Accessibility links

logo-print
დღეს ცხინვალის ცენტრში ოპოზიციის მომხრეები გამოვიდნენ. რუსული სააგენტოების ცნობით, დაახლოებით 100 კაცი დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. მომიტინგეები მოითხოვენ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულდეს და რუსულ მხარეს აღებული ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებენ. როგორც ცნობილია, შეთანხმების შესრულების გარანტად რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი სერგეი ვინოკუროვი გამოვიდა.

ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში მოვლენების შემდგომ განვითარებაზე პასუხისმგებლობას ექს-პრეზიდენტ ედუარდ კოკოითისა და კრემლს აკისრებს. გუშინ დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა თანამდებობებზე დატოვა გენერალური პროკურორი თეიმურაზ ხუგაევი და უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე აცამაზ ბიჩენოვი, რითაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კრემლის წარმომადგენლის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება დაირღვა. გარდა ამისა, ბიჩენოვმა განმეორებით არჩევნებში ჯიოევას მონაწილეობაც ეჭვის ქვეშ დააყენა. ალა ჯიოევა თავს მოტყუებულად თვლის და რეაგირებისთვის რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელებს მიმართავს. მიმართვაში ნათქვამია, რომ არსებობს სისხლისღვრის და სამოქალაქო ომის დაწყების რეალური საფრთხე და ამაში პასუხისმგებლობა ყოფილ პრეზიდენტს ედუარდ კოკოითის დაეკისრება. ალა ჯიოევამ პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ თავის მიერ შექმნილი სახელმწიფო საბჭო შეკრიბა. ოპოზიციის მიერ დასახული სამოქმედო გეგმის დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ ალა ჯიოევამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი მომხრეებს თავშეკავებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებს, მაგრამ, კრემლის რეაქციის დაგვიანების შემთხვევაში, მათ ქმედებებზე პასუხისმგებლობას ვეღარ აიღებს.
ძალიან სუსტად იყო შედგენილი ხელშეკრულების დოკუმენტი. აშკარად ჩანდა, რომ არ ჰყავთ ძლიერი იურისტები და, საერთოდ, პირველკურსელი იურისტებიც კი არ ჰყავთ ...

„საკუთარ მომხრეებს სიმშვიდისკენ მოვუწოდებ, რადგან ექს-პრეზიდენტისა და მისი მხარდამჭერების პროვოკაციული მოქმედებები ხელს უწყობს ვითარების დაძაბვას, მაგრამ ვერ ვიძლევი იმის გარანტიას, რომ ჩემი მომხრეები მდუმარედ შეურიგდებიან მათი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების ტალახში ამოსვრას. მე ყოველთვის ვიყავი და ვიქნები ჩემს ხალხთან. ამასთან, მოვლენების ნეგატიურად განვითარების პასუხისმგებლობას დავაკისრებ რუსეთის პასუხისმგებელ ჩინოვნიკებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კოკოითი დიდი ხნის წინ დაეცემოდა, რომ არა ასეთი მასირებული პატრონაჟი, რომელსაც ჩვენც კი ვგრძნობთ“, – აცხადებს ალა ჯიოევა.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ალა ჯიოევამ მისთვის წინასწარვე წამგებიან შეთანხმებას მოაწერა ხელი და ახლა მდგომარეობის გამოსწორებას სხვისთვის გადაბრალებით ცდილობს. ზაქარეიშვილის აზრით, რუსეთი არ დაუშვებს ვითარების ესკალაციას და გამოსავალს აუცილებლად იპოვის.

„ძალიან სუსტად იყო შედგენილი ხელშეკრულების დოკუმენტი. აშკარად ჩანდა, რომ არ ჰყავთ ძლიერი იურისტები და, საერთოდ, პირველკურსელი იურისტებიც კი არ ჰყავთ, იმიტომ რომ მოლაპარაკების ორივე სუბიექტი ავალებდა პარლამენტს, რომ მიეღო გადაწყვეტილება გაეთავისუფლებინა გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ეს იყო აბსურდული. არსად, არც აღიარებულ და არც არაღიარებულ სახელმწიფოებში, სადაც არის პარლამენტები, არავინ არაფერს არ ავალდებულებს. ამის შემდეგ, როცა ჯიოევამ მცდარ დოკუმენტს ხელი მოაწერა, ახლა უნდა ამ მცდარი დოკუმენტის კიდევ უფრო მეტად დაცვა, იმის მაგივრად, რომ აღიაროს შეცდომა და თქვას, რომ არასწორად იყო შედგენილი დოკუმენტი და თვითონაც მოტყუვდა. რუსეთში არაა საჭირო ჩივილი. ჯიოევას მხრიდან პარლამენტის დადგენილების უგულებელყოფა და იგნორირება მეტყველებს, რომ ის არ არის დემოკრატი ადამიანი და როცა ხელისუფლებაში მოვა, მისთვის არც პარლამენტს და არც სხვა ინსტიტუტებს არ ექნება მნიშვნელობა. რუსეთი შეეცდება, რომ ვითარება არ გადაიზარდოს შეუქცევად პროცესებში, ვინაიდან რუსეთის მხარდაჭერით ხდებოდა, რომ ხუგაევი გათავისუფლებულიყო დაკავებული თანამდებობიდან. ალბათ, რაღაც ფორმას იპოვიან, რომ ეს მოახდინონ. როგორც კოკოითიმ დაწერა განცხადება წასვლაზე, ჯობია ხუგაევმაც ეს გააკეთოს. ამით გადაარჩენენ როგორც პარლამენტის ღირსებას, ისე მომლაპარაკებელთა ღირსებას“,– ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

დე ფაქტო რესპუბლიკაში საპროტესტო აქციების და მიტინგების ახალი ტალღა იწყება. ოპოზიციის ლიდერების აზრით, რუსეთის ხელისუფლების მიერ რეაგირების დაგვიანების შემთხვევაში პროცესები უმართავი გახდება, რასაც სისხლისღვრა მოჰყვება.
XS
SM
MD
LG