Accessibility links

logo-print

ლგბტ საკითხზე სახელმწიფო მდივნის მოხსენების ქართული გამოხმაურებები


ჰილარი კლინტონი ჟენევაში

ჰილარი კლინტონი ჟენევაში

6 დეკემბერს ჟენევაში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ნახევაარსაათიან გამოსვლას სექსუალური უმცირესობების საკითხზე ქართველმა უფლებადამცველებმა გარდამტეხი უწოდეს. ასეთი ღია ტექსტით ჰილარი კლინტონმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია პირველად გაახმიანა და მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებს ლგბტ თემის ადამიანების უფლებების დასაცავად ბრძოლისაკენ მოუწოდა.
ქვეყნებმა, რომლებმაც თავი გამოიჩინეს ჰომოფობიური კანონმდებლობით, უნდა გადახედონ თავიანთ პოლიტიკას...

”ახლა ერთი ნაბიჯით წინ უნდა წავიწიოთ და მსოფლიოს ყველა რეგიონში ვიმუშაოთ ლგბტ თემის ადამიანთა უფლებების მხარდაჭერის წასახალისებლად. იმ ქვეყნების ლიდერებს, სადაც ადამიანებს აპატიმრებენ, სცემენ, სჯიან მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი განსხვავებული ორიენტაციის არიან, მივმართავ გაითვალისწინონ: ლიდერობა გულისხმობს იცავდე თითოეული მოქალაქის ღირსებას და მისი დაცვისკენ მოუწოდებდე სხვებს; ეს ნიშნავს შექმნა ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ყველა მოქალაქეს თანაბრად დაიცავს” - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი ნახევარსაათიანი გამოსვლა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 6 დეკემბერს ჟენევაში. ამ გამოსვლას ლგბტ ადამიანთა უფლებების დამცველებმა გარდამტეხი უწოდეს. ჰილარი კლინტონმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ობამამ ხელი მოაწერა პირველ სამთავრობო სტრატეგიას ქვეყნის გარეთ ლგბტ ადამიანების უფლებათა დარღვევების წინააღმდეგ საბრძოლველად და რომ პრეზიდენტმა საზღვარგარეთ მყოფ ყველა სამთავრობო უწყებას უბრძანა გააძლიერონ საკუთარი საქმიანობა ლგბტ სტატუსისა და ქცევის კრიმინალიზაციის საწინააღმდეგოდ, გაზარდონ ძალისხმევა ლტოლვილი და თავშესაფრის მაძიებელი ლგბტ ადამიანების დასახმარებლად.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”იდენტობის” წარმომადგენელი ირაკლი ვაჭარაძე აღნიშნავს, რომ კლინტონის მიმართვა გამოკვეთილად იმ ქვეყნების ლიდერებისაკენ იყო მიმართული, სადაც დემოკრატია მოიკოჭლებს. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან სპეციალურად სახელმწიფო მდივნის მოსასმენად ათზე მეტი აქტივისტი მიიწვიეს კიდეც. რა იყო მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი სახელმწიფო მდივნის სიტყვაში?

”ქვეყნებმა, რომლებმაც თავი გამოიჩინეს ჰომოფობიური კანონმდებლობით, უნდა გადახედონ თავიანთ პოლიტიკას, აშშ განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ლგბტ (ლესბი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) ადამიანების დაცვას და ამისათვის გამოიყენებს როგორც დიპლომატიურ ზეწოლას, ასევე გადახედავს თავის საგარეო დახმარების პროგრამას და სპეციალური ფონდის შექმნით შეეცდება დაეხმაროს ლგბტ უფლებების დამცველებს და კონკრეტულად იმ ადამიანებს, რომლებსაც დევნიან თავიანთ ქვეყნებში. აქამდე არავის გაუსვამს ხაზი, რომ განსაკუთრებულ მფარველობას მოიპოვებენ ის ლგბტ ადამიანები, რომლებიც არიან დევნილები. მე ვფიქრობ, რომ შეუძლებელია ამ გამოსვლამ არ მოახდინოს გავლენა საქართველოშიც. მე ვფიქრობ, რომ აშშ-ის საელჩო საქართველოში და სხვა წარმომადგენლობები მეტად შეეცდებიან ლგბტ საკითხების ჩართვას და არასამთავრობოებიც მეტ დაინტერესებას გამოხატავენ ამ თემის მიმართ, რადგან, სხვა თუ არაფერი, ჩემი აზრით, გაიზრდება დაფინანსება.”

ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველი პაატა საბელაშვილი იხსენებს, რომ არცთუ დიდი ხნის წინ მისი თანამოქალაქე ადამიანის უფლებების დამცველები ლგბტ ადამიანების უფლებებს საერთოდ არ აღიქვამდნენ ადამიანის უფლებებად. არც ეს ტენდენციაა დიდი ხნის - მსოფლიო ლიდერები ლაპარაკობდნენ ამაზე ხმამაღლა. სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ჰილარი კლინტონის ეს გამოსვლა, შენიშნავს პაატა საბელაშვილი, თან, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ობამას წინა, ბუშის ადმინისტრაციას ამ საკითხისადმი არცთუ ისე ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდა:
ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეების, პოლიციელების, პროკურორების განათლება ამ თემაზე, ანუ იმ ადამიანების, ვინც უნდა იდგეს ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე...

”მე დავამატებდი იმასაც, რომ ბან კი მუნმაც სექსუალური უმცირესობების უფლებებზე ისაუბრა როგორც ზოგადად ადამიანის უფლებების ნაწილზე და არა რაღაც კონკრეტული, პატარა ჯგუფების ვიწრო ინტერესებზე. გაეროს წევრი სახელმწიფოების თითქმის ნახევარი ერთსქესიანი, ზრდასრული, ურთიერთთანხმობაზე დამყარებული ურთიერთობების კრიმინალიზაციასაც კი ახდენს, რომ აღარფერი ვთქვათ რამდენიმე ქვეყანაზე, სადაც სასჯელის უმაღლესი ზომა - ძალიან არაცივილიზებული ფორმაა მიღებული. აქედან გამომდინარე, ჰილარი კლინტონის ეს გზავნილი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მან ძალიან სწორად შეადარა სხვა კონტექსტები, მაგალითად, ფერადკანიანთა ან ქალთა უფლებებთან პარალელები როდესაც გაავლო, და ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის უფლებები და ჩვენი კულტურული ღირებულებები ერთმანეთის გამომრიცხავი არ არის და რომ საზოგადოება ვითარდება და მისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებები ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს.”

პაატა საბელაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში სამუშაო რამდენიმე მიმართულებით უნდა გაიშალოს - საზოგადოების ინფორმირება, საჯარო მოხელეების განათლება და ანტიდისკრიმინაციული კანონმდელობის შექმნა:

”ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეების, პოლიციელების, პროკურორების განათლება ამ თემაზე, ანუ იმ ადამიანების, ვინც უნდა იდგეს ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე. ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, არ არის სრულფასოვანი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რომელიც ყველა ადამიანს თანაბრად დაიცავს მისი უფლების დარღვევის შემთხვევაში. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ სიძულვილის ენასთან დაკავშირებით: დღეს ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რა სტატისტიკა არსებობს ქვეყანაში ამ მოტივით ჩადენილი დანაშაულების თვალსაზრისით.”

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი გიორგი გოცირიძე მიიჩნევს, რომ, მაგალითად, სიძულვილის ენის წინააღმდეგ შესაძლებელია შეიქმნას გარკვეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები, რაც დღეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის. გოცირიძე ლაპარაკობს კიდევ რამდენიმე აუცილებელ საკანონმდებლო ინიციატივაზე:
ჰქონდეს ქორწინების უფლება, პარტნიორის ციხეში ან საავადმყოფოში მონახულების უფლება, შვილის ყოლის უფლება - ეს ხომ ყველაზე ძირითადი ადამიანური უფლებებია...

”ცვლილებები საჭიროა, მაგალითად, ტრანსგენდერი ადამიანების აღიარების თვალსაზრისით. ისინი ოპერაციული ჩარევის შემდგომ სქესის შეცვლის შემთხევვაში ვერ ახერხებენ სახელის და გვარის შეცვლას, რთულია სამსახურის შოვნა. ეს პრობლემა შესაძლოა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით მოგვარდეს. და არის კიდევ ერთი საკითხი - სისხლის დონორობა. სექსუალური უმცირესობები მიჩნეულნი არიან ინფექციური დაავადებების რისკის მატარებელ პირებად და მათ აკრძალული აქვთ სისხლის ჩაბარება, რაც მათი უფლებების უხეში დარღვევაა.”

ირაკლი ვაჭარაძე გამოყოფს კიდევ რამდენიმე უფლებას, რომელიც საქართველოში მცხოვრები ლგბტ აქტივისტებისათვის ასევე დარღვეულია. ხოლო რა მექანიზმმა უნდა დაიცვას ეს უფლება, ეს, მისი აზრით, საჯარო დისკუსიამ უნდა გამოავლინოს, რაც, მისი თქმით, საქართველოში ამ თემის პროპაგანდად მიიჩნევა:

”ჰქონდეს ქორწინების უფლება, პარტნიორის ციხეში ან საავადმყოფოში მონახულების უფლება, შვილის ყოლის უფლება - ეს ხომ ყველაზე ძირითადი ადამიანური უფლებებია. როგორ უნდა მოხდეს ეს, კანონმა დაარეგულიროს თუ რა გზით გადაწყდეს ეს საკითხი, ალბათ საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ ამისათვის ჯერ დიალოგია საჭირო, კამათი. ამ ეტაპზე კი ეს უფლებაც ჩამორთმეულია, რადგან მსგავსი შინაარსის დისკუსიები საქართველოში პროპაგანდის ტოლფასია და ამით რუსეთს ვემსგავსებით, სადაც, სხვათა შორის, წინა თვეში ლგბტ ადამიანების უფლებებზე საჯაროდ ლაპარაკი გამოცხადდა პროპაგანდად და კანონით აიკრძალა. არ შეიძლება სოციალურ პრობლემაზე დისკუსია განისაზღვროს როგორც პროპაგანდა. ეს არის ტოტალიტარული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი მიდგომა.”

მაგრამ მთავარი პრობლემა საქართველოში მცხოვრები ლგბტ თემის ადამიანებისათვის მაინც ისაა, რომ მათ არა აქვთ უფლება ჩანდნენ, ამბობს ირაკლი ვაჭარაძე:

”ამაზე დიდი სასჯელი რა უნდა არსებობდეს, როცა არსებობ, მაგრამ არ უნდა ჩანდე? მხოლოდ იმის უფლება გაქვს, რომ შენს თავთან თქვა, რომ ასეთი ხარ. თუ შენ გინდა, რომ ბედნიერი იყო, გიყვარდეს, ისე ცხოვრობდე, როგორც სხვა ადამიანები არც კი ფიქრდებიან, იმდენად ბუნებრივად ეჩვენებათ ასე ცხოვრება, მაშინ მივხვდებით, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანური უფლება აქვს ამ ჯგუფს წართმეული. სკოლაში - ჩაგვრა, ცემა, გაუპატიურება, საკუთარ თავზე მიმართული აგრესია - ეს არის ბედი ყველა ლგბტ ადამიანის,რომელიც გააცნობიერებს, რომ ასეთია და მერე მთელი ცხოვრება უნდა იტანჯებოდეს და როგორ შეიძლება ეს იყოს პრივილეგია ან პროპაგანდა?”

ლგბტ უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ამ საკითხს მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს სახალხო დამცველის ანგარიშებშიც, რომელშიც სექსუალური უმცირესობების თემა იშვიათად გვხვდება. პირიქითაა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ყოველწლიურ ანგარიშში ადამიანის უფლებების შესახებ - მასში ბოლო რამდენიმე წელია ლგბტ ადამიანების საკითხებს ცალკე თავი ეთმობა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG