Accessibility links

logo-print

„მაესტრო“ მესაკუთრესა და მმართველს შორის


„მაესტროს“ თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია ნუცუბიძის პირველ მიკრორაიონში მდებარე პოლიციის შენობასთან გამართეს.

„მაესტროს“ თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია ნუცუბიძის პირველ მიკრორაიონში მდებარე პოლიციის შენობასთან გამართეს.

ორ კვირაზე მეტია, ტელეკომპანია „მაესტრო“ საგანგებო რეჟიმში - რადიოსტუდიიდან მაუწყებლობს. მესაკუთრეებისა და ჟურნალისტებისგან დამოუკიდებლად, „მაესტროს“ სიგნალს სატელიტით ავრცელებს ტელევიზიის მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი ეროსი კიწმარიშვილიც, რომელიც ტელევიზიის მფლობელებს სასამართლოში უჩივის და 7 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდას მოითხოვს, თუმცა ამ დავაში კიწმარიშვილის წინააღმდეგ გამოდიან ტელკომპანიის თანამშრომლები, რომლებმაც დღეს გამართულ აქციაზე პოლიციას მოუწოდეს მიიღოს ზომები, რათა ტელევიზიის თანამშრომლებს საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალება მიეცეთ.
ეროსი კიწმარიშვილი შეჭრილია ჩვენს ოფისში და პოლიცია უმოქმედოდაა, კანონდარღვევით არ აკეთებს არაფერს ...

„მაესტროს“ თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია ნუცუბიძის პირველ მიკრორაიონში მდებარე პოლიციის შენობასთან გამართეს. ჟურნალისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობას შეახსენეს 7 დეკემბერს გავრცელებული განცხადება, რომლითაც პოლიციამ "რუსთავის მედიის მართვის კომპანიის“ დამფუძნებელ ეროსი კიწმარიშვილს "მაესტროს" ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა. აქციის მსვლელობისას „მაესტროს“ ერთ-ერთმა მფლობელმა, მამუკა ღლონტმა, უკმაყოფილება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოც გამოთქვა. საქმე ისაა, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა „მაესტროს“ მესაკუთრეების მოთხოვნა, საქმის განხილვის დასრულებამდე ყოველგვარი ქმედება აეკრძალა "რუსთავის მედიის მართვის კომპანიისთვის" "მაესტროს" სახელით. მამუკა ღლონტი მიიჩნევს, რომ კიწმარიშვილს ზურგს ხელისუფლება და პოლიცია უმაგრებს:

„ეროსი კიწმარიშვილი შეჭრილია ჩვენს ოფისში და პოლიცია უმოქმედოდაა, კანონდარღვევით არ აკეთებს არაფერს. პოლიცია არ იცავს მედიის უფლებებს. მოვუწოდებ პოლიციას აღასრულოს სამართალი და უზრუნველყოს მისი კანონიერი მფლობელის, „მაესტროს“ გენერალური დირექტორის შეყვანა შენობაში.“

„მაესტროს“ თანამშრომლებმა აქციამდე ერთი დღით ადრე საზოგადოების სახელზე სპეციალური მიმართვა გაავრცელეს. „მაესტროს“ ჟურნალისტები, წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, ვარაუდობენ, რომ, საზოგადოების აქტიურობის გარეშე ტელეკომპანიის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება:

მეც მაესტროელი ვარ და ვუერთდები ამ ადამიანების გულწრფელ პროტესტს და იმას, რასაც ისინი აკეთებენ, მაგრამ ნუ აბრიყვებენ ამ ჟურნალისტებს ...
„ჩვენთვის მთავარია, აღდგეს "მაესტროს" სრულფასოვანი მაუწყებლობა და დაკმაყოფილდეს საზოგადოებრივი ინტერესი, თუმცა მიმდინარე ტენდენცია გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა "მაესტროს" მაუწყებლობას გარკვეული პრობლემები შეექმნას. ასე რომ არ მოხდეს, სათანადო ორგანოებმა უნდა შეასრულონ კანონით ნაკისრი ვალდებულებები. საზოგადოებამ ერთხელ უკვე დაკარგა "იმედი". საზოგადოებამ არ უნდა დაკარგოს "მაესტრო". ამისთვის ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ როგორც ჩვენი საქმით, ასევე საპროტესტო აქციების ფორმით.“

„მაესტროს“ თანამშრომლებმა საზოგადოებას გაუგზავნეს ვიდეომიმართვაც, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა. უცნაურია, მაგრამ ამ მიმართვის სულისკვეთებას „მაესტროს“ მესაკუთრეებისა და ჟურნალისტების მთავარი ოპონენტი ეროსი კიწმარიშვილიც იზიარებს. აი, რა განაცხადა მან 16 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე:

„მეც მაესტროელი ვარ და ვუერთდები ამ ადამიანების გულწრფელ პროტესტს და იმას, რასაც ისინი აკეთებენ, მაგრამ ნუ აბრიყვებენ ამ ჟურნალისტებს. დავა არის ორ სამართლებრივ სუბიექტს შორის და არანაირი ხელშეშლა არც ერთ ეტაპზე ჩემი მხრიდან არ განხორციელებულა.“

ეროსი კიწმარიშვილი

ეროსი კიწმარიშვილი

ეროსი კიწმარიშვილის თქმით, „მაესტრო“ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ბიძინა ივანიშვილის სურვილმა შეეძინა ტელეკომპანია და ორი ადამიანის - მამუკა ღლონტისა და არჩილ გოგელიას - სიხარბემ. ამასთან, ეროსი კიწმარიშვილი უკან დახევას არ აპირებს და სამომავლო გეგმებზე საუბრისას ახსენებს როგორც ადგილობრივ სასამართლოს, ასევე ჟენევის საერთაშორისო არბიტრაჟს.

„ორშაბათს მე შემაქვს სარჩელი შპს „სტუდია მაესტროს“ დამფუძნებლების წინააღმდეგ და ჩემი მოთხოვნა შეადგენს 7 მლნ დოლარის ეკვივალენტს ლარებში, რომლიდანაც დაახლოებით 4,5 მლნ დოლარი ის თანხაა, რომელიც ჩემი მხრიდან იქნა მოზიდული. აქვე იქნება 2,5 მლნ დოლარის მოთხოვნა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება თვალთმაქცური შეთანხმების გაფორმების შედეგად ჩემთვის მოყენებულ მატერიალურ ზიანს“, განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა.

გარდა ამისა, ეროსი კიწმარიშვილი პროკურატურაში უჩივის „მაესტროს“ გენერალურ დირექტორს ილია კიკაბიძეს, ხოლო ტელეკომპანიის მფლობელებს ინვესტორების სახელით ჟენევის საერთაშორისო არბიტრაჟში დავის აღძვრით ემუქრება, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ არსებული დავა ხელს ვერ შეუშლის ტელეკომპანიის საქმიანობას და რომ „მაესტრო“ მისი ხელმძღვანელობით სრულფასოვან მაუწყელობას 2012 წლის იანვრის ბოლოდან დაიწყებს. რაც შეეხება „მაესტროს“ ჟურნალისტებსა და დამფუძნებლებს, ისინი, მამუკა ღლონტის თქმით, მორიგი აქციის გამართვას პრეზიდენტის სასახლესთან აპირებენ 20 დეკემბერს:

„’მაესტროს’ ღობეზე ეროსი კიწმარიშვილი არ გადმომძვრალა! გადმოძვრა მიხეილ სააკაშვილი და როგორც უნდა ეცადოს ხელისუფლება, რომ ეს წარმოაჩინოს ისე, თითქოს დავა არის ორ სუბიექტს შორის, ეს ასე არ არის, იმიტომ რომ დავა ორ სუბიექტს შორის ყოველთვის სასამართლოში წყდება.“

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG