Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალა ჯიოევას აზრით, კრემლი კოკოითის ემხრობა


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ოპოზიციის ლიდერი, ალა ჯიოევა უკანონოდ მიიჩნევს დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის შესაბამისადაც თანამდებობებზე უნდა დარჩნენ გენერალური პროკურორი თეიმურაზ ხუგაევი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცამაზ ბიჩენოვი. ჯიოევამ დღეს თავისი გუნდის წევრებთან თათბირის შემდეგ უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებას მიიჩნევს დე ფაქტო რესპუბლიკაში მიღწეული კომპრომისული შეთანხმების დარღვევად და ნანობს, რომ დათანხმდა ამ კომპრომისს, რადგან ის თავიდანვე წამგებიანი იყო ოპოზიციისათვის. ცხინვალში 9 დეკემბერს გააფორმეს კომპრომისული შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს, დე ფაქტო პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის გადადგომის გარდა, საპრეზიდენტო არჩევნების განმეორებით ჩატარებასა და გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაყენებას. შეთანხმების შესრულების გარანტად გამოცხადდა რუსეთი, მაგრამ დღეს ჯიოევამ დაგმო კრემლის პოზიცია, რომელიც, მისი აზრით, გამოიხატება ედუარდ კოკოითის მხარდაჭერით.
XS
SM
MD
LG