Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სა იყავი? სა ვიყავი?“


ლუი არმსტრონგი
ლუი არმსტრონგი
ამ ახალგაზრდა კაცს ღამეული ცხოვრების წესი სჩვეოდა. ერთხელაც, გვარიანად შეზარხოშებული, გამთენიისას მიადგა სახლის კარს, საკეტი ქურდივით ფრთხილად გადააბრუნა და შინ უხმაუროდ შეიძურწა - ვაი და ცოლს არ გაეღვიძოს, ალიაქოთის თავი არ მაქვსო. მოგეხსენებათ, ასეთ დროს რთულია ბუმბულივით ჰაეროვანი იყო - მაინცდამაინც მაშინ წამოსდებ ხოლმე რამეს ფეხს ან სიბნელეში ცხვირით მიეხეთქები კედელს. ჩვენს გმირსაც არ გაუმართლა - კარის ზღურბლზე გაადინა ზღართანი. ცოლიც ფაფარაშლილი დააცხრა თავს დაცემულ ბედოვლათს - ისტერიული კივილით შეუდგა იმის გარკვევას, თუ რომელ კახპასთან ინებივრა ამჯერად და რა ვითარებაში წახდა ასე. ბოდიში და, „გულაობით“ ღონემიხდილ ბიჭს ძალიან გაუჭირდა არგუმენტირებული ახსნა-განმარტების მიცემა, ამიტომ თავს დატეხილი კითხვები კითხვებითვე ოსტატურად აისხლიტა - დაახლოებით ისე, გურულ ანეკდოტში რომ არის: „სა იყავი? სა ვიყავი? რა დალიე? რა დავლიე? რას შობოდი? რას ვშობოდი?“

ეს შფოთიანი დილა 1919 წელს ახალ ორლეანში გათენდა, უფრო კონკრეტულად კი, არმსტრონგების ახლად შექმნილ ოჯახში. დიახ, ის ბედოვლათი 19 წლის ლუი არმსტრონგი გახლდათ, პირქვე დამხობილი რომ დავტოვეთ და ხელიც არ შევაშველეთ. გაწამებული მეუღლე კი, მასზე 4 წლით უფროსი დეიზი პარკერი, საჩმოს პირველი ცოლი - სავსე და მადიანი სხეულით, ლუის რომ უყვარდა, ზუსტად ისეთი, ჩვენ რომ ჯანმრთელ ქალს ვეძახით. სამაგიეროდ - შარიანი, წერა-კითხვის უცოდინარი, თავნება, პრეტენზიული, საძრახისი ხელობის ქალი და პათოლოგიურად ეჭვიანი.

ეს ის პერიოდია, ახალ ორლეანში ჯო ოლივერი რომ ცხოვრობდა, ნომერ პირველი კორნეტისტი, რომლის ბენდშიც მოხვედრა დიდი სკოლა იყო დამწყები მუსიკოსებისათვის. ლუისაც გაუმართლა, რადგან მაესტრომ ახალგაზრდა ბიჭის ნიჭი უყურადღებოდ არ დატოვა, თავისთან იხმო და თვითნასწავლ საჩმოს ჯაზური ანა-ბანაც შეასწავლა.



ჰოდა, ერთხელ თურმე ჯო ოლივერის ბენდის წევრი გარდაცვლილა, პირტიტველა საჩმო კი მეგობარი მუსიკოსის „ტირილში“ წასულა. ცხონებული ტრომბონისტის გამოსვენებას ეკლესიის შესასვლელთან ელოდა, როცა მეზობლის გოგოს, ბავშვობის სიყვარულს, ვინმე რელა მარტინს გადაჰყრია და იქეთურ-აქეთურზე გამოლაპარაკებია. უეცრად, თითქოს მიწიდან ამოძვრაო, დეიზი დაულანდავს. სამართებლით მორბოდა ეჭვით ათქვირებული ცოლი. რელა, მგონი, მაგრად დამერხაო, - ამის თქმაღა მოუსწრია და მოუკურცხლავს თავქუდმოგლეჯილს. აი, ქუდი კი მართლა დაუვარდა. ე.წ. „სტეტსონის“ თავსაბურავი, ჩვენში „კოვბოურად“ რომ მოვიხსენიებთ. მისი ტარება იმ დროის ჯაზმენებში მაგარ ბიჭობად ითვლებოდა და, თურმე, საკმაოდ ძვირიც ღირდა. ამიტომ ლუი ნავსადგურში ნახშირს ზურგით ეზიდებოდა ხოლმე, თვეები ცენტს ცენტზე ადებდა, მერე რომ ამაყად გაევლო უბნის ძმა-ბიჭებში და ეთქვა: კაცი ვარ და ქუდი მხურავსო! ჰოდა, იმ ჩვენს დეიზის სულ ნაფლეთებად უქცევია ნამუსის „კოვბოური“ სიმბოლო და აგურებიც დაუშენია გაფითრებული ქმრისათვის. ამასობაში, ის სულმნათი ტრომბონისტიც გამოუსვენებიათ, ახალ-ორლეანურად, რა თქმა უნდა, სულ ცეკვა-თამაშით გაჯერებული სამგლოვიარო მარშით. მუსიკა კი სასმენად იმდენად საამო ყოფილა, რომ ლუისაც სულ “ცუმპა-რუმპით” გაუცილებია თავისი პირველი სიყვარულიც უკანასკნელ გზაზე.



რახან ცოლები ვახსენეთ, აქვე ერთი მესაყვირეც გავიხსენოთ - ლი მორგანი, რომელსაც, ლუისგან გასხვავებით, ნაკლებად გაუმართლა. შესაბამისად, მისი ისტორიაც სევდიანია. ძალიან მაგარი ვინმე კი გახლდათ: 15 წლიდანვე დაღვინებული, ათას ნოტზე გადამხტარი ჯაზმენივით უკრავდა - ბგერაც ყველასგან განსხვავებული და იმპროვიზაციის ნიჭიც შესაშური ჰქონდა. ჯერ დიზი გილესპისთან გამოჩნდა ბენდში, შემდეგ ჯონ კოლტრეინთან ერთადაც გააკეთა ჩანაწერი ლეგენდად ქცეულ Blue Train-ში. დრამერ არტ ბლეიკისთან გაშალა ფრთები, რომლის წყალობითაც უფრო გაიზარდა და დაიხვეწა. მისი სოლოების დროს ქალები კივილ-წივილს იწყებდნენ, აი, ბიტლზების ლაივებზე რომ გვინახავს, ზუსტად ისე. მისი ტრფობით მიბნედილთა რიგები ედგა, თუმცა მათ შორის ყველაზე ფხიანი მაინც ჰელენ მორი გამოდგა, მასზე 13 წლით უფროსი ქალბატონი.

გიჟდებოდა თურმე ამ ბიჭზე, ცივ ნიავს არ აკარებდა. მაგრამ საშინლად ეჭვიანი იყო - ქოქოლა და მუქარა. სულ კუდში დაჰყვებოდა. იმხანად ინტერნეტი რომ ყოფილიყო, ფეისბუქის ექაუნთსაც გაუტეხდა და სულ თმებით ითრევდა ინბოქსში ქმართან მოფლირტავე გოგოშკებს.

ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს მუსიკოსს ახალგაზრდა ქორფა გოგო ჩაუვარდა გულში. ამის შესახებ ნიუ-იორკის ერთ-ერთ კლუბში კონცერტის წინ გაუმხილა ჰელენს, სხვა მიყვარს, უნდა დავშორდეთო. საყვარელი მამაკაცისგან უარყოფილმა ქალმა ჩანთიდან რევოლვერი ამოაცურა და სცენაზე მდგომ ქმარს შიგ გულში ესროლა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა, ლი მორგანი მხოლოდ 33 წლის გახლდათ... მისი თაობის მუსიკოსები ამბობდნენ, რომ დასცლოდა, მაილს დევისის დონის იქნებოდაო.

დაბოლოს, ერთი ბალადა, ლი მორგანის შესრულებით, რომელსაც „მახსოვს კლიფორდი“ ჰქვია. კლიფორდ ბრაუნი იგულისხმება, კიდევ ერთი მესაყვირე, რომელიც ასევე ადრე წავიდა ცხოვრებიდან, 25 წლის ასაკში. თუმცა ეს სულ სხვა ისტორიაა და სხვა დროს იყოს.

XS
SM
MD
LG