Accessibility links

logo-print

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ოფიციალურად დაასრულა აშშ-ის ომი ერაყში


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლეონ პანეტა დღეს დაესწრო ერაყში, ბაღდადში, აშშ-ის დროშის დაშვების ცერემონიას, რითაც სიმბოლურად დასრულდა ცხრა წლიანი ომი ერაყში. პანეტამ განაცხადა, რომ აშშ-მა დიდებული სამსახური გასწია ამ ქვეყანაში, რასაც მოჰყვა „სუვერენული და დამოუკიდებელი“ ერაყი, რომელიც შეძლებს „მართოს და დაიცვას თავი“. აშშ-ის სამხედრო შტაბის დახურვის დღევანდელი ცერემონია მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ გუშინ, ერაყიდან დაბრუნებული ამერიკელი ჯარისკაცების შინ მისალმებას. ამერიკელი სამხედროების უმრავლესობამ დატოვა ერაყი, ქვეყნის უსაფრთხოებაზე კონტროლი ეროვნულ ხელისუფლებას გადაეცა. 2003 წლის მარტში ერაყში ამერიკული ჯარის შესვლის შემდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის 1,5 მილიონზე მეტმა სამხედრომ. მათგან 4500 დაიღუპა, 30 ათასზე მეტი დაიჭრა. ერაყში ომი აშშ-ს ტრილიონი დოლარი დაუჯდა. ომის დროს ასი ათასი ერაყელი დაიღუპა. ერაყში ომის დასრულებით პრეზიდენტმა ობამამ შეასრულა პირობა, რაც მას 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმარა.
XS
SM
MD
LG