Accessibility links

logo-print
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა, რომლის წევრთა უმრავლესობას ექს-პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი აკონტროლებს, დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმება დაარღვია. რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის სერგეი ვინოკუროვის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი თანამდებობებიდან თვითაღიარებული რესპუბლიკის გენერალური პროკურორის თეიმურაზ ხუგაევისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის აცამაზ ბიჩენოვის გადაყენებას ითვალისწინებდა, მაგრამ პარლამენტმა ისინი თანამდებობებზე დატოვა.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმების შესრულების გარანტად რუსული მხარე გამოდიოდა, მაგრამ ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა მოტყუებული დარჩა. ცხინვალში საპროტესტო აქციების განახლებას არ გამორიცხავენ. ეს შეთანხმება ჯიოევამ ბოლომდე შეასრულა: მან საპროტესტო აქცია დაშალა, არჩევნებში მოპოვებულ გამარჯვებაზე უარი თქვა და მარტის არჩევნებში მონაწილეობაზე დათანხმდა; სანაცვლოდ თანამდებობიდან ისედაც ვადაამოწურული კოკოითი გადადგა, მაგრამ საკუთარი კადრები ხელისუფლებაში დატოვა.

კოკოითის მიერ შეთანხმების დარღვევას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი უკვე მოჰყვა. ალა ჯიოევამ პარლამენტის ქმედებას უკანონო უწოდა და მოვლენების შემდგომ განვითარებაზე პასუხისმგებლობა მას დააკისრა. რუსული სააგენტოებისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ პარლამენტმა არაერთხელ დაამტკიცა საკუთარი უკანონობა და დაარღვია კონსტიტუცია. მისი თქმით, შეთანხმება დარღვეულია და ოპოზიცია ღია განცხადებით მიმართავს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას. დღესვე დე ფაქტო რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარემ აცამაზ ბიჩენოვმა „რია ნოვისტისთან“ საუბარში განაცხადა, რომ მომავალ არჩევნებში ჯიოევას მონაწილეობის საკითხი გადაწყვეტილი არ არის და ეს კანდიდატების რეგისტრაციისას გაირკვევა. კოკოითისა და მისი თანაგუნდელების ქმედებები ცხინვალში აღშფოთებას იწვევს. საზოგადოების წარმომადგენლები მას და მის კლანს ღიად მოუწოდებენ, რომ საერთოდ წავიდნენ პოლიტიკიდან. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა იური ძიცოითიმ ჩვენს რადიოსთან საუბარში განაცხადა, რომ ვითარება ფეთქებადსაშიშია, ხალხი კი უკან დახევას არ აპირებს.

პარლამენტის გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე ცხინვალში ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერის, ანატოლი ბარანკევიჩის მანქანა დაწვეს. ბოლო დღეების განმავლობაში გაურკვეველი პირების მიერ 10-მდე მანქანაა დაზიანებული და ყველა ოპოზიციის მხარდამჭერებს ეკუთვნოდათ. ოპოზიცია თითს კოკოითის შეიარაღებული ფორმირებებისკენ იშვერს. ბარანკევიჩის აზრით, ასეთი პროვოკაციების მოწყობით კოკოითი მათ მოთმინებას ცდის.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ვადიმ ბროვცევთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ალა ჯიოევამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კოკოითის მუქარანარევი რიტორიკა მის არაადეკვატურობაზე მეტყველებს.

ბროვცევის ხელისუფლებაში, შეთანხმების საწინააღმდეგოდ, არც ბარანკევიჩისთვის მოიძებნა ადგილი. ექსპერტების აზრით, ალა ჯიოევას ახლა კრემლიც და კოკოითიც ერთად ატყუებენ. ეს ყველაფერი კი იქით მიდის, ის, საერთოდ, განმეორებითი არჩევნების მიღმა დატოვონ.
XS
SM
MD
LG