Accessibility links

logo-print

ადამიანის უფლებათა დარღვევების ქრონიკა


კოალიციამ „არჩევანის თავისუფლებისათვის“ ბოლო სამი თვის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ამსახველი ფაქტების ანგარიში წარმოადგინა.

კოალიციამ „არჩევანის თავისუფლებისათვის“ ბოლო სამი თვის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ამსახველი ფაქტების ანგარიში წარმოადგინა.

15 დეკემბერს კოალიციამ „არჩევანის თავისუფლებისათვის“ ბოლო სამი თვის განმავლობაში წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დარღვევის ამსახველი ფაქტების 17 გვერდიანი ანგარიში წარმოადგინა. დარღვევებში პოლიტიკური პარტიების აქტივისტებსა და მათთან დაკავშირებულ პირებზე, ასევე მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული ზეწოლა იგულისხმება. არც ერთ მათგანს სამთავრობო უწყებების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. კოალიციამ ანგარიში სახალხო დამცველსა და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაუგზავნა.
დააკავეს კახეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი, თამაზ თამაზაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფონდის დირექტორის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია...

ადამიანის უფლებათა დარღვევების ერთი ნაწილი პირდაპირ უკავშირდება ქართულ პოლიტიკაში ახალი ფიგურის, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას და მასთან დაახლოებული პოლიტიკური პარტიების გააქტიურებას, - აცხადებს კოალიციის წევრი, ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი და იმ ადამიანების კონკრეტულ ამბებს ასახელებს, რომლებმაც მათზე განხორციელებული ზეწოლა საჯარო გახადეს:

”11 ოქტომბერს, მაგალითად, დააკავეს კახეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი, თამაზ თამაზაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფონდის დირექტორის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია. ამ საქმეში არაერთი კითხვის ნიშანია, რაც ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ ეს ამბავი სწორედ ივანიშვილის პოლიტიკურ გააქტიურებასთანაა კავშირში. სამსახურიდან გაათავისუფლეს ამავე ირაკლი ღარიბაშვილის მამა, ტარიელ ღარიბაშვილი. ლევან მდინარაძის, პოპულარული დიჯეის, დაკავების მიზეზიც ”ქართული ოცნების” მაისურების დარიგება გახდა. 8 ნოემბერს ”თავისუფალი დემოკრატების” აქტივისტზე გორის რაიონში, დიანა მარიამიძეზე, ასევე განხორციელდა ზეწოლა პოლიციის მხრიდან და ეს მხოლოდ რამდენიმე ფაქტია უფლებადარღვევათა საკმაოდ გრძელი სიიდან, რომელიც ჩვენს ანგარიშში მოხვდა.”
მოკვლით ემუქრებოდნენ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს, რასაც სახალხო დამცველის განცხადებაც მოჰყვა...

კოალიციის წევრი ორგანიზაციების განცხადებით, უფლებადარღვევების კიდევ ერთი ტალღა რეგიონებში მოღვაწე პედაგოგებს შეეხო. მედიაკლუბის წარმომადგენელი მაგდა პოპიაშვილი ამბობს, რომ ისინი მხოლოდ მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო დაითხოვეს სამსახურებიდან. მსგავსი ფაქტები მოხდა ხაშურის და ასევე სამცხე-ჯავახეთის რამდენიმე სკოლაში.

რაც შეეხება მედიაზე ზეწოლის ფაქტებს, ყველაზე რეზონანსული მოვლენა, კოალიციის შეფასებით, პრესის გავრცელების ჯიხურებთან დაკავშირებული და ტელეკომპანია ”მაესტროში” მიმდინარე მოვლენებია. თუმცა მრავლადაა ისეთი ფაქტებიც, რომლებიც ფართო საზოგადოებისათვის დღემდე უცნობია. რეგიონალური მედიის ასოციაციის ხელმძღვანელი ია მამალაძე ხაზგასმით ამბობს, რომ, როგორც წესი, ჟურნალისტებზე ზეწოლას შსს ახორციელებს და არასოდეს რეაგირებს, თუკი ჟურნალისტებს დაცვა სჭირდებათ:

ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ვალდებულია, თუ ჩადენილია სისხლის სამართლის თუ სხვა სახის დანაშაული, გამოიძიოს რა მოხდა სინამდვილეში...
”მოკვლით ემუქრებოდნენ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს, რასაც სახალხო დამცველის განცხადებაც მოჰყვა, თუმცა შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურები ამ ფაქტით არ დაინტერესებულან. 14 ნოემბერს „გურია ნიუსის” ჟურნალიტს ნატო გოგელიას პოლიციამ გადაღება აუკრძალა და დაპატიმრებით დაემუქრა და გადაღების ადგილი ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინა...”

ხელისუფლება ვალდებულია გამოიძიოს უფლებადარღვევის ყველა დადასტურებული ფაქტი, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს სავალდებულო ხასიათი მაინც არა აქვს, ამბობს ”ჰიუმან რაიტს უოჩის” წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგია:

”ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ვალდებულია, თუ ჩადენილია სისხლის სამართლის თუ სხვა სახის დანაშაული, გამოიძიოს რა მოხდა სინამდვილეში. თუ ადამიანის უფლებადარღვევის რაიმე ფაქტი გახდება ცნობილი, ასევე ვალდებულია გამოიძიოს ეს საქმეც და დამნაშავე დაისაჯოს. მაგრამ ასეთი ხასიათის რეკომენდაციებს სავალდებულო ხასიათი მაინც არა აქვს, თუმცა საქართველოს ხელისუფლების ინტერესებში მათი გათვალისწინება ნამდვილად შედის, განსაკუთრებით, თუ დარღვეულია ის საერთაშორისო ნორმები, რომელთა შესრულების ვალდებულებაც საქართველომ აიღო.”

კოალიციის წევრები ხელისუფლებისგან რეაგირებას ელოდებიან.
ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების 17 გვერდიანი ანგარიში მხოლოდ ბოლო სამ თვეს მოიცავს. არჩევნებამდე კი წელიწადზე მეტია დარჩენილი.
XS
SM
MD
LG