Accessibility links

logo-print

რუსეთთან სამიტზე ევროკავშირი არჩევნების პრობლემებზე საუბრობს


მარცხნიდან: ევროკავშირის პრეზიდენტი, ჰერმან ვან რუმპე, რუსეთის ფედერაციის პრეზიენტი დმიტრი მედვედევი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ

მარცხნიდან: ევროკავშირის პრეზიდენტი, ჰერმან ვან რუმპე, რუსეთის ფედერაციის პრეზიენტი დმიტრი მედვედევი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ

რუსეთთან გამართული სამიტი ევროკავშირმა იმ შეშფოთების გამოხატვისთვის გამოიყენა, რომელსაც იწვევს ცნობები რუსეთში ამ თვეში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მასშტაბური გაყალბების შესახებ.

სამიტის ოფიციალურ პროგრამაში არ იყო შეტანილი ისეთი თემები, როგორიცაა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს 4 დეკემბრის არჩევნები და ქვეყანაში მას შემდეგ განვითარებული პროცესები. შეხვედრაზე უნდა განეხილათ ეკონომიკისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხები.

თუმცა ბრიუსელმა ჯერ კიდევ სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ არჩევნებთან დაკავშირებულ შეშფოთებაზე ისაუბრებდა დმიტრი მედვედევთან, რომლისთვისაც ეს უკანასკნელი რუსეთ-ევროკავშირის სამიტი იყო პრეზიდენტის რანგში.

დადასტურდა, რომ ამ არჩევნების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რიგი ოპოზიციური პარტიების პროცესიდან წინასწარი გათიშვა იყო ...
სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რუმპემ განაცხადა, ევროკავშირის შეშფოთებას იწვევს დამკვირვებლების ცნობები საარჩევნო დარღვევების შესახებ, ისევე როგორც დემონსტრანტების დაპატიმრების შემთხვევებიო.

რუსეთში არჩევნების შემდგომ დღეებში გამართულ საპროტესტო აქციებს ათიათასობით მოქალაქე შეუერთდა. ისინი ხელახალი კენჭისყრის გამართვას ითხოვდნენ იმ ფართოდ გავრცელებული ცნობების ფონზე, რომ არჩევნები მმართველი პარტიის, „ედინაია როსიას“ სასარგებლოდ გაყალბდა.

მედვედევმა პირობა დადო, რომ ეს ცნობები გამოძიებული იქნება.
ჰერმან ვან რუმპემ დიდწილად გაიმეორა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კეთრინ ეშტონის განცხადება, რომლითაც მან 13 დეკემბერს ევროპის პარლამენტს მიმართა: „დადასტურდა, რომ ამ არჩევნების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რიგი ოპოზიციური პარტიების პროცესიდან წინასწარი გათიშვა იყო. ამასთან, ვიხილეთ ცნობები პროცედურულ დარღვევებზეც, როგორიც არის მედიის მიუკერძოებლობის ნაკლებობა და პოლიტიკური პარტიისა და სახელმწიფოს არასაკმარისად მკაფიო გამიჯვნა.“

ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე მედვედევმა განაცხადა, რუსეთი „მზად არის ინვესტიცია გაიღოს“ ევროს მოქმედების ზონის გადასარჩენადო. ამ პროცესს საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხელმძღვანელობს. პრეზიდენტს კონკრეტული შენატანის შესახებ არაფერი უთქვამს, თუმცა სამიტის კულუარებში კრემლის ეკონომიკურმა თანაშემწემ არკადი დვორკოვიჩმა კიდევ ერთხელ გაიმეორა რუსეთის პირობა, რომ ის მზად არის, სულ მცირე, 10 მილიარდი დოლარი გაიღოს ევროზონისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუამავლობით.

ევროკავშირი რუსეთისთვის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრამდე მათ შორის ვაჭრობამ 286 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან, 27 წევრისგან შემდგარი ბლოკი რუსეთის გაზის ყველაზე მსხვილი მომხმარებელიც არის.
XS
SM
MD
LG