Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გურია ტვ“-ის მფლობელებს შორის დავის ასპექტები


რეგიონალური ტელეკომპანია „გურია ტვ“-ის ყოფილი მფლობელის ხათუნა სიორიძის ადვოკატმა თედო კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება „გურია ტვ“-ის განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ხელში გადასვლას ეწინააღმდეგება. ამ პოზიციიდან განიხილავს ადვოკატი უზენაესი სასამართლოს მიერ 5 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ხათუნა სიორიძეს ჩამოერთვა ტელეკომპანიის 100 %-იანი წილი და გადაეცა ტელეკომპანიის მფლობელის ყოფილ ბიზნესპარტნიორს მარინა ვასილევა-ხარაბაძეს. ადვოკატი სარჩელით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, უზენაეს სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რათა დაიწყოს საქმეში არსებული პროცესუალური დარღვევების გამოძიება.

შესაძლოა, ივანიშვილსაც უკავშირდებოდეს ან მომავალ არჩევნებს უკავშირდებოდეს, ან, სულაც, ჩხარტიშვილის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირდებოდეს ტელეკომპანიაში ცვლილებები ...
ტელეკომპანია „გურია ტვ“-ის ყოფილი მფლობელის, ადვოკატ თედო კობახიძის ინფორმაციით, უზენაესმა სასამართლომ 5 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით დაასრულა დავა, რომელიც ტელეკომპანიის მფლობელებს შორის 1991 წლიდან დაიწყო, თუმცა, ადვოკატისვე განცხადებით, სასამართლომ, პროცესუალური ნორმების დარღვევით, რამდენიმე დღეში განიხილა საქმე, რომელიც, მისი შეფასებით, პოლიტიკურად იყო მოტივირებული. თედო კობახიძის ინფორმაციით, უზენაესმა სასამართლომ საქმე 2010 წლის 17 მაისს მიიღო წარმოებაში. კანონის თანახმად, მას განაჩენი 6 თვეში უნდა გამოეტანა, მაგრამ ვადები დაირღვა და გადაწყვეტილება 18 თვის თავზე გახდა ცნობილი. თედო კობახიძე, ერთი მხრივ, უზენაესი სასამართლოს მიერ პროცესუალური ნორმების დარღვევის გამო დავობს, მეორე მხრივ კი, გამოთქვამს, მისი შეფასებით, საფუძვლიან ეჭვს, რომ 18 თვიანი ლოდინის შემდეგ რამდენიმე დღეში მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივითაა განპირობებული:

” მოახლოებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, ის, რომ რეგიონალური დამოუკიდებელი ტელეკომპანია არ არსებობდეს განსხვავებული პოზიციებისა და მოსაზრებების ადამიანების ხელში, ეს არის გადაწყვეტილების საფუძველი.”

იმას, რომ საქმეში, შესაძლოა, მართლაც არსებობდეს გარკვეული პოლიტიკური ინტერესი, არ გამორიცხავს რეგიონალური მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ია მამალაძე. ის ამბობს, რომ რეგიონალურ მედიაშიც ვრცელდებოდა ინფორმაცია და არც სხვადასხვა წყაროები უარყოფდნენ, რომ „გურია ტვ“-ში, შესაძლოა, ახალი მენეჯმენტი მოსულიყო, მათ შორის ლაპარაკი იყო ვანო ჩხარტიშვილის ინტერესების გამტარებელ გუნდზე.

”გაჟღერდა, რომ ჩხარტიშვილს და მასთან ბმაში, შესაძლოა, ივანიშვილსაც უკავშირდებოდეს ან მომავალ არჩევნებს უკავშირდებოდეს, ან, სულაც, ჩხარტიშვილის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირდებოდეს ტელეკომპანიაში ცვლილებები და ამას უკვე მოჰყვა ის, რომ სასწრაფოდ, დაჩქარებული წესით მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება.”

ის, რომ ვანო ჩხარტიშვილი მართლაც აპირებდა „გურია ტვ“-ის დაფინანსებას, არ უარყო დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „გურია ტვ“-ის ყოფილმა მთავარმა პროდიუსერმა ელდარ მდინარაძემ, რომელმაც სულ რამდენიმე დღე იმუშავა ტელეკომპანიაში. შეგახსენებთ, რომ ის 2003 წელს ტელეკომპანია „მზის“ გენერალური დირექტორი იყო. ელდარ მდინარაძის განცხადებით, უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ის „გურია ტვ“-ში პროდიუსერად დაინიშნა.
” ვანო ჩხარტიშვილი - გაჟღერდა ბიძინა ივანიშვილი და ა.შ., მიუხედევად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს ამასთან არანაირი ხელი არ აქვს - და სხვებიც დამეხმარებოდნენ. იყო კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელთა ვინაობის თქმასაც ახლა აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ეს უნდა ჩაბარდეს ისტორიას. მე ამას ყველაფერს გავხდიდი საჯაროს.”

მიუხედავად ამისა, ტელეკომპანია „გურია ტვ“-ის დამფუძნებლების ბიზნესპარტნიორ მარინა-ვასილევა-ხარაბაძის უფლებამონაცვლე პირის, ვინმე მალხაზ საბაძის ადვოკატი მირდატ ქამადაძე სასამართლოს გადაწყვეტილებაში პროცესუალურ დარღვევებს ვერ ხედავს. ის ამბობს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი სასამართლოს უწესებს საქმის განხილვის ვადებს, თუმცა, იმავე კოდექსით, სასამართლოს უფლება აქვს საკუთარი განჩინებით საქმის განხილვის ვადა გააგრძელოს. მირდატ ქამადაძე პოლიტიკურ მოტივაციასაც გამორიცხავს:

”სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო უზენაესმა სასამართლომ. ახლა ისინი ვეღარ მიუთითებენ შესაბამის სამართლის ნორმებზე და, ჩემი სუბიექტური აზრით, პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავთ ეს დავა.”

რაც შეეხება იმას, ეშლებათ თუ არა საქმიანობაში ხელი ჟურნალისტებს ტელეკომპანიის დამფუძნებლებს შორის დავის პირობებში, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ ასეთი ხელშეშლის შესახებ არ სმენია:

” მსგავსი რამ ჩვენ არ გაგვიგია, არც ერთ ჟუნალისტს არ უთქვამს ჩვენთვის მსგავსი რამ და, რაც მთავარია, ვინც არის მენეჯერი,ვისთანაც ვთანამშრომლობთ, მასაც ამგვარი რამ არ უთქვამს.”

მედიაექსპერტები კი იმედოვნებენ, რომ უკანასკნელ დროს სხვადასხვა ტელეკომპანიაში დამფუძნებლებს შორის წარმოებული დავების გასარკვევად და იმის დასადგენად, თუ ვინ დგას ამა თუ იმ ტელეკომპანიის უკან, კარგი საშუალება იქნება მაუწყებელთა შესახებ ახალი კანონი, რომელიც 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG