Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში დამნაშავედ სცნეს ყოფილი პრეზიდენტი


საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ჟაკ შირაკი
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ჟაკ შირაკი
საფრანგეთში სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო: კორუფციაში ბრალდების საფუძველზე დამნაშავედ სცნო სახელმწიფოს ყოფილი მეთაური, რაც საფრანგეთში არ მომხდარა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ჟაკ შირაკი, საფრანგეთის პრეზიდენტი 1995- 2007 წლებში, ხუთშაბათს დამნაშავედ სცნეს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში, ნდობის ბოროტად გამოყენებასა და ინტერესთა კონფლიქტში. მას ორი წლით პირობითი პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებები უკავშირდება პერიოდს, როცა შირაკი პარიზის მერი იყო 1977-1995 წლებში. სისხლის სამართლის სასამართლომ პარიზში დადასტურებულად მიიჩნია, რომ ქალაქ პარიზისა და მის მახლობლად მდებარე ნანტერის ბიუჯეტების ხარჯზე გაფორმებული იყვნენ ფიქტიური თანამშრომლები - შირაკის პარტიის „ გაერთიანება რესპუბლიკისათვის“ წარმომადგენლები. შირაკის დანაშაული, სასამართლოს განმარტებით, მომდინარეობს „პარტიის უკანონო დაფინანსების ხანგრძლივი და განმეორებითი პრაქტიკიდან“. რაც შეეხება სასჯელს, ორწლიან პირობით პატიმრობას, მასზე გადაწყვეტილების მიღებისას, გაითვალისწინეს ბრალდებულის ასაკი (შირაკი 79 წლისაა) და გაითვალისწინეს მისი, როგორც სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის, სტატუსიც.

შირაკი ყველა ბრალდებას უარყოფს. ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ დასწრებია განაჩენის გამოცხადებას. ექიმების განმარტებით, ყოფილ პრეზიდენტს აქვს „ჩავარდნები მეხსიერებაში“.

როგორც ჟურნალისტებს უთხრა შირაკის ადვოკატმა, ჟორჟ კიჟმენმა, მან ახლა უნდა გაარკვიოს, სურს თუ არა მის კლიენტს განაჩენის გასაჩივრება. „თუ გავითვალისწინებთ, რომ ცოტა კონტრაქტი ცნეს უკანონოდ, ალბათ, არ იყო აუცილებელი სასამართლო პროცესი ამდენი წლის შემდეგ. იმედი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება არანაირად არ შეცვლის ძლიერ სიმპათიას, რომელსაც ფრანგი ხალხი მართებულად ინარჩუნებს ჟაკ შირაკის მიმართ“, - ამ იმედს გამოთქვამს ჟაკ შირაკის ადვოკატი.

საფრანგეთში კორუფციასთან მებრძოლი ორგანიზაცია „ანტიკორი“, რომელიც სათავეში ედგა კამპანიას შირაკის გასამართლების მოთხოვნით, კმაყოფილია მისთვის გამოტანილი განაჩენით. მას მიიჩნევს „განვითარებული, გამჭვირვალე დემოკრატიის“ ნიშნად.

კორუფციის ბრალდებები შირაკის ჯერ კიდევ პრეზიდენტობისას გაისმა, მაგრამ მაშინ ის სამართლებრივი დევნისაგან იმუნიტეტით იყო დაცული. სასამართლომდე საქმე არ მისულა არც უშუალოდ შირაკის გადადგომის შემდეგ, 2007 წელს. თუმცა, ბოლოს პროცესი მაინც დაიწყო - წელს, სექტემბერში. შირაკი გაასამართლეს ცხრა ეჭვმიტანილთან ერთად. ორს ბრალდებები მოუხსნეს, შვიდი კი დამნაშავედ სცნეს. ამავე ბრალდებების საფუძველზე, 2004 წელს გაასამართლეს საფრანგეთის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ალენ ჟუპე, რომელსაც 14-თვიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა.

თუ შირაკი ახლა უარს იტყვის მისთვის შეფარდებული სასჯელის გასაჩივრებაზე, დასრულდება მართლაც ისტორიული სამართლებრივი დრამა. შირაკი არის საფრანგეთის პირველი ყოფილი ლიდერი, რომელიც გაასამართლეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ - მას შემდეგ, რაც 1945 წელს, გერმანიის ნაცისტურ რეჟიმთან თანამშრომლობაში დამნაშავედ სცნეს მარშალი ფილიპ პეტენი, ომისდროინდელი „ვიშის“ რეჟიმის ლიდერი საფრანგეთში.
XS
SM
MD
LG