Accessibility links

ობამა რუსეთთან მიმართებით ჯეკსონ-ვენიკის შესწორების გაუქმებას ცდილობს


15 დეკემბერს აშშ-ების ხელისუფლებამ კონგრესს მიმართა საკანონმდებლო ინიციატივით, გაუქმდეს ცივი ომის დროინდელი შეზღუდვა, რომელიც ჯეკსონ-ვენიკის საკანონმდებლო ცვლილებით არის ცნობილი და ზღუდავს ვაჭრობის თავისუფლებას რუსეთთან ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. ინიციატივა ჩაფიქრებულია ამერიკული კომპანიებისათვის რუსეთთან ხელსაყრელი სავაჭრო ურთიერთობის შემდგომი განვითარებისათვის. აქედან გამომდინარე, ვაშინგტონი სიფრთხილით ეკიდება რუსი ანტიკორუფციული ადვოკატის, სერგეი მაგნიცკის მკვლელობის გამო კონგრესში მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც სავიზო შეზღუდვების დაწესებას მოითხოვს მთელი რიგი რუსი მოხელეების წინააღმდეგ.

ჯეკსონ-ვენიკის შესწორება, რომელიც 40 წელია გამოიყენება და რომელმაც მიაღწია დასახულ მნიშვნელოვან მიზანს ...
სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში 15 დეკემბერს გამართულ მოსმენაზე, რომელიც „რუსეთში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობას“ ეძღვნებოდა, რუსეთში დღეისათვის არსებული რთული მდგომარეობის კომპლექსური სურათი იქნა წარმოდგენილი. ამერიკელი კანონმდებლები ცდილობენ მოიპოვონ თეთრი სახლის მხარდაჭერა კანონპროექტზე, რომელიც ადვოკატ სერგეი მაგნიცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ოფიციალური პირების, რუსეთის სასამართლო და სასჯელაღსრულებითი დაწესებულების წარმომადგენლების მიმართ სავიზო აკრძალვას შეეხება. თუმცა სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი ცდილობდა გამიჯვნოდა სერგეი მაგნიცკის საქმეს და სენატორებისათვის შეეხსენებინა ის ეკონომიკური სარგებელი, რასაც აშშ-ს მოუტანს რუსეთისათვის ჯეკსონ-ვენიკის საკანონმდებლო აქტით განსაზღვრული სავაჭრო შეზღუდვების გაუქმება:

„ჯეკსონ-ვენიკის შესწორება, რომელიც 40 წელია გამოიყენება და რომელმაც მიაღწია დასახულ მნიშვნელოვან მიზანს, აბრკოლებს იმ სარგებლის მიღებას, რაც რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში წევრობისგან გველოდება და, მინდა ხაზი გავუსვა, რასაც აუცილებლად მივიღებთ კიდეც. ეს არ არის რუსეთისათვის გაკეთებული საჩუქარი. ეს აშშ-ის ექსპორტიორების, ბიზნესმენებისა და, ზოგადად, აშშ-ის ინტერესებში შედის.“

ცვლილება რუსეთში გატარდება რუსი ხალხის მიერ და კვლავაც ვეცდებით მხარი დავუჭიროთ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც რეფორმების განხორციელებას ცდილობენ...
აშშ-ების სავაჭრო კანონში კონგრესმენების ჰენრი ჯეკსონისა და ჩარლზ ვენიკის შესწორება ძალაში 1974 წელს შევიდა. შესწორება ზღუდავდა ვაჭრობას საბჭოთა კავშირსა და ყველა იმ ტოტალიტარულ სახელმწიფოსთან, რომლებიც აბრკოლებდნენ თავიანთი მოქალაქეების ემიგრაციას. გათვალისწინებული იყო კაბალური ტარიფები არასაბაზრო ეკონომიკის ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ჯეკსონ-ვენიკის შესწორება ხელს უშლის ობამას ადმინისტრაციას მოაწესრიგოს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, რომელიც მალე გახდება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი. ორგანიზაციის წევრები ამ კვირის ბოლოს ჟენევაში შეიკრიბებიან და 18 წლიანი მოლაპარაკების შემდეგ, როგორც მოელიან, დაასრულებენ რუსეთის გაწევრიანების პროცესს. თეთრი სახლის ინიციატივაზე, გაუქმდეს ჯეკსონ-ვენიკის შესწორება, კონგრესში შემუშავდა პროექტი სერგეი მაგნიცკის საქმეზე, რომელსაც 100-დან 25 სენატორი უჭერს მხარს. „სერგეი მაგნიცკი - კანონის უზენაესობა და პასუხისმგებლობის აქტი“ - ასე ეწოდება ამ საკანონმდებლო აქტს, რომელმაც მოსკოვის განრისხება გამოიწვია. ხუთშაბათის მოსმენაზე აშშ-ების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში ტომას მელიამ განაცხადა, რომ ადმინისტრაცია აფასებს სენატორების სიმტკიცეს მაგნიცკის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ხაზი გაუსვა იმ მეთოდებსაც, რომლებიც რუსეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით გამოიყენება.

ვაშინგტონი, რომელიც სხვა მეთოდებს იყენებს რუსეთში ამ მიზნის მისაღწევად, სიფრთხილით ეკიდება რუსი ანტიკორუფციული ადვოკატის, სერგეი მაგნიცკის მკვლელობის გამო კონგრესში მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც სავიზო შეზღუდვების დაწესებას მოითხოვს მთელი რიგი რუსი მოხელეების წინააღმდეგ:

„ცვლილება რუსეთში გატარდება რუსი ხალხის მიერ და კვლავაც ვეცდებით მხარი დავუჭიროთ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც რეფორმების განხორციელებას ცდილობენ. 2009 წლის შემდეგ აშშ-ის მთავრობამ 160 მილიონი დოლარი გამოუყო რუსეთში მოქმედ იმ ჯგუფებს, რომლებიც დემოკრატიის და კანონის უზენაესობის განვითარებაზე მუშაობენ. ოქტომბერში ობამას ადმინისტრაციამ კონგრესს დასამტკიცებლად გაუგზავნა პროექტი ახალი 50 მილიონდოლარიანი ფონდის შესაქმნელად, რაც რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებას დაეხმარება.“

ივლისში ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ შემოიღებს აკრძალვას იმ რუსი მოხელეების მიმართ, როლებსაც ადვოკატ მაგნიცკის დაპატიმრებასა და სიკვდილთან აქვთ კავშირი. თუმცა დემოკრატმა სენატორმა მერილენდის შტატიდან, ბენჟამინ კარდინმა, რომელიც „მაგნიცკის აქტის“ ინიციატორია, ხუთშაბათის მოსმენაზე განაცხადა, რომ საჭიროა აკრძალვა განმტკიცებული იყოს კანონით:

„ერთი ადმინისტრაციის საქმიანობა შეიძლება დაავიწყდეს მეორე ადმინსტრაციას. მაშ, როგორ უნდა მოვახერხოთ ჩვენ რუსეთში ადამიანის უფლებათა სტანდარტების ინსტიტუციონალიზაცია? თუ ამ გარემოებას გავითვალისწინებთ, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის ინტეგრაციის მიმართულებით ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები გვაძლევს შანსს ხელი შევუწყოთ ინსტიტუციურ ცვლილებებს ადამიანის უფლებების მხრივ. იმედით ველი ამ საკითხის განხილვას და ისეთი საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება.“

„მაგნიცკის აქტი“ ჯერ კიდევ ელოდება განხილვას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. კომიტეტის თავმჯდომარეს, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელს მასაჩუსეტსიდან, ჯონ კერის, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს თეთრ სახლთან, კენჭისყრა ამ საკითხზე ჯერ არ შეუტანია დღის წესრიგში.
XS
SM
MD
LG