Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში საპროტესტო აქციები გაგრძელდება


ოპოზიცია ცხინვალში საპროტესტო აქციებს განაახლებს. ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობის ექს-კანდიდატის ალა ჯიოევას მომხრეები თეატრალურ მოედანზე მიტინგებს 20-დან 31 დეკემბრამდე გამართავენ. მომიტინგეები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების შესრულებას მოითხოვენ. შეთანხმება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის სერგეი ვინოკუროვის შუამავლობით გაფორმდა, ამჟამად დარღვეულია, რადგან პარლამენტმა დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორის და უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაყენებაზე უარი თქვა. შეთანხმების მიხედვით, კოკოითისთან ერთად თანამდებობები მათაც უნდა დაეტოვებინათ, ვინოკუროვი ამ შეთანხმების შესრულების გარანტად გამოდიოდა. ამიტომ, პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, ჯიოევამ რუსულ მხარეს მიმართა. ორიოდე დღის წინ დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის საელჩომ პრესრელიზი გაავრცელა. რუსი დიპლომატები მიიჩნევენ, რომ შეთანხმება ბოლომდე შესრულებულია და ოპოზიციას პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსულ მხარეს უფლება არა აქვს ჩაერიოს სამხრეთ ოსეთის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში და რაიმე სახით ზეწოლა მოახდინოს ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე. საელჩოს პოზიციამ ჯიოევას მომხრეები გააღიზიანა. ისინი მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური კრიზისი გრძელდება და ისევ საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან. ოსი ჟურნალისტი იური ვაზაგოვი, ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ცხინვალში ვითარება ისევ დაიძაბება, ამის მიზეზი კი რუსეთის ხელისუფლების პოზიცია და სამხრეთ ოსეთის პარლამენტის გადაწყვეტილება იქნება.

სამშაბათს ალა ჯიოევასა და დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ვადიმ ბროვცევის შეხვედრა იგეგმება, მაგრამ, საელჩოს მიერ გამოხატული პოზიციის შემდეგ, ოპოზიციის მომხრეები ამ შეხვედრისგან კონკრეტულ შედეგს არ ელოდებიან. ჯიოევას შტაბის წარმომადგენლის სერგეი ზასეევის აზრით, იმ ადამიანებმა, რომლებსაც არჩევანის უფლება წაართვეს, ბრძოლა გამარჯვებამდე უნდა გააგრძელონ. მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთ გამოსავლად თეიმურაზ ხუგაევისა და აცამაზ ბიჩენოვის მიერ თანამდებობების საკუთარი სურვილით დატოვება რჩება.

დეკემბრის დასაწყისში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებზე მომიტინგეების რაოდენობა ყოველდღიურად მცირდებოდა, გარდა ამისა, ღამის თენება აუტანელ ყინვაში თითქმის შეუძლებელი იყო. ამას ისიც ემატებოდა, რომ ოპოზიციის მომხრეების მიმართ მუქარა არ წყდებოდა, იყო დაკავების შემთხვევებიც, გაურკვეველი პირები კი მომიტინგეების მანქანებს აზიანებდნენ. განხეთქილებას თვითონ ჯიოევას შტაბშიც ჰქონდა ადგილი. ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის აზრით, ბრძოლამ აზრი დაკარგა და ყველაფერი მაინც რუსული სცენარის მიხედვით განვითარდება, რასაც ვერავინ შეცვლის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ოსი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ჯიოევამ ერთი შანსი ხელიდან უკვე გაუშვა და იგი ვეღარ შეძლებს დიდი რაოდენობით მხარდამჭერების გამოყვანას.
XS
SM
MD
LG