Accessibility links

საარჩევნო სისტემა ვენეციის კომისიის დასკვნის მოლოდინში


16-17 დეკემბერს ვენეცია მასპინძლობს ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის 89-ე პლენარულ სესიას, რომლის ფარგლებშიც მსჯელობენ საქართველოს ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტის გარშემო. სესიის ფარგლებში გაირკვევა, თუ რამდენად დამაკმაყოფილებლად გაითვალისწინა საქართველოს ხელისუფლებამ ვენეციის კომისიის პირველად დასკვნაში ასახული შენიშვნები. თუმცა ხელისუფლების ოპონენტები და არასამთავრობო სექტორი მიიჩნევენ, რომ პრინციპული საკითხები კვლავაც იგნორირებულია.
ჩვენ გვჯერა, რომ რაც უფრო თავისუფლად და ღიად ჩატარდება არჩევნები, მით უფრო მტკიცე იქნება საქართველოს დემოკრატიის საფუძვლები ...

სავალდებულოა თუ არა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება იმ საარჩევნო გარემოს ჩამოსაყალიბებლად, რომელმაც თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები უნდა უზრუნველყოს? - ამ შეკითხვაზე ექსპერტების ძირითადი პასუხი ასეთია: სავალდებულო არ არის, მაგრამ საჭირო და სასარგებლოა.

სწორედ ამ პრინციპებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ერიკ რუბინიც ურჩევს:

”მიგვაჩნია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები წარმოადგენს ღირებულ რჩევებს და ჩვენ გვჯერა, რომ მათი რაც შეიძლება მეტად გამოყენება საქართველოს საკანონმდებლო პრაქტიკაში სასარგებლო იქნება. ჩვენ გვჯერა, რომ რაც უფრო თავისუფლად და ღიად ჩატარდება არჩევნები, მით უფრო მტკიცე იქნება საქართველოს დემოკრატიის საფუძვლები და ეს უფრო პრინციპული საკითხია, ვიდრე რომელიმე კონკრეტული პირის ან კანდიდატურის მხარდაჭერა.”

ერიკ რუბინმა ეს განცხადება 16 დეკემბერს თბილისში, ოპოზიციურ სპექტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ამ შეხვედრის მონაწილეს, რესპუბლიკური პარტიის ლიდერს დავით უსუფაშვილს დარჩა შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელი საარჩევნო სისტემის საკითხით დაინტერესდა:

”ჩვენ ვუთხარით, რომ ხელისუფლების გეგმა ერთ პარტიაზეა მორგებული. ხელისუფლება ცდილობს ისეთი საარჩევნო სისტემა მიიღოს, რომელიც გარდაუვალს ხდის ძალიან სერიოზულ შეტაკებას პოლიტიკურ ძალებს შორის. სისტემა, რომლის დამკვიდრებასაც ცდილობს ხელისუფლება, განაპირობებს ან მის სრულ მარცხს, ან სრულ გამარჯვებას. ჩვენ გვინდა მრავალპარტიული დემოკრატია და ამიტომ პროპორციული წარმომადგენლობის წილის ზრდა საარჩევნო სისტემაში წარმოადგენს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების დალაგების წინაპირობას.”
შესაბამისად, საჭიროა მაჟორიტარულ ოლქებში ამომრჩეველთა დაახლოებითი თანაბრობა, რომ არ იყოს ისე, რომ, მაგალითად, 5-ათასიანი ყაზბეგიც ერთ კანდიდატს ირჩევს და 160-ათასიანი ქუთაისიც ერთ კანდიდატს ირჩევს...

საარჩევნო სისტემა კვლავაც რჩება მთავარ საკამათო თემად, რომელთან მიმართებითაც ხელისუფლებამ არათუ მხოლოდ ოპონენტების, არამედ არც ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის შენიშვნები გაითვალისწინა, მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის მიერ 1 დეკემბერს გამოქვეყნებულ პირველად დასკვნაში ამ საკითხს მეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა.

ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების იგნორირება კვლავაც უკმაყოფილოს ტოვებს პარტია ”ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელს, მამუკა კაციტაძეს, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო სისტემის გარშემო ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებებში. ის ამბობს, რომ უყურადღებოდ დარჩა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საკითხი, რადგანაც კვლავაც არ არის უზრუნველყოფილი საარჩევნო ოლქების თანაბრობა, დასაშვები 10-15%-იანი ცდომილების ფარგლებში. ასევე, საარჩევნო კოდექსის პროექტში დარღვეულია სამართლიანობის პრინციპი, რომლის მიხედვითაც ამა თუ იმ პარტიას სადეპუტატო მანდატები მიღებული ხმების პროცენტული წილის მიხედვით უნდა ერგოს. ეს კი შეუძლებელია იმ შემთხვევაში, როცა მანდატები თანაბრად ნაწილდება მაჟორიტარული და პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატებზე:

”მნიშვნელოვანია სისტემის გამართულობა და ამ თვალსაზრისით საჭიროა მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატების საერთო რაოდენობის ნაკლებობა და პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატთა რაოდენობის მეტობა. შესაბამისად, საჭიროა მაჟორიტარულ ოლქებში ამომრჩეველთა დაახლოებითი თანაბრობა, რომ არ იყოს ისე, რომ, მაგალითად, 5-ათასიანი ყაზბეგიც ერთ კანდიდატს ირჩევს და 160-ათასიანი ქუთაისიც ერთ კანდიდატს ირჩევს. ამას გვეუბნება ვენეციის კომისიაც, არ შეიძლება ასეთი არათანაბარი ოლქების არსებობაო. მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ეს არ გაითვალისწინა და პრობლემა კვლავაც დატოვა კანონპროექტში.”

აქვე ვთქვათ, რომ 1 დეკემბრის პირველად დასკვნაში ასახული რეკომენდაციების ნაწილისადმი მხარდაჭერა ხელისუფლებამ საკმაოდ სწრაფად გამოხატა და ცვლილებები უკვე 8 დეკემბერს გადაუგზავნა ვენეციის კომისიას. ამ ცვლილებების მიხედვით, მაგალითად, უპარტიო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წამოყენების შესაძლებლობა ექნება 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს, ხოლო პატიმართა იმ ნაწილს, რომელსაც თავისუფლების აღკვეთა 5-წლამდე ვადით აქვს შეფარდებული, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცემა. იმის გარდა, რომ ზოგიერთ ცვლილებას, შედეგების თვალსაზრისით, გარკვეულწილად საკამათოდ მიიჩნევენ, ოპოზიციური პარტიებისა და მე-3 სექტორის წარმომადგენლები ხშირ შემთხვევაში ”ზღვაში წვეთად” თვლიან ხელისუფლების მიერ ვენეციის კომისიის ნუსხიდან გაზიარებულ შენიშვნებს.

”როდესაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ხელისუფლების მიერ გათვალისწინებაზე ვლაპარაკობთ, ყურადღება არა რაოდენობაზე, არამედ ამა თუ იმ საკითხის პრინციპულ მნიშვნელობაზე უნდა გავამახვილოთ”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამების დირექტორი ნინა ხატისკაცი და გამოყოფს 2 ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რომლებთან დაკავშირებითაც ხელისუფლებამ უყურადღებოდ დატოვა ვენეციის კომისიის პირველადი შენიშვნები. აქედან პირველი კვლავ საარჩევნო სისტემას უკავშირდება, ხოლო მეორე - ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას.

არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლები დიდი ინტერესით ელიან ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას, რომელიც 89-ე სესიის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება. 17 დეკემრიდან არის მოსალოდნელი ასევე ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, ხსენებული კანონპროექტი საარჩევნო კამპანიაში ჩართული პოლიტიკური პარტიების დაფინანსების თვალსაზრისით არაერთ ახალ შეზღუდვას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG