლასტის“ გარეკანზე დაბეჭდილმა პუტინის ფოტომ და მასზე გაკეთებულმა წარწერამ „პობედა ედინოვბროსოვ“ , რაც რუსეთის მმართველი პარტიის სასარგებლოდ არჩევნების გაყალბებაზე მიანიშნებს.
წვრილმან ხულიგნობაში ჩემი დადანაშაულება ალიშერ უსმანოვის მხრიდან, როგორც ჩანს, უკავშირდება იმ ბიულეტენის ფოტოს გამოქვეყნებას, რომელზეც პუტინი უწმაწურად არის მოხსენიებული ...

მედიაჯგუფ “კომერსანტის“ მფლობელი ალიშერ უსმანოვი განარისხა ვლადიმირ პუტინის ფოტოს გამოქვეყნებამ ჟურნალის გარეკანზე, რის გამოც მედიამაგნატმა თანამდებობიდან გადააყენა ჰოლდინგის გენერალური დირეტორი ანდრეი გალიევი და ჟურნალ „კომერსანტ-ვლასტის“ მთავარი რედაქტორი მაქსიმ კოვალსკი, რომლის საქციელსაც უსმანოვმა - არც მეტი, არც ნაკლები - „ხულიგნობა“ უწოდა. მაქსიმ კოვალსკიმ დაადასტურა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება, თუმცა განაცხადა, რომ სწორად მოიქცა, როდესაც გამოაქვეყნა საარჩევნო ურნასთან პუტინის ფოტო, რაც, ჟურნალისტის თქმით, არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების მკაფიო ილუსტრაციაა:

„წვრილმან ხულიგნობაში ჩემი დადანაშაულება ალიშერ უსმანოვის მხრიდან, როგორც ჩანს, უკავშირდება იმ ბიულეტენის ფოტოს გამოქვეყნებას, რომელზეც პუტინი უწმაწურად არის მოხსენიებული. ბიულეტენზე ასეთი წარწერა ლონდონში რუსეთის საელჩოში გახსნილ საარჩვენო უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა დატოვა. გარდა ამისა, მანვე დასვა ჯვარი „იაბლოკოს“ გრაფის გასწვრივ, რაც, საარჩევნო კანონის თანახმად, ვარგისად ითვლება. ჩვენ გამოვაქვეყნეთ ეს ბიულეტენი და გავაკეთეთ შემდეგი წარწერა: „სწორად შევსებული ბიულეტენი, რომელიც ძალადაკარგულად ჩაითვალა“.

პირდაპირ ზეწოლას არ განვიცდიდი. სრულიად თავისუფლად ვგრძნობდი თავს ...
მედიაჰოლდინგ „კომერსანტ-ვლასტის“ მფლობელმა ალიშერ უსმანოვმა თქვა, რომ მან შეიძლება ამ ფოტოს გამოქვეყნების გამო უჩივლოს კოვალსკის.

უზბეკეთში დაბადებულმა 58 წლის ალიშერ უსმანოვმა სიმდიდრე 1990-იან წლებში ქვანახშირის, ხე-ტყის და ფინანსური აქტივების ყიდვა-გაყიდვით დააგროვა. იგი კომპანია „მეტალო-ინვესტის“ მფლობელი და „გაზპრომ-ინვესტ-ჰოლდინგის“ თავმჯდომარეა. უსმანოვმა 2006 წელს დევნილ რუს ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკისაგან შეიძინა „კომერსანტ-ჯგუფი“ - ჰოლდინგი, რომელიც მრავალ ბეჭდურ და ინტერნეტგამოცემას - მათ შორის, რუსეთის დემოკრატიული მედიის ფლაგმანს, გაზეთ „კომერსანტს“, და ჟურნალ „ვლასტს“ - აერთიანებს. მიუხედავად კრემლთან აშკარა სიახლოვისა, რაც გამოიხატება ალიშერ უსმანოვისა და რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილის იგორ შუვალოვის ბიზნესკავშირებში, მედიამაგნატი არ ერეოდა მის კუთვნილებაში არსებული გამოცემების სარედაქციო მუშაობაში, - აცხადებს თანამდებობიდან გათავისუფლებული ჟურნალ „ვლასტის“ მთავრი რედაქტორი მაქსიმ კოვალსკი:

„ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ არ ყოფილა ისე, რომ ყოველდღე დაერეკა და დაეძალებინა, რომ ეს გამეკეთებინა ანდა ეს არ გამეკეთებინა. პირდაპირ ზეწოლას არ განვიცდიდი. სრულიად თავისუფლად ვგრძნობდი თავს.“

კოლეგებისადმი სოლიდარობა გამოაცხადა და პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა დემიან კუდრიავცევმა, რომელიც „კომერსანტ-ვლასტის“ ჰოლდინგში ასევე ასრულებდა მეორე გენერალური დირექტორის მოვალეობას. რაც შეეხება მედიაჯგუფის სხვა თანამშრომლებსა და წამყვან ჟურნალისტებს, ჯერჯერობით უცნობია, გამოუცხადებენ თუ არა ისინი მხარდაჭერას მედიაჰოლდინგის თანამდებობიდან გათავისუფლებულ მენეჯერებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG