Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული მისია ერაყის ისტორიად ქცეულ სამხედრო ოპერაციაში


ქართველი ჯარისკაცები ერაყში
ქართველი ჯარისკაცები ერაყში
14 დეკემბერს მრავალეროვნული და მრავალწლიანი სამხედრო ოპერაცია ერაყში დასრულებულად გამოცხადდა. სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ერაყის თავისუფლება“, რომელიც არა მხოლოდ ახალი ათასწლეულის, არამედ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციად ითვლება, უკვე ისტორიის კუთვნილებაა. კოალიციის შემადგენლობაში, ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცების მხარდამხარ, 5 წლის განმავლობაში ასრულებდნენ საბრძოლო დავალებებს ქართველი ჯარისკაცები, რომლებმაც ერაყი 2008 წლის აგვისტოს რუსეთის სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად დატოვეს. სამი წლის წინ, აგვისტოს ომის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ვასიტის პროვინციაში მყოფ პირველი ქვეითი ბრიგადის მებრძოლებთან რამდენიმე დღე დავყავი. ამჯერად ქართველი ჯარისკაცების ერთ ჩვეულებრივ დღეს გავიხსენებ მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში.

საარქივო მასალებში დრო 2008 წლის 17 ივლისს უჩვენებს. ვასიტის პროვინციის ქალაქ ალ-კუტში მცხუნვარე დილა თენდება. თერმომეტრის მიხედვით, 52 გრადუსი სიცხეა. გავარვარებულ ჰაერს უდაბნოს ქარის მიერ მოტანილი შიიტი მუეძინის ლოცვა აპობს.
თუ, დავუშვათ, იქნება მარჯვენა მხრიდან აფეთქება, მიხვალთ, მარჯვენა მხრიდან დაუდგებით, შეაფასებთ სიტუაციას... და გადმომცემთ ყველა ინფორმაციას, რომ მე მივაწოდო შტაბს...

ინათებდა თუ არა, ”დელტას” სამხედრო ბაზიდან, რომელიც შიიტებით დასახლებულ ქალაქ ალ-კუტთან ახლოს მდებარეობს, ქართული სახელმწიფოს დროშებიანი ჯავშანმანქანების კოლონა ბანაკს ტოვებდა. რა შუაშია საქართველოს დროშებიო, შეიძლება ვინმემ იკითხოს. საქმე ისაა, რომ ვასიტის პროვინციისა და მთლიანად ირან-ერაყის დამაკავშირებელი ანკლავის უსაფრთხოებას, ამერიკული სარდლობის დავალებით, საქართველოს სახმელეთო ძალების პირველი ქვეითი ბრიგადა მართავდა. ქართველი სამხედროების ამოცანას შეადგენდა გზებზე სწრაფი პატრულირება, წინასწარ შერჩეულ მონაკვეთებზე მანქანებისა და მოქალაქეების ჩხრეკა და ე.წ. ”სიმიკის” ოპერაციების უზრუნველყოფა. ასეთი სამხედრო-სამოქალაქო დანიშნულების ოპერაციები, კოალიციის სარდლობის გადაწყვეტილებით, თვეში რამდენჯერმე ტარდებოდა განსაკუთრებით ღარიბი ერაყელი მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარებისთვის. მაგრამ ბაზიდან ყველა გასვლა უკვე საბრძოლო დავალებაა და მას წინ საკმაოდ მკაცრი და დეტალური ინსტრუქტაჟი უძღვის.

ლეიტენანტი დავით კობიაშვილი: ”თუ, დავუშვათ, იქნება მარჯვენა მხრიდან აფეთქება, მიხვალთ, მარჯვენა მხრიდან დაუდგებით, შეაფასებთ სიტუაციას - დაჭრილი, რაღაცა, ყველაფერი [მსხვერპლი] ღმერთმა გვაშოროს - და გადმომცემთ ყველა ინფორმაციას, რომ მე მივაწოდო შტაბს.”

ქართველი ოფიცრების იდენტიფიცირებას შეგნებულად არ ვახდენ, რადგან სამი წლის წინ დადებული პირობა, ვფიქრობ, ახლაც ძალაშია. ინსტრუქცია საკმაოდ მკაცრი იყო. უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ერაყში მყოფი სამხედროები ყველა სიტყვას წონიდნენ. რა არის ყველაზე დიდი საფრთხე ჯარისკაცისათვის? - რიტორიკულ შეკითხვას ვაძლევ ქართველ ოფიცერს. რა თქმა უნდა, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ე.წ. აიდები (IED), რომლითაც ერაყელი მოიერიშეები ნაღმავდნენ კოალიციის სამხედრო ესკორტის სავალ გზებს, დასახლებულ პუნქტებს, სკოლებს, რესტორნებს, ხალხმრავალ ბაზრობებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებს.

ჯონი ტატუნაშვილი: ”ეს ”აიდი”, ეს არის ჩვეულებრივი ჭურვი, როგორიც არის ჰაუბიცის ჭურვი. და ეს ხომ არის ასფალტიანი გზა და აქეთ არის გრუნტიანი გზა და ამ გრუნტიან გზაზე დებენ შიგნით და რომ გაუსწორდება მანქანა, რომ აფეთქდეს, კი, ეფექტი ექნება და აგლეჯს მანქანა. ეს სიმფონები, რაც უყენია [ჰამერებს], პირველ მანქანას ვერ იცავს, თუმცა, თუ პირველი მანქანის აფეთქება ვერ მოასწრეს [ტერორისტებმა], მაშინ [ჰამერი] თიშავს სიხშირეს და [ტერორისტი] მობილურ ტელეფონს ვეღარ გამოიყენებს.”
ქართველები ერაყში
ქართველები ერაყში

2008 წლის იანვრიდან ივლისამდე სამი ქართველი სამხედრო - კაპრალი ზურაბ გვენეტაძე, ლეიტენანტი გორგი მარგიევი და სერჟანტი ირაკლი კორძაია - თვითნაკეთი ბომბების აფეთქების გამო დაიღუპა ნაჰიდა-ვაქიას პროვინციაში. სულ კი, 5 წლის განმავლობაში საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ერაყში 5 სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს. ბაზა ვიქტორიაზე, სადაც ქართველ სამხედრო მღვდელმთავარს, მამა ისააკს, პატარა ხის სამლოცველო ჰქონდა მოწყობილი, ლოცვაში ყოველდღე იხსენებდნენ ხოლმე დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს. ამ ქართველ სამხედრო მოძღვართან გადაღებული სურათი ჩემს ფოტოარქივში მოვიძიე, მაგრამ მისი ხმის აუდიოჩანაწერს ვერ მივაკვლიე.

თუმცა ერაყში გაკეთებული სამი წლის წინანდელი რადიორეპორტაჟის არქივში შემონახულია ქართველი სამხედრო ექიმის, ნინო ჩხენკელის ხმა. ”დელტას” ბაზაზე სამხედრო ლაზარეთში რამდენიმე ქართველი მედდა მუშაობდა, ისინი ბაზის სამხედრო მოსამსახურეებსაც უწევდნენ პირველად სამედიცინო დახმარებას და ადგილობრივ ერაყელ მოსახლეობასაც. ლაზარეთის ექიმმა, ლეიტენანტმა ნინო ჩხენკელმა ერაყში ყოფნის განმავლობაში რამდენიმე ათეულ არაბს გაუწია უფასო სამედიცინო დახმარება.

ნინო ჩხენკელი: ”რასაც ახლა ჩვენ ვეხმარებით, ეს არის სასუნთქი სისტემების დაავადებები, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა ამათთვის. და არის კიდევ დამწვრობები ძალიან დიდი რაოდენობით.”

ქალაქ ალ-კუტთან ახლოს, ”დელტას” ბაზაზე მყოფი ქართული ბრიგადისთვის, რომელიც იქ განთავსებული მრავალეროვნული ქვედანაყოფის თითქმის ნახევარს შეადგენდა, სამუშაო დღე 6 საათზე მთავრდებოდა. ამ დროს პირადი შემადგენლობის უმრავლესობა სასადილოში მიდის. ქართველებს, რომლებიც, ენობრივი ბარიერის მიუხედავად, იოლად ამყარებენ კავშირს ამერიკელ, სალვადორელ და უგანდელ სამხედროებთან, ”დელტაზე” ყველაზე მხიარულ ხალხად მიიჩნევდნენ.

ქართველი ჯარისკაცი: ”ბიჯო, ჯორჯია პუ-პუ ჩამოფრინდა, ჟურნალისტია, გაიგე, ჯამბო. მე და შენ წავიდეთ ჯამბოში? ქამბალაში გავფრინდეთ და მერე გავფრინდეთ ჯორჯიაში. ბიჯო, ჯორჯია ვერი გუდ.”
ცხელა, ცხელა, სხვა არაფერი არ მაწუხებს. არც საჭმელი მაკლია და არც სასმელი, მარტო სიცხე აუტანელი...

რთული და დაძაბული დღის ბოლოს ჯარისკაცებს ეძლეოდათ პირადი დრო, რომელსაც ჯარისკაცების უმრავლესობა თითქმის ერთნაირად ატარებდა: სატელიტის მეშვეობით უყურებდნენ ქართულ ტელეგადაცემებს, თამაშობდნენ სხვადასხვა კომპიუტერულ თამაშს და სკაიპით ელაპარაკებოდნენ სამშობლოში მყოფ დიდი ხნის უნახავ ოჯახის წევრებს.

სერჟანტი გოჩა პეტრიაშვილი: ”ალო, მამა, შენა ხარ? გიორგი, გესმის ჩემი ხმა? როგორა ხარ, მამა? რა ვიცი, ვარ, რა. ცხელა, ცხელა, სხვა არაფერი არ მაწუხებს. არც საჭმელი მაკლია და არც სასმელი, მარტო სიცხე აუტანელი და თქვენი თავი მენატრება, მამა, მეტი სხვა არაფერი.”

ჩემი მივლინება ერაყში, ვასიტის პროვინციაში, 19 ივლისს დასრულდა. დავემშვიდობე საქართველოს სამხედრო ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მებრძოლებს, მაგრამ, თურმე, ძალიან მცირე ხნით. ყველაზე უარეს ფიქრებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერაყში მიღებული გამოცდილების გამოყენება ჯარისკაცებს საკუთარ სამშობლოში მოუწევდათ მალევე. ზუსტად 2008 წლის 9 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის დავალებით, ერაყში მყოფმა ქართველმა სამხედროებმა დატოვეს ერაყი და დაბრუნდნენ სამშობლოში თბილისისკენ დაძრული რუსეთის არმიის შესაჩერებლად.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG