Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატთა რაოდენობა აღარ გაიზრდება


პოლიტიკური პარტიების კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით.
პოლიტიკური პარტიების კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით.
მომავალი მოწვევის პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობა აღარ გაიზრდება. გადაწყვეტილება ამის შესახებ საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად განსახორციელებელი ცვლილებების დოკუმენტის ხელმომწერი პარტიების ლიდერებმა მიიღეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან გამართული კონსულტაციების შედეგად, ისინი შეთანხმდნენ, რომ აქამდე მოქმედი პრინციპი 75-75-ზე შეიცვალოს პრინციპით 73-77-ზე.

დეპუტატთა რაოდენობა საქართველოს პარლამენტში 150 კაცით განისაზღვრება. ეს რიცხვი უახლოეს მომავალში აღარ შეიცვლება, თუმცა მცირედ შეიცვლება მაჟორიტარული და პროპორციული წარმომადგენლობის ბალანსი: პროპორციული სიით გასული დეპუტატების რაოდენობა მაჟორიტარებზე 4-ით მეტი იქნება. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ამბობს:

” შეთანხმება მარტივადაა. რადგან 150 კაციან პარლამენტზე იყო საუბარი, 73 არის იმ მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა, რომელშიც დღეს შეიძლება რეალურად ჩატარება საქართველოს პარლამენტის არჩევნების. იცით თქვენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდება არჩევნების ჩატარება. აქედან გამომდინარე, 73 მაჟორიტარი იქნება არჩეული.”
დაგვხვდნენ და გვითხრეს: 83-67. ვუთხარით: 85-65. ახლა ხომ 73 ოლქია დარჩენილი. მათ უარი თქვეს შეკვეცაზე...

ოლქები, რომლებზეც პავლე კუბლაშვილი ლაპარაკობს, ახალგორი და ლიახვია. სწორედ აქ გამოკლებული მაჟორიტარების რაოდენობა დაემატა საარჩევნო სიით გასულ დეპუტატთა რაოდენობას. რაც შეეხება ვარიანტებს, დეპუტატთა არსებული რაოდენობის შენარჩუნების პირობებში, მოლაპარაკებებზე პარტიები თავიანთი წინადადებებით მივიდნენ. მმართველი პარტია ითხოვდა მექანიზმს 83-67, მაჟორიტარული დეპუტატების სასარგებლოდ, ქრისტიან-დემოკრატები კი, მაგალითად, 85-65-ზე, პარტიული პრინციპის სასარგებლოდ. როგორ მოხდა საბოლოო შეთანხმება? ამ შეკითხვაზე ქრისტიან-დემოკრატმა ლევან ვეფხვაძემ გვიპასუხა:

”მარტივად მოხდა. დაგვხვდნენ და გვითხრეს: 83-67. ვუთხარით: 85-65. ახლა ხომ 73 ოლქია დარჩენილი. მათ უარი თქვეს შეკვეცაზე. მაშინ ჩვენ ვუთხარით: შეკვეცაზე თუ უარს ამბობთ, რამდენი ოლქია დარჩენილი? ჩვენ, ახლები და მრეწველები ვიყავით აქტიურები დისკუსიის დროს.”

„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე დავით გამყრელიძე კი ფიქრობს, რომ დეპუტატთა რაოდენობის ახლებურად განაწილება პრაქტიკულად სტატუს-კვოს გამეორებაა და პარლამენტის პოლიტიკური მრავალფეროვნების უზრუნველყოფაზე დიდად ვერ აისახება.

”ეს ჯობია 83-67-ს, მაგრამ ეს არის პრაქტიკულად იმაზე დაბრუნება, რაც დღეს არის, რომლის გამოც ჩვენ ძალიან სერიოზულ პროტესტს გამოვთქვამდით და ვშიმშილობდით კიდეც. სწორედ ამის გაუმჯობესება ხდებოდა 190-იან პარლამენტში. მაგრამ საზოგადოებაში არაპოპულარულ თემას დაემატა ხელისუფლების მხრიდან, ცალკეული ოპოზიციური პარტიების მხრიდან ჩვენი მიმართულებით ხელის გამოშვერა და ამიტომ ჩვენ ვთქვით ამაზე უარი.”
რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან შეთანხმებას, ვერასდროს ვერ შეძლებს ერთი პარტია რეალურად შეცვალოს კონსტიტუცია...

დეპუტატთა რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილება საინიციატივო ჯგუფის მიერ პარლამენტში ერთი თვის წინ იქნა ინიცირებული. მმართველი ძალა თავიდანვე აღნიშნავდა, რომ მისი მხრივ ეს იქნებოდა ოპოზიციის გაძლიერების მიზნით გადადგმული კომპრომისული ნაბიჯი. მოგვიანებით საინიციატივო ჯგუფშიც ჩათვალეს, რომ საზოგადოებრივ აზრს ანგარიში უნდა გასწეოდა და დეპუტატთა რაოდენობა არ უნდა გაზრდილიყო. კონსულტაციებზე კი, რომელზეც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მიღწეული შეთანხმების ხელმომწერი პარტიები მიიწვია, სხვა - არანაკლებ მნიშვნელოვან - საკითხებზეც შეთანხმდნენ. საპარლამენტო ფრაქცია ”ძლიერი საქართველოს” თავმჯდომარე გია თორთლაძე ამბობს:

”რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან შეთანხმებას, ვერასდროს ვერ შეძლებს ერთი პარტია რეალურად შეცვალოს კონსტიტუცია. ამის შემდეგ ჩვენ მივიღებთ კონსტიტუციურ ცვლილებას ხმათა სამი მეოთხედის დაგროვებით. და კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი შეთანხმება: პარტიები, რომლებიც ხუთპროცენტიან ბარიერს გადალახავენ, გარანტირებულად ქმნიან პარლამენტში ფრაქციას. და ეს არის პოლიტიკური ცხოვრების, ნორმალური ცხოვრების გარანტია.”
XS
SM
MD
LG