Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველები ადმინისტრაციული პატიმრობის გაუქმებაზე საუბრობენ


“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილა. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ადამიანის უფლებათა დამცველები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და მოსამართლეები. უფლებადამცველები მიუთითებენ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მოქმედი კოდექსი იწვევს ადამიანის უფლებათა უხეში ფორმით შელახვას. ისინი კოდექსში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე საუბრობენ.
როდესაც ითხოვ, რომ მოგცენ გონივრული ვადა საქმის გასაცნობად, თუნდაც ერთი საათი, მაქსიმუმ 15 წუთს გაძლევენ...

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტს ლიკა წიკლაურს ხშირად უწევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მუშაობა და სწორედ ამიტომ ის საკუთარი გამოცდილების მიხედვით საუბრობს იმ ხარვეზებზე, რომლებიც, მისი თქმით, დღეს არსებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებობს. ერთი-ერთი პირველი პრობლემა, რაზეც ლიკა ყურადღებას ამახვილებს, დაცვის უფლების განხორციელებასთანაა დაკავშირებული:

”ხშირად სასამართლო სხდომამდე ამ ადამიანებთან კონტაქტის საშუალება არ გვეძლევა, რადგან არ იცი, როდის მოიყვანენ სასამართლოში. იმის წარმოდგენაც კი არ გაქვს, რა მოხდა, რა მუხლით არიან ისინი დაკავებულნი და ა.შ. არ გვაქვს არც სამართალდარღვევის ოქმი, არც პატაკი. როდესაც ითხოვ, რომ მოგცენ გონივრული ვადა საქმის გასაცნობად, თუნდაც ერთი საათი, მაქსიმუმ 15 წუთს გაძლევენ. არადა, მქონია შემთხვევა, როდესაც ერთ სხდომაზე ერთდროულად შვიდი ადამიანის წარმომადგენელი ვიყავი. 15 წუთი იმისთვისაც კი არ გეყოფა, რომ შვიდ ადამიანს სახელები და გვარები გამოჰკითხო”...
საქართველოში ადმინისტრაციული პატიმრობის ყველაზე ხანგრძლივი ვადაა...

ეს არ არის ერთადერთი პრობლემა, რის შესახებაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მოქმედი კოდექსის განხილვისას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და სხვა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები მიუთითებენ. როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, პასუხისგებაში მიცემული პირი მოკლებულია ისეთ გარანტიებს, რაც სისხლის სამართლის საქმის განხილვისას არის უზრუნველყოფილი. რაც შეეხება ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების წესს, ამ შემთხვევაში უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს პატიმრობის ვადაზე, რომლის მაქსიმალური ზომა, 90 დღე, სრულიად არაგონივრულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბუნებიდან გამომდინარე. სოფო ვერძეული, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი, ამბობს:

”საქართველოში ადმინისტრაციული პატიმრობის ყველაზე ხანგრძლივი ვადაა. პირობები დარეგულირებულია შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით და არის თემები, რომლებიც ღიად ტოვებს ბევრ მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის ეს შეიძლება იყოს დროებითი მოთავსების იზოლატორის განათებისა თუ მოწყობის პრობლემა, საწოლების პრობლემა, გასეირნების პრობლემა, შხაპის მიღების პრობლემა და ასე შემდეგ, რაც, ადმინისტრაციული პატიმრობის ხანგრძლივობას თუ გავითვალისწინებთ, ხშირ შემთხვევაში შეიძლება უთანაბრდებოდეს არასათანადო მოპყრობასაც.”
მიმართულება უნდა ავიღოთ იმისკენ, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა საერთოდ გაუქმდეს. თუმცა ეს არ უნდა გადაიზარდოს იმაში, რომ მერე ყველა პირი სისხლის სამართლის წესით იქნეს დასჯილი...

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც უფლებადამცველები საუბრობენ, არის ის, რომ, უმეტეს შემთხვევაში, მოსამართლე პირს ადმინისტრაციულ პატიმრობას უფარდებს მხოლოდ და მხოლოდ სამართალდარღვევის ოქმისა და პოლიციის ჩვენების საფუძველზე და კანონიერ ნდობას უცხადებს პოლიციელს, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს. შესაბამისად, აღარც სხვა დამატებითი მტკიცებულებებით ინტერესდება. აღნიშნულ საკითხზე მოსამართლე ირაკლი შენგელიას, აი, ასეთი პასუხი აქვს:

”აი, როგორ წარმოგიდგენიათ, სხვა მტკიცებულება რა შეიძლება იყოს, გარდა პოლიციელთა ჩვენებისა, იმისათვის, რომ პირი სამართალდამრღვევად ცნო და მას პატიმრობა მიუსაჯო? უდიდესი ნდობა სახელმწიფოს მიმართ. პოლიციელი სახელმწიფო მოხელეა. სხვა მეტი მტკიცებულება რაღა უნდა იყოს?” - მიაჩნია ირაკლი შენგელიას.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ, სამართალდარღვევათა ბუნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული პატიმრობა არ არის ის ადეკვატური სანქცია, რაც შეიძლება გამოიყენებოდეს სამართალდამრღვევის მიმართ და ისინი სხვა ალტერნატიურ სანქციებზე საუბრობენ. ასევე მიუთითებენ იმაზეც, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა წარმოადგენს საბჭოთა კანონმდებლობისათვის დამახასიათებელ მექანიზმს, რომელიც არსებობას მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში განაგრძობს. „ჰიუმენ რაიტს უოჩის“ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგია ამბობს, რამდენადაც ადმინისტრაციული პატიმრობა უცხო ტერმინია დასავლურ სამყაროში, სასურველი იქნება, ის საქართველოშიც გაუქმდესო. ამასვე ამბობს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში:
გიორგი ტუღუში
გიორგი ტუღუში

”ყველამ ერთობლივად უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვადები შემცირდება, უზრუნველვყოთ ის მაინც, რომ სასამართლო ხარვეზები აღმოვფხვრათ და ასევე დაკავების იზოლატორებში პირობები იყოს სათანადო. რა თქმა უნდა, მიმართულება უნდა ავიღოთ იმისკენ, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა საერთოდ გაუქმდეს. თუმცა ეს არ უნდა გადაიზარდოს იმაში, რომ მერე ყველა პირი სისხლის სამართლის წესით იქნეს დასჯილი”, - ამბობს გიორგი ტუღუში.

აღსანიშნავია ის, რომ საქართველოს პარლამენტში განიხილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტი, რაც იძლევა საშუალებას კანონმდებლობა ამ მიმართულებით გარკვეულ პოზიტიურ ცვლილებებს დაექვემდებაროს. მაგალითად, თუკი არსებული კოდექსი ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს 23 ტიპის სამართალდარღვევის მიმართ, პროექტის მიხედვით, ეს ციფრი ათამდე მცირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი დავით კორახაშვილი ამბობს, რომ შენიშვნების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებიც უფლებადამცველებმა და იურისტებმა გამოთქვეს, ახალ კოდექსში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2011 წელს ადმინისტრაციული პატიმრობა გამოყენებული იქნა 2550 პირის მიმართ; რაც შეეხება სამართალდარღვევებს, მათი უმეტესობა წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი ბოროტ დაუმორჩილებლობას გულისხმობდა.
XS
SM
MD
LG