Accessibility links

logo-print

ირანი იმუქრება ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით


ჰორმუზის სრუტე -- გადის არაბეთის ნახევარკუნძულსა და აზიის კონტინენტს შორის და აკავშირებს სპარსეთისა და ომანის ყურეებს

ჰორმუზის სრუტე -- გადის არაბეთის ნახევარკუნძულსა და აზიის კონტინენტს შორის და აკავშირებს სპარსეთისა და ომანის ყურეებს

ირანის ერთ-ერთმა გავლენიანმა გაზეთმა სარედაქციო სტატიაში წამოჭრა ჰორმუზის სრუტის შესაძლო ჩაკეტვის საკითხი. გაზეთ „კეიჰანში“, რომელიც თეირანის მკაცრი კურსის მომხრე გამოცემად ითვლება, აღნიშნავენ, რომ სრუტის დაბლოკვა გამართლებული იქნებოდა, თუ შეერთებული შტატები და ევროპა კვლავაც მოითხოვენ ირანის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს შემოღებას. მიმდინარე კვირაში ასეთივე მოსაზრება გამოთქვა ირანელმა პარლამენტარმა.

ჰორმუზის სრუტე გადის არაბეთის ნახევარკუნძულსა და აზიის კონტინენტს შორის და აკავშირებს სპარსეთისა და ომანის ყურეებს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო მონაკვეთია, რადგან ჰორმუზის სრუტის გავლით გადაადგილდება ნავთობის ტანკერების 30 პროცენტზე მეტი. შესაბამისად, უყურადღებოდ არ დარჩებოდა ირანის უზენაეს ლიდერთან ახლო კავშირით ცნობილი გაზეთის, „კეიჰანის“ სარედაქციო წერილი, რომელშიც ირანის „უცილობელ“ უფლებად არის მოხსენიებული ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა, რახან „არსებობს შეთქმულება“ ქვეყნის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს ასამოქმედებლად.
შედეგები იქნებოდა ის, რომ საერთაშორისო საზღვაო მიმოსვლაში, განსაკუთრებით ენერგიას რაც ეხება, მოხდებოდა შეფერხებები და ეს უზარმაზარ ზეწოლას მოახდენდა ქვეყნების ეკონომიკაზე მთელს მსოფლიოში...

სტატია 13 დეკემბერს გამოქვეყნდა - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც მედიამ გაავრცელა ირანელი პარლამენტარის, ფარვიზ სორურის განცხადება, რომ სამხედრო ძალები ჩაატარებენ წვრთნებს, რომლებიც ემსახურება ჰორმუზის სრუტის ჩასაკეტად მზადყოფნას.

ნიდერლანდის სამეფო სამხედრო აკადემიის პროფესორი, ჯულიენ ლინდლი-ფრენჩი ასეთ შეფასებას გამოთქვამს: „თუ ეს მუქარა შეასრულეს, ჰორმუზის სრუტეში შესვლაზე უარი იქნება პირდაპირი გზა დასავლეთთან და რეგიონის ბევრ ქვეყანასთან კონფრონტაციისაკენ“.

ეს იმიტომ, რომ ჰორმუზის სრუტე ერთადერთი გზაა გემებისათვის სპარსეთის ყურიდან ღია წყლებში გასასვლელად და ტანკერებით ამ სრუტეში გადის 15,5 მილიონამდე ბარელი ნავთობი - დღეში! ეს არის მსოფლიოში საზღვაო გზით გადაზიდული ნავთობის ერთი მესამედი და მთელი ნავთობმომარაგების 17 პროცენტი.

შესაბამისად, ამ მიმოსვლის შეჩერება მძიმე შედეგებს იქონიებდა მსოფლიოში ისედაც კრიზისით მოცული ეკონომიკისათვის. საყურადღებოა, რომ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით ირანის არაოფიციალურმა მუქარამაც კი იმოქმედა ნავთობის ფასზე. ის სამი დოლარით გაიზარდა და ბარელში 100 დოლარს გადააჭარბა. და ეს, როგორც ექსპერტი თეოდორ კარასიკი ამბობს, არაფერია იმასთან შედარებით, რაც მოხდებოდა, თუ ირანი მართლაც ჩაკეტავს ჰორმუზის სრუტეს.

„შედეგები იქნებოდა ის, რომ საერთაშორისო საზღვაო მიმოსვლაში, განსაკუთრებით ენერგიას რაც ეხება, მოხდებოდა შეფერხებები და ეს უზარმაზარ ზეწოლას მოახდენდა ქვეყნების ეკონომიკაზე მთელს მსოფლიოში. მკვეთრად გაძვირდებოდა ნავთობი. სავარაუდოდ, 250 დოლარამდე ავარდებოდა ბარელის ფასი“, - ამბობს ექსპერტი.

ირანი ირწმუნება, რომ სრუტის ჩაკეტვა გამართლებულია, რახან ქვეყნებმა, როგორიც არის აშშ, ბრიტანეთი, ეკონომიკური სანქციები შემოიღეს თეირანის წინააღმდეგ, მისი ბირთვული პროგრამის გამო. არადა, ბირთვული პროგრამა, ირანის განცხადებით მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. გარდა ამისა, ირანის მიერ სრუტის ჩაკეტვა თეირანს მიაჩნია დაშვებულად საერთაშორისო საზღვაო სამართლით.
ამ კონვენციით, საერთაშორისო სრუტეებში ტრანზიტი გარანტირებულია ყველა ქვეყნისათვის. ასე რომ, სამართლებრივი საფუძველი არ ექნებოდა ჰორმუზის სრუტის დახურვას...

ამ შეფასებას არ იზიარებს საერთაშორისო სამართლის პროფესორი, ჯეიმს კრასკა. მისი განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სამართლებრივ ჩარჩოს ქმნის გაეროს 1982 წლის კონვენცია.

„ამ კონვენციით, საერთაშორისო სრუტეებში ტრანზიტი გარანტირებულია ყველა ქვეყნისათვის. ასე რომ, სამართლებრივი საფუძველი არ ექნებოდა ჰორმუზის სრუტის დახურვას. სრუტეში ტრანზიტი კი გულისხმობს საჰაერო - ანუ თვითმფრინავებით - ტრანზიტს, წყლის ზედაპირზე, ისევე როგორც წყალქვეშა ტრანზიტს, ანუ წყალქვეშა ნავების გატარებას. არ მოგეთხოვება ნაპირზე მდებარე სახელმწიფოების ნებართვა და ნაპირზე მდებარე სახელმწიფოებს არ გააჩნიათ სამართლებრივი საფუძველი ტრანზიტისთვის ხელის შესაშლელად“, - განმარტავს პროფესორი კრასკა. მართალია, კონვენციაზე ხელმომწერ 150 ქვეყანას შორის არ არიან არც ირანი და არ შეერთებული შტატები, მაგრამ კონვენცია არის ე.წ. ჩვეულებრივი კანონი, რომელსაც საუკუნეებია, ცნობენ. სრუტის წყლებს აქვს ორმაგი სტატუსი, განაგრძობს ექსპერტი: ისინი მართლაც ეკუთვნის ირანს, მაგრამ ამავე დროს ეკუთვნის საერთაშორისო წყლებს.

დავუშვათ, ირანმა მაინც ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე. შესწევს თუ არა მას ძალა, დაუპირისპირდეს შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალებს, რომელიც, ეჭვი არ არის, რომ საქმეში ჩაერევა?

ვაშინგტონელი ექსპერტი, ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის თანამშრომელი მაიკლ აიზენშტეტი ამბობს, რომ ირანი დიდი ხანია, ემზადება იმისათვის, რომ შეეძლოს ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა. „ირანი უკვე ათწლეულებია, ინვესტიციებს ახორციელებს სამხედრო-საზღვაო პარტიზანული ძალების შესაქმნელად, რათა მათ შეძლონ ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლისთვის ხელის შეშლა მაინც და იქნებ ჰორმუზის სრუტის თუნდაც დროებით ჩაკეტვა ნაღმების, მომცრო ნავების, გემების საწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტების, წყალქვეშა ნავებისა და ბოლოხანს უკვე ბალისტიკური რაკეტების კომბინაციის გამოყენებით“, ამბობს ექსპერტი.
მიუხედავად იმისა, რომ ირანელები დიდი ხანია, ლაპარაკობენ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაზე, ამის გაკეთებას სულ რამდენიმე დღით თუ შეძლებენ...

მაგრამ ირანმა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა რომ შეძლოს კიდეც, აიზენშტეტის შეფასებით, მას კვირაზე მეტხანს ვერ დაიცავს:

„საბოლოო ანგარიშით, მიუხედავად იმისა, რომ ირანელები დიდი ხანია, ლაპარაკობენ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაზე, ამის გაკეთებას სულ რამდენიმე დღით თუ შეძლებენ. და როგორც კი შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალები ჩაერევა საზღვაო მიმოსვლის თავისუფლების უზრუნველყოფის საქმეში, ჩემი აზრით, სრულიად ნათელია, რომ შედეგი იქნება ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების განადგურება და ჰორმუზის სრუტის ისევ გახსნა“.

უწინარეს ყოვლისა, ალბათ ამიტომ ვარაუდობენ, რომ ირანის მუქარა მუქარადვე დარჩება. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ „დღის წესრიგში არ დგას“ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის საკითხი.
XS
SM
MD
LG