Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშვიდობის სახლი ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგის დაწყებას შეეცდება


თბილისში დაფუძნდა სამოქალაქო მოძრაობა ”ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლი”. როგორც მოძრაობის ხელმძღვანელი ნესტან კირთაძე ამბობს, ეს არის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პირველი სამშვიდობო ინიციატივა და ინსტიტუცია, რომელიც იწყებს პირდაპირ ორმხრივ დიალოგს ოსებთან და აფხაზებთან ნდობისა და ორმხრივი ურთიერთობების აღსადგენად. ამ წამოწყებას ბუნდოვან მომავალს უწინასწარმეტყველებენ ის ადამიანები, რომლებსაც მსგავსი ტიპის ორგანიზაციების მუშაობის გამოცდილება აქვთ.

”ქართულ აფხაზური და ქართულ-ოსური სახლი” იქნება მშვიდობის სახლი, რომელიც ხელს გაუწვდის აფხაზებს და ოსებს მშვიდობიანი თანაარსებობისა და თანაცხოვრებისათვის საფუძვლების მოსამზადებლად, - ასე აცნობა მედიის წარმომადგენლებს ახალი სამოქალაქო მოძრაობის დაწყება ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნესტან კირთაძემ. როგორც ის განმარტავს, მშვიდობის სახლი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პირველი ინსტიტუციაა, რომელიც იწყებს ორმხრივ დიალოგს აფხაზებთან და ოსებთან ადამიანური ურთიერთობების აღსადგენად:

”თბილისიდან ისმის პირველი სამშვიდობო ინიციატივა და მოწოდება აფხაზებისა და ოსებისადმი: ჩვენ გიწვდით სამშვიდობო ხელს, ჩვენ ვიწყებთ თქვენთან პირდაპირ ორმხრივ დიალოგს ურთიერთნდობის აღსადგენად. ჩვენ ვიწყებთ ურთიერთობას თქვენთან, რათა ერთობლივად მოვამზადოთ საფუძვლები მშვიდობიანი თანაარსებობისა და თანაცხოვრებისათვის”, - ამბობს ნესტან კირთაძე.

როდესაც გავრცელდა პირველი ინფორმაცია სახლის დაფუძნების შესახებ, მიკავშირდებოდნენ გუდაუთიდან, სოხუმიდან, ოჩამჩირიდან ...
როგორც მშვიდობის სახლის დამფუძნებელი ამბობს, ორგანიზაცია ეყრდნობა წინასწარ შემუშავებულ კონცეფციას და პროექტს, რომლის მიზანიც არის თავისუფალი გადაადგილების უფლებისა და სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენა, სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა და განვითარება; აფხაზი და ოსი გლეხების, ფერმერების, მეწარმეების შემოსვლა ქართულ ბაზარზე და პირიქით; ბიზნესწრეების შეხვედრების ორგანიზება, დაახლოება სამეცნიერო და შემოქმედებითი ურთიერთობების დონეზე და სხვა. ნესტან კირთაძის განმარტებით, ამ ეტაპზე ორგანიზაციას არ გააჩნია არც დაფინანსება და არც ოფისი, თუმცა მშვიდობის სახლის ოფიციალურ პრეზენტაციას ის 2012 წლის დასაწყისისთვის გეგმავს. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ირწმუნება, პირადად მას აქვს საფუძველი ორმხრივი დიალოგის დაწყება შესაძლებლად მიიჩნიოს და ამ განცხადების გაკეთების საშუალებას აფხაზური და ოსური მხრიდან წამოსული პოზიტიური და დამაიმედებელი გზავნილები აძლევს:

”ასეთი საფუძვლები რომ არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ იდეის დონეზე ვილაპარაკებდით. ასეთი საფუძვლები არსებობს როგორც საკუთრივ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე იმ აფხაზებისა და ოსებისგან, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიღმა იმყოფებიან. უფრო მეტსაც გეტყვით, როდესაც გავრცელდა პირველი ინფორმაცია სახლის დაფუძნების შესახებ, მიკავშირდებოდნენ გუდაუთიდან, სოხუმიდან, ოჩამჩირიდან”...

რეზო ბენდელიანი უკვე წლებია ცდილობს აღადგინოს ადამიანური ურთიერთობები და ნდობა ქართველ და აფხაზ ხალხს შორის. ამის განსახორციელებლად მან ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახების კავშირი შექმნა კონფლიქტის ზონაში, სამეგრელოში ”შერიგების სახლი” დააფუძნა და, როგორც ის გვეუბნება, მართავს შეხვედრებს იმ ადამიანებთან, ვისაც შერიგება სურს. მისივე განმარტებით, იქმნება ერთობლივი ქართულ-აფხაზური ბიზნესპროექტები, რომლის დასაფინანსებლად თანხების მოძიებას ისინი საქართველოში არსებული საელჩოებისაგან ცდილობენ. რეზო ბენდელიანმა „ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის“ შექმნის შესახებ პრესის საშუალებით შეიტყო. მისი ვარაუდით, თბილისში მსგავსი ტიპის სახლის შექმნა ამ ეტაპზე არ გაამართლებს:

”როდესაც ვხსნით „ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ სახლს“, მაშინ ისიც უნდა გავარკვიოთ, რამდენად მოვახერხებთ ამ სახლში ხალხის ჩამოყვანას და მათთან დიალოგის წარმართვას. ვფიქრობ, რომ ასეთი სახლების გახსნა თბილისში ჯერჯერობით არ გაამართლებს. არ მგონია, რომ ამ სახლში სასაუბროდ ამ ეტაპზე ვინმე ჩამოვიდეს. ეს უნდა განხორციელდეს კონფლიქტის ზონის სიახლოვეს, სადაც ეტაპობრივად უნდა შევძლოთ ხალხის დარწმუნება, რომ ჩამოვიყვანოთ და ვაჩვენოთ არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც”, - მიაჩნია რეზო ბენდელიანს.
ასე ადვილად და ასე უცბად ახალი ადამიანების ჩართვა ამ პროცესში, მგონია, რომ ვერ გამოუვათ ...

ქართველებსა და ოსებს შორის ადამიანური ურთიერთობებისა და ნდობის აღდგენას ემსახურება უკვე რამდენიმე წელია მარინა მეშვილდიშვილი. ის ცხინვალიდან დევნილია და კონფედერაცია „ცხინვალის სახლის“ თავმჯდომარეა. რა თქმა უნდა, ჩვენ კონფლიქტის მოგვარება არ შეგვიძლია, მაგრამ, ვცდილობთ ისე ვიმუშაოთ, რომ ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობების აღდგენას ხელი შევუწყოთო, ამბობს ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში. მარინა მეშვილდიშვილის თქმით, მისი ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ოსურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. როგორი შეიძლება იყოს ახლად დაფუძნებული მშვიდობის სახლის პერსპექტივა ადამიანური ნდობის აღდგენის კუთხით? ამ კითხვაზე მას ასეთი პასუხი აქვს:

”არ ვიცი, რა ურთიერთობები აქვს ნესტან კირთაძეს ცხინვალის რეგიონთან, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ასე ადვილად და ასე უცბად ახალი ადამიანების ჩართვა ამ პროცესში, მგონია, რომ ვერ გამოუვათ.”

ნესტან კირთაძე, ”ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის” ხელმძღვანელი, ამბობს, რომ ამ საქმეში მთავარ პარტნიორად ისინი ევროკავშირსა და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს განიხილავენ. მისივე განმარტებით, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგის დაწყებისათვის მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის როლიც და სწორედ ამიტომ სამოქალაქო მოძრაობის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით გადაეცემა.
XS
SM
MD
LG