Accessibility links

logo-print
კვირას, 18 დეკემბერს, 75 წლის ასაკში, ძილში გარდაიცვალა ვაცლავ ჰაველი: დრამატურგი, ესეისტი, პოეტი, დისიდენტი და პოლიტიკოსი, ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი, „დიდი ევროპელი“, ახალი ევროპისა და ახალი მსოფლიო ჰუმანიზმის სიმბოლო, დიდ პოლიტიკაში შეურყვნელი სინდისის ცოცხალი მაგალითი, ერთადერთი დისიდენტი და ყოფილი პოლიტპატიმარი, რომელმაც თავი დააღწია საკუთრივ დისენტის ყველაფრის უარმყოფელ დისკურსს და ევროპაში სრულყოფილი კრეატიული პოლიტიკოსობა შეძლო. ამ დიდმა ადამიანმა, ესეისტიკის შედევრის, პოლიტიკური ბრძოლის მცირე ენციკლოპედიის — „უძლურთა ძალის“ ამ უკვდავმა ავტორმა, ერთდროულად დაუბრუნა ჩეხეთს დემოკრატია, დემოკრატიას — ჩეხეთი, პოლიტიკას — მორალი, აღმოსავლეთ და შორეულ ევროპას — იმედი.

ჩვენთვის ჰაველის სახელი ცნობილი გახდა 1977 წელს, როდესაც მან სხვა დისიდენტებთან: იან პატოჩკასთან, ზდენეკ მლინართან, ირჟი ჰაიეკთან და პაველ კოჰოუტთან ერთად პოლიტიკური მოძრაობა „ქარტია 77“ ჩამოაყალიბა. იმავე დროს ჩეხოსლოვაკიაში აკრძალული მისი პიესები გაიცნო დასავლეთმა. ჩეხოსლოვაკიის კომუნისტურმა ხელმძღვანელობამ წარმატებულ დრამატურგზე შური იმით იძია, რომ დასავლეთისკენ გზა ჩაუკეტა და არც ერთ პრემიერაზე არ გაუშვა.

ოცდაორი წლის შემდეგ, 1989 წელს, ჰაველი თავად აწარმოებდა მოლაპარაკებას სწორედ იმ ხელისუფლებასთან, რომელმაც მწერლობა აუკრძალა და რამდენჯერმე ციხეშიც ჩასვა. 18-დღიანი განუწყვეტელი მშვიდობიანი დემონსტრაციებისა და გაფიცვების შემდეგ კომუნისტური ხელისუფლება, უბრალოდ, ჩამოიშალა.

ამავე წლის დეკემბერში გუშინდელმა დისიდენტმა პრაღის კათოლიკურ ტაძარში პრეზიდენტის ფიცი დადო. მანამდე ჩეხოსლოვაკიის ფედერალურმა ასამბლეამ ვაცლავ ჰაველი, როგორც სამოქალაქო-პოლიტიკური მოძრაობის — „სამოქალაქო ფორუმის“ — აღიარებული ლიდერი, ერთხმად აირჩია ქვეყნის მეთაურად. ეს ბედის აშკარა ირონია იყო: დამცინავმა ცხოვრებამ სწორედ იმ კაცს არგუნა ქვეყანაში უმაღლესი თანამდებობა, რომელიც მუდამ ამტკიცებდა, რომ პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებდა. მისივე სიტყვები რომ გავიმეოროთ, პრეზიდენტად არჩევაზე უფრო დიდი აბსურდი მას ცხოვრებაში არ შეხვედრია.

1992 წელს, მას შემდეგ, რაც სლოვაკებმა გამოყოფისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის სურვილი გამოთქვეს და დამოუკიდებლობის დეკლარაციაც მიიღეს, ჰაველი, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, ამ იდეას არ გულშემატკივრობდა, კი არ გაჯიუტდა, როგორც ერთიანი ქვეყნის მეთაური, არამედ დაუყოვნებლივ გადადგა 20 ივლისს; მაგრამ 1993 წლის იანვარში იგი ჩეხეთის რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს და ამ პოსტზე მან 10 წელი დაჰყო. ამ წლებში ჰაველის დიდი მეცადინეობით ჩეხეთი ნატოს წევრი გახდა და ევროკავშირისკენ მთავარი ნაბიჯებიც გადაიდგა.

როგორც დრამატურგი, ჰაველი დიდი ხნის მანძილზე სწავლობდა ამა თუ იმ საქმიდან დროული წასვლის პრობლემას (ბოლო ასეთი პიესა 2007 წელს დაწერა და პირდაპირ „წასვლა“ დაარქვა). თავად ამგვარ წასვლათა ნამდვილი დიდოსტატი იყო — 2003 წელს ისევ გადადგა, ამჯერად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო: წარსულში ბევრს ეწეოდა და სასუნთქი გზების ქრონიკული პრობლემები ჯერ კიდევ ციხეში დაეწყო.

პოლიტიკის მგლებსა და აფთრებში ჰაველი უჩვეულოდ მშვიდობისმოყვარე პოლიტიკური ცხოველი იყო. ათასგვარ ხრიკებსა და კულისებსმიღმა მაქინაციებში გაქექილი, გამობრძმედილი პოლიტიკური გენერლები მას ხშირად აკრიტიკებდნენ „არაპოლიტიკური პოლიტიკოსობის“ გამო. პრინციპული „უჰალსტუხობის“ გამო, იმის გამო, რომ სახელოვან „როლინგებთან“ — მიკ ჯაგერთან და კით რიჩარდსთან — ერთად სმა და ავანგარდისტ ფრენკ ზაპას ჩეხეთის მთავრობის კვაზიოფიციალურ წარმოამდგენლად, კულტურულ ელჩად დანიშვნა შეეძლო.

ვაცლავ ჰაველი ძალიან, წარმოუდგენლად, შეიძლება ითქვას, ავადმყოფურად პრინციპული ადამიანი იყო. 2009 წელს მას სრულიად დამსახურებულად ერთობ პრესტიჟული გერმანული პრემია, კვადრიგის ჯილდო მიენიჭა, მაგრამ 2011 წელს მან ამ ჯილდოს ორგანიზაცია „ნეცვერკ კვადრიგისთვის“ უკან მიბრუნება გადაწყვიტა, როცა გაიგო, რომ ამ პატივის მინიჭებას რუსეთის პრემიერ-მინისტრს, ვლადიმირ პუტინსაც უპირებდნენ.

ძალადობის სიძულვილი, „ხავერდის“ რევოლუცია, ჩეხოსლოვაკიის „უმტკივნეულო“ დაშლა, დალაი ლამასთან მეგობრობა, ჰაველს ჩვენს სასტიკ და დაუნდობელ დროში მშვიდობის ნამდვილ მტრედად წარმოაჩენდა. ამ ადამიანმა დაწერა 20-ზე მეტი პიესა, რომელთა დიდი ნაწილი მეოცე საუკუნის აბსურდის თეატრის სახელოვან ტრადიციას აგრძელებდა. ის ამბავი, რომ ნობელის კომიტეტს მშვიდობის დარგში ლაურეატებს შორის ვაცლავ ჰაველი წლების მანძილზე უცნაურად „გამოეპარა“, უკვე ოცდამეერთე საუკუნეში პოლიტიკური აბსურდის თეატრის ტრადიციების ნაყოფიერ გაგრძელებად შეიძლება მივიჩნიოთ.

სპეციალურად რადიო თავისუფლებისთვის
XS
SM
MD
LG