Accessibility links

"მაესტროს" თანამშრომლები მოითხოვენ არხის სრულფასოვანი მაუწყებლობის აღდგენას


ტელეკომპანია "მაესტროს" თანამშრომლები კვლავ მოითხოვენ არხის სრულფასოვანი მაუწყებლობის აღდგენას. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ”მაესტროს” გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი ჟურნალისტებს დღემდე არ აძლევს სრულფასოვნად მუშაობის საშუალებას, რაც პირველ ყოვლისა, მათი პროფესიული მოვალეობისთვის ხელის შეშლას წარმოადგენს. ”ჩვენ ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობასაც საზოგადოების წინაშე, რომელიც ჩვენგან ელის ინფორმაციას და ამ მოვლენების გამო ყველაზე მეტად ზარალდება”, - აცხადებენ ”მაესტროს” თანამშრომლები. მათივე შეფასებით, მოვლენებს კიდევ უფრო ართულებს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ”2011 წლის 7 დეკემბერს შსს-ს მთავარმა სამმართველომ "რუსთავის მედიის მართვის კომპანიის" დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი გააფრთხილა, რომ დაუყოვნებლივ დატოვოს "მაესტროს" ტერიტორია, რაც დღემდე არ არის სისრულეში მოყვანილი. "მაესტროს" მესაკუთრეთა მოთხოვნა, რომ სასამართლო განხილვის დასრულებამდე "რუსთავის მედიის მართვის კომპანიას" აეკრძალოს ყოველგვარი მოქმედება "მაესტროს" სახელით, საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა” - ნათქვამია ტელეკომპანიის თანამშრომელთა განცხადებაში. ისინი აღნიშნავენ, რომ მთავარია, აღდგეს "მაესტროს" სრულფასოვანი მაუწყებლობა და დაკმაყოფილდეს საზოგადოებრივი ინტერესი, თუმცა არსებული ტენდენცია აფიქრებინებთ, რომ არხის მაუწყებლობას შესაძლოა, გარკვეული პრობლემები შეექმნას. ამის თავიდან ასაცილებლად ტელეკომპანიის თანამშრომლები აუცილებლად მიიჩნევენ შესაბამისი ორგანოების მიერ კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, თავად კი, მზად არიან იბრძოლონ ”როგორც საქმით, ასევე საპროტესტო აქციების ფორმით.” ”მაესტროს” ჟურნალისტები საპროტესტო აქციის გამართვას ხვალ, 16:00 საათზე გეგმავენ.
XS
SM
MD
LG