Accessibility links

ულვაში და ექსტრემიზმი პაკისტანში


პაკისტანელი ბიზნესმენი, ამირ მუჰამად აფრიდი

პაკისტანელი ბიზნესმენი, ამირ მუჰამად აფრიდი

ულვაშიცაა და ულვაშიც. პაკისტანელ ბიზნესმენ ამირ მუჰამად აფრიდის შემთხვევაში, ის 30 სანტიმეტრს აღწევს: ჯერ ნიკაპისაკენ ეშვება, შემდეგ კი (ნუშის ზეთისა და იმპორტირებული კოსმეტიკური ცვილის მეშვეობით) ზემოთ აღემართება და შუბლის სიმაღლეს აღწევს. ზოგი მას სალვადორ დალის (ცნობილი ესპანელი ხელოვანის) სახის დეკორაციას ადარებს, ზოგს კი კომპიუტერული თამაშების პატარა გმირის, სუპერმარიოს ასოციაცია უჩნდება. სინამდვილეში, ამირ მუჰამედ აფრიდის შთაგონების წყაროა 60-ანი წლების პაკისტანელი პოლიტიკოსი მალიკ ამირ მოჰამად ხანი. მაგრამ მასზე მოგვიანებით. ჯერ ულვაშს დავუბრუნდეთ.

ორი წლის წინ ბიზნესმენ აფრიდის მშობლიურ ქალქ ბარაში, რომელიც ჩრდილოდასავლეთ პაკისტანში მდებარეობს, ადგილობრივმა ექსტრემისტებმა გადაწყვიტეს, რომ აფრიდის ულვაში ისლამს არ ესადაგება. ამ შეფასების საფუძველზე, ისინი შეიჭრნენ ბიზნესმენის სახლში, ის წაიყვანეს თავიან ოფისში და ძალით მოპარსეს 30-სანტიმეტრიანი ულვაში.

ის დღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმძიმესი იყოო, იხსენებს აფრიდი, რომელიც 40 წლისაა: „ეს იყო მთელი რაიონისათვის სამწუხარო ინციდენტი. ხალხის 90-95 პროცენტი ძალიან დაამწუხრა ამ ამბავმა. ძალიან განაწყენდნენ, რადგან არავისთვის არაფერი დამიშავებია. ერთი უწყინარი აკვიატება მაქვს! ჩემი ულვაში უნიკალურია თავისი სტილით. ჩემი, აფრიდის თემის წევრები ამაყობდნენ, რადგან პაკისტანში სხვას არავის ჰქონდა ასეთი ულვაში“.

„საწუხარო ინციდენტის“ შემდეგ უულვაშოდ დარჩენილი ამირ მუჰამად აფრიდი სხვა რეგიონში, ფეშავარში გადასახლდა, იქ გახსნა ელექტრომოწყობილობების მაღაზია და ცდილობდა, თუ აუცილებელი არ იყო, ხალხში არ გამოჩენილიყო. ამასობაში მან, რასაკვირველია, ისევ მოუშვა ულვაში და ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, ბოლო მოეღო თვითიზოლაციისათვის. მშობლიურ ქალაქში დაბრუნებას მაინც არ აპირებს. „ხელი არ ჩამიქნევია და ისევ მოვუშვი ულვაში. ჩემთვის ეს იყო ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება, რადგან, ერთი მხრივ, ძალიან მიყვარს ჩემი მშობლიური ქალაქი, ბარა. მაგრამ ულვაშის მოშვების სურვილმა მაიძულა, მიმეტოვებინა ჩემი მშობლიური ქალაქი და ფეშავარში გადავსახლებულიყავი. ახლა, ამის გამო ვეღარ დავბრუნდები შინ“, წუხს აფრიდი.

პაკისტანში ყოველთვის ასე არ იყო. თვით აფრიდმა მას შემდეგ გადაწყვიტა ულვაშის მოშვება, რაც დიდი შთაბეჭდილების ქვეშ დარჩა 60-ანი წლების პაკისტანელი პოლიტიკური მოღვაწის, მალიკ ამირ მოჰამად ხანის ვიდეოჩანაწერის ხილვისას. მალე თვითონაც ახდენდა შთაბეჭდილებას, სანამ ექსტრემისტები აითვალწუნებდნენ. თუმცა, ულვაშის მოპარსვა არაფერია სისხლისღვრის ფონზე, რომელმაც 2004 წლიდან მოყოლებული ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა აფრიდის მშობლიურ ხიბერის პროვინციაში. ქალაქ ბარას, სადაც აფრიდი ცხოვრობდა, უკვე რამდენიმე წელია აკონტროლებს „ლაშკარ-ე ისლამი“ - ჯგუფი, რომელიც თავს დაესხა ბიზნესმენს და რომელიც, ზოგადად, მკაცრად უსწორდება ხალხს, ვისი ქმედებაც არ ესადაგება ისლამზე მის ულტრაფუნდამენტალისტურ შეხედულებებს.

სანამ ასეა, ამირ მუჰამად აფრიდი მართლაც ვერ დაბრუნდება მშობლიურ ქალაქში.
XS
SM
MD
LG