Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა საქართველოზე


საქართველოს შესახებ დასავლეთის მედიაში გამოქვეყნებული საყურადღებო პუბლიკაციების მიმოხილვას დავიწყებთ სამხრეთ კავკასიის ცნობილი ექსპერტის, თომას დე ვაალის სტატიით, რომელიც გამოცემა „ნეშნლ ინტერესტმა“ დაბეჭდა. „ნეშნლ ინტერესტი“ არის შეერთებულ შტატებში გამომავალი ჟურნალი, რომელშიც აანალიზებენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მას ორ თვეში ერთხელ გამოსცემს ვაშინგტონში დაფუძნებული კვლევითი ინსტიტუტი სახელწოდებით „ეროვნული ინტერესის ცენტრი“. თომას დე ვაალის სტატია ეძღვნება კონფერენციას, რომელიც ამას წინათ გაიმართა ასევე ვაშინგტონში, სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით.

კონფერენციის შესახებ ტომას დევ ვაალის ზოგადი დასკვნა ასეთია: „დისკუსია იყო ცოცხალი და საქმიანი, მაგრამ საკმაოდ პესიმისტური. ბევრი შეთანხმდა შეფასებაზე, რომ ეს სამი სახელმწიფო აშენებულია, რასაც ვერ წარმოიდგენდი, როცა მათ დამოუკიდებლობა მოიპოვეს 1991 წელს, ძალადობისა და ეკონომიკური ქაოსის ფონზე. ისინი ემსახურებიან თავიანთ მოქალაქეებს და აღიარებული არიან ერთა მსოფლიო თანამეგობრობის სრულუფლებიან წევრებად (...) მაგრამ ეს ქვეყნები კვლავაც განიცდიან კანონის უზენაესობის, სამართლიანი არჩევნების, კონკურენტუნარიანი ეკონომიკისა და დიალოგისა და დისკუსიისათვის განკუთვნილი სივრცის ნაკლებობას“ .

ის, რაც ასევე საერთოა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანისათვის და რაც ექსპერტის დადებით შეფასებას იმსახურებს, არის კონფერენციის მონაწილე ექსპერტების (20-მდე პირის) პროფესიონალიზმი. საქართველოს წარმომადგენლებს შორის თომას დე ვაალი ასახელებს, მაგალითად, ჟურნალისტ მარგარიტა ახვლედიანს, რომლისგანაც მოისმინეს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის ერთი ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზი: „ის კი არ იკითხო, შენს ოპონენტს რის გაკეთება შეუძლია, არამედ შენ რა შეგიძლია გაუკეთო შენს ოპონენტს“. ეს ციტატა მოყვანილია სამხრეთ კავკასიის სეპარატისტული კონფლიქტების კონტექსტში.

თომას დე ვაალის დაკვირვებით, სამხრეთ კავკასიაში სჩვევიათ, გეოპოლიტიკურ ვითარებას და, საერთოდ, სხვას და სხვებს დააბრალონ თავიანთი პრობლემები. ვაშინგტონში ჩატარებულ კონფერენციაზე, რომელსაც კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდმა უმასპინძლა, სხვა საკითხებზეც იმსჯელეს, მათ შორის ადამიანის უფლებებზე და დასავლეთის დამოკიდებულებაზე სამხრეთ კავკასიის მიმართ. ყოველივე ამის შესახებ საყურადღებო შეფასებებს გაეცნობით თომას დე ვაალის სტატიაში. მას გამოცემა „ნეშნლ ინტერესტი“ აქვეყნებს.

ბოლოს ხანს ვაშინგტონში იმყოფებოდა საქართველო ოპოზიციის წარმომადგენელი, „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ირაკლი ალასანიაც. ახლა მასთან ინტერვიუთი გავაგრძელებთ დასავლეთის პრესის მიმოხილვას. ამ, საკმაოდ ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს გამოცემა „დიპლომატიკ კურიერი“ და იწყებს შეკითხვით, რომელიც მსოფლიოში წლევანდელ ამბოხებებს ეხება. რამდენად განსხვავდება საქართველოში მაისში ჩატარებული დემონსტრაციები არაბული სამყაროში გამართული საპროტესტო აქციებიდან - შესაძლებელია თუ არა არაბული გაზაფხულის მსგავსი რევოლუცია საქართველოში?

აი, რას უპასუხობს ამ შეკითხვას ირაკლი ალასანია: „იმას, რაც არაბულ სამყაროში მოხდა, განსხვავებული კონტექსტი და განსხვავებული ისტორია აქვს, საქართველოს კი თავისი ისტორია (...) საქართველომ ბევრს მიაღწია კორუფციის წინააღმდეგ მუშაობით და საჯარო სამსახურის შესაქმნელი ინსტიტუტების ჩამოყალიბებით. საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომი 20 წლის განმავლობაში საქართველომ უკვე გამოიარა რევოლუციები. ერთი კი არა, რამდენიმე. და ახლა ხალხს აქვს სურვილი, ვისწავლოთ და ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს ქმედებებს, რათა საქართველოში ცვლილებებს მივაღწიოთ უკვე არა რევოლუციებით, არამედ დემოკრატიული სისტემით. ასეთი გამოცდილება არასოდეს ჰქონიათ ქვეყნებში, სადაც ახლახან მოხდა რევოლუციები“, - ამბობს ირაკლი ალასანია გამოცემა „დიპლომატიკ კურიერთან“ ინტერვიუში.

შეკითხვები ეხება ასევე საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად საჭირო კომპონენტებს, სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუმჯობესების გზებს, პოლიტიკურ ასპარეზზე მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას, ნატოსთან, შეერთებულ შტატებთან და რუსეთთან საქართველოს ურთიერთობას.

ირაკლი ალასანიას ესაუბრა აგრეთვე „ვაშინგტონ პოსტის“ კორესპონდენტი, რომელიც ამ გაზეთის 13 დეკემბრის ნომერში დაბეჭდილი სტატიის პირველივე წინადადებაში გვამცნობს - ალასანია თავისი ქვეყნის პრეზიდენტს მოუწოდებს, გააკეთოს ის, რაც შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ვაშინგტონმა გააკეთა და პოლიტიკიდან წავიდეს ორი ვადით პრეზიდენტობის შემდეგო. სტატიის ავტორი, ბენ ბირნბაუმი მკითხველს განუმარტავს: ბევრი მიმომხილველი გამოთქვამს ვარაუდს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა, მიბაძოს ვლადიმირ პუტინის მაგალითს და პრეზიდენტის პოსტთან გამოთხოვების შემდეგ, პრემიერ-მინისტრი გახდეს.

იქვე მოყვანილია შეფასება, რომელიც ირაკლი ალასანიამ გამოთქვა „ვაშინგტონ ტაიმსთან“ საუბარში: „ჩემი აზრით, მან (პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა) მოირგო ახალი საკონსტიტუციო შესწორებები, რომლებიც ძალაში შედის 2013 წელს, რათა მიეცეს ასეთი შესაძლებლობა. მაგრამ, ჩემი რწმენით, მისი პოლიტიკური კარიერისა და საქართველოსათვის უკეთესი იქნება, თუ გააკეთებს იმას, რაც ჯორჯ ვაშინგტონმა გააკეთა: ორი ვადის შემდეგ გადადგეს და საქართველოს მოსახლეობას მისცეს ახალი ლიდერის არჩევის შესაძლებლობა“. „ ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“, ირაკლი ალასანიას ამ შეფასებას ვკითხულობთ სტატიაში, რომელიც 13 დეკემბერს გამოაქვეყნა გაზეთმა „ვაშინგტონ ტაიმსმა“.
XS
SM
MD
LG