Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა. 20 დეკემბერი, 2011


„იმპერია საპასუხო დარტყმას ამზადებს“ - ასეთი სათაურით აქვეყნებს რუსეთში გამომავალი „ნოვაია გაზეტა“ ნიკოლაი დონსკოვის ვრცელ ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც კრიტიკული თვალითაა გაშუქებული რუსეთის მმართველი ტანდემის საგარეო პოლიტიკა და მზარდი მილიტარიზმი. სტატიის შესავალში ავტორი მკითხველს შეახსენებს ნაპოლეონის ცნობილ გამონათქვამს, რომელსაც ბოლო დროს ხშირად იმეორებს რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი: "ვისაც არ უნდა საკუთარი ჯარის გამოკვება, მას სხვისი ჯარის შენახვა მოუწევს". ნიკოლაი დონსკოვის მტკიცებით, პუტინი პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი საბჭოთა იმპერიის მსგავსი ევრაზიის კავშირის აღორძინებასა და დასავლეთთან დაპირისპირების ახალ ეტაპზე გადასვლას ცდილობს. ამასთან, რუსეთის ლიდერი წარმატებით არწმუნებს საკუთარ ხალხს, რომ საფრთხის წყარო ნატო და დასავლეთია, რომელიც ანტისარაკეტო სისტემის ევროპაში განთავსებით რუსეთის ეროვნულ ინტერესებს ემუქრება:

„2011 წლის ინავარში ლევადა-ცენტრის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეთა 28 პროცენტისთვის რუსეთის მთავარი მტერი ამერიკაა, ხოლო 23 პროცენტისთვის - ნატო. ამასთან, ნატო აღქმულია როგორც დასავლეთის ერთგვარი კრებითი სახე. ამგვარად, რუსი ობივატელი, ისევე როგორც ცივი ომის დროს, მიიჩნევს, რომ მისი მთავარი მტერი ამერიკა და დასავლეთი ევროპაა, რომლებსაც რუსეთის ყოფილი აღმოსავლეთევროპელი სატელიტები - პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები - შეუერთდნენ.“

სტატიის ავტორი იმასაც შენიშნავს, რომ მტრის ხატს თავიდან ბოლომდე აყალიბებს მიმდინარე პოლიტიკური კონიუნქტურა, რომლის ძალისხმევითაც 2004 წელს რუსეთის ნომერ პირველი მტერი უკრაინა იყო, 2007-ში - ესტონეთი, 2008-ში კი - საქართველო.

„იზვესტია“ მკითხველს რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიღების შესახებ ამცნობს. 16 დეკემბერს ჟენევაში გამართულმა მინისტერიალმა მოიწონა რუსეთის სურვილი გახდეს ორგანიზაციის 154-ე წევრი. სტატიაში განხილულია სიახლის დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომელთა შორის დასახელებულია საავტორო უფლებების დაცვა, მთელ რიგ პროდუქტებზე საბაჟო გადასახადების შემცირება და საფინანსო ბაზარზე კონკურენციის გაზრდა. „მოსალოდნელია დიდი ბანკების ადგილობრივ ბაზარზე შემოსვლა. მართალია, ფორმალურად ისინი რუსეთში აქამდეც იყვნენ წარმოდგენილი, მაგრამ პრაქტიკულად არც კი უმუშავიათ. მათი გამოჩენა აუცილებლად დაარტყამს საშუალო სიძლიერის ბანკებს. ბუნებრივია, საზღვრების გახსნა დადებით გავლენას იქონიებს კრედიტების გაიაფებაზე“.

ასევე რუსეთის მომავალზე მსჯელობს ცნობილი პუბლიცისტი ლეონიდ რაძიხოვსკი გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტის“ ფურცლებზე. წერილის სათაურში გამოტანილია ავტორის ფრაზა: „ჩვენ აღარ ვართ მონარქია, მაგრამ არც რესპუბლიკა ვართ“. მოსკოვსა და სხვა დიდ ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ლეონიდ რაძიხოვსკი ამბობს, რომ რუსეთი არც მონარქიის რომელიმე ფორმას დაუბრუნდება და არც ბოლშევიკურ დიქტატურას. „ვფიქრობ, იმ შუალედურ მდგომარეობაში, რომელშიც ვიმყოფებით, დიდხანს ვერ დავრჩებით. საბოლოო ჯამში, მართვის დემოკრატიულ ფორმაზე გადავალთ და იმედი მაქვს, ეს მოხდება მასშტაბური ძვრებისა და საბჭოთა იმპერიის აღორძინების მცდელობის გარეშე. იმედი მაქვს, რუსეთი იქნება დიდი და დემოკრატიული ქვეყანა, მთლად კანადასავით თუ არა, რაღაც მისი მსგავსი მაინც.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG