Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეთიკური ჟურნალისტიკა გაფართოებას ცდილობს


ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა რიგით მესამე საერთო კრება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა რიგით მესამე საერთო კრება
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა რიგით მესამე საერთო კრებამ 2011 წლის შედეგები შეაჯამა. 17 დეკემბერს თბილისში გამართულ შეკრებაზე ქარტიის წევრებმა სამი წლის ვადით საბჭოს სამი ახალი წევრიც აირჩიეს, თუმცა, კვორუმის არარსებობის გამო, ვერ მოხერხდა კენჭისყრის ჩატარება ყველაზე მნიშვნელოვან - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მანდატის გაფართოების საკითხზე.
საუბარი იყო ისეთი პრინციპების დარღვევაზე, როგორიც არის დისკრიმინაცია და ბავშვთა საკითხების გაშუქება მისი ინტერესების დარღვევით...

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც 200-მდე წევრს აერთიანებს, 2009 წლის დეკემბერში შეიქმნა. თავად ქარტია შედგება 11 მუხლისგან, რომელთა დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით ჟურნალისტების წინააღმდეგ შესულ განცხადებებს ცხრა წევრისგან შემდგარი საბჭო განიხილავს. Netgazeti.ge-ის რედაქტორი და ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი მაია მეცხვარიშვილი ამბობს, რომ 2011 წელს საბჭოში ხუთი საჩივარი შევიდა:

„საუბარი იყო ისეთი პრინციპების დარღვევაზე, როგორიც არის დისკრიმინაცია და ბავშვთა საკითხების გაშუქება მისი ინტერესების დარღვევით... ერთი საჩივარი იყო ფაქტის სიზუსტესთან დაკავშირებით. ასევე გვქონდა განცხადება, რომელიც შეეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემების გაშუქებისას გამოყენებულ არაკორექტულ ტერმინს.“

მაია მეცხვარიშვილის თქმით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოში ასევე უჩივლეს საბჭოს თავმჯდომარეს ზვიად ქორიძეს, თუმცა, მთლიანობაში, გასული წლის განმავლობაში ქარტიის წევრების საქმიანობამ საზოგადოების ყურადღება დიდად ვერ მიიქცია. ამ გარემოებას სტუდია „მონიტორის“ ხელმძღვანელი და ქარტიის საბჭოს წევრი ნინო ზურიაშვილი ასეთ ახსნას უძებნის:
ნინო ზურიაშვილი
ნინო ზურიაშვილი

„არასაკმარისი იყო ჩვენ მიერ გაკეთებული „პრომოუშენი“, ანუ ვიყავით რეგიონებში, მაგრამ ყველას ვერ მივაწვდინეთ ხმა, ხალხის ყურამდე ვერ მივიტანეთ ის, რომ უფრო გაფაციცებით უყურონ ჟურნალისტების ნამუშევარს და გახადონ დისკუსიის საგანი თუნდაც ჩვენთვის. ვფიქრობ, რომ ეს არის პრობლემა! არ იციან, რომ კომისია არსებობს და არ იციან რა შემთხვევაში უნდა მიმართონ მას. ამგვარი გულგრილობა დასაძლევია და ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ!“

თუმცა, შედეგების შეჯამებაზე საუბრისას, ნინო ზურიაშვილი ამბობს, რომ, მთლიანობაში, 2011 წელი ქარტიის ხელმომწერი ჟურნალისტებისა და ზოგადად ქართული ჟურნალისტიკისათვის წარმატებული იყო. ერთი რომ, შეიქმნა მედიაკოალიცია, რომელიც ოპერატიულად რეაგირებს სხვადასხვა სახის გამოწვევებზე და მეორე ის, რომ ჟურნალისტები პროფესიული სოლიდარობის ეფექტიანობაში დარწმუნდნენ.

„რაღაც ტიპის სოლიდარობის ნიშნები გამოჩნდა ქართულ ჟურნალისტიკაში. ამის თქმა შეიძლება რამდენიმე საქმიდან გამომდინარე. ვგულისხმობ „მედია პალიტრის“, ჯაშუშობაში დადანაშაულებული ფოტოგრაფებისა და 26 მაისის დარბევის საქმეებს. ამ სოლიდარობამ ძალაც მოგვცა, სოლიდარობა უფრო მეტად პოპულარული გახადა და მივხვდით, რომ სოლიდარობას აზრი და მნიშვნელობა აქვს“, - უთხრა ნინო ზურიაშვილმა რადიო თავისუფლებას.
დღეს უფრო მეტად, თუკი ირღვევა ეთიკური სტანდარტები ჟურნალისტიკაში, უმრავლეს შემთხვევაში არღვევენ ის ჟურნალისტები, რომლებიც არ უერთდებიან ეთიკის ქარტიას...

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრებმა ასევე ხაზი გაუსვეს ქარტიის საბჭოს მოქმედების არეალის გაფართოების მნიშვნელობას. საბჭოს თავმჯდომარის ზვიად ქორიძის თქმით, ქარტიის ხელმომწერი ჟურნალისტების უმეტესობა მიიჩნევს, რომ საბჭოს უნდა მიეცეს უფლება განიხილოს განცხადება, რომელიც ეხება ქარტიის არეწევრი ჟურნალისტის მიერ ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დარღვევას.

„დღეს უფრო მეტად, თუკი ირღვევა ეთიკური სტანდარტები ჟურნალისტიკაში, უმრავლეს შემთხვევაში არღვევენ ის ჟურნალისტები, რომლებიც არ უერთდებიან ეთიკის ქარტიას, არ აწერენ ხელს და მოქალაქეებსაც ყველაზე მეტად მათ მიმართ აქვთ პრეტენზიები, მათ მიმართ არის განცხადებები. ქარტიაშიც დაგროვდა ასეთი განცხადებები, თუმცა ქარტია მათ ვერ იხილავს. ცვლილების მიღების შემთხვევაში, საჩივარზე გადაწყვეტილებას გამოიტანს ქარტია კონკრეტული ეთიკური ნორმის დარღვევაზე და ეს იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი. ეს არის და ეს!“ - თუმცა ზვიად ქორიძემ საანგარიშო სიტყვით გამოსვლისას ისიც განმარტა, რომ ამ ტიპის ცვლილების მისაღებად, ანუ ქარტიის წესდებასა და საქმის წარმოების წესში ცვლილების შესატანად, საჭიროა მაღალი კვორუმი - ქარტიის წევრთა სამი მეოთხედის მხარდაჭერა, რაც რეგისტრაციის შედეგის (90 წევრი) გათვალისწინებით შეუძლებელი აღმოჩნდა. სამაგიეროდ, კრებამ აირჩია ქარტიის საბჭოს ახალი წევრები: დავით მჭედლიძე - media.ge-ის რედაქტორი, ნათია როყვა - „25-ე არხის“ თანამშრომელი და ნათია კუპრაშვილი - რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციიის აღმასრულებელი დირექტორი.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG