Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიპლომატებმა და პარლამენტარებმა საარჩევნო კოდექსზე ისაუბრეს


პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა დიპლომატებთან
პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა დიპლომატებთან
ცვლილებები საარჩევნო კოდექსში - ეს ის მთავარი საკითხია, რომლის გარშემო სასაუბროდაც 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის წევრები და საქართველოში აკრედიტებული ელჩები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. რას ფიქრობენ დიპლომატები - რამდენად ახლოს დგას ახალი პროექტი ევროპულ სტანდარტებსა და ვენეციის კომისიის დასკვნასთან?

ვფიქრობ, რომ მათი მხრიდან ეს კანონპროექტები შეფასებულია როგორც ევროპული სტანდარტის შესაბამისი კანონპროექტები...
დაახლოებით ორ საათს ისაუბრეს საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ახალი საარჩევნო კოდექსი, რა ცვლილებები შევა მასში, რამდენად დააკმაყოფილებს ის ევროპულ სტანდარტებს და განსაკუთრებით კი ვენეციის კომისიის საბოლოო ვრცელ დასკვნას, რომელიც 19 დეკემბერს გამოქვეყნდა. შეგახსენებთ, რომ 20 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით დამტკიცდა ორი კანონპროექტი, რომლებიც ასახავს საარჩევნო კოდექსის ახალ რედაქციასა და ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებსა და დამატებებს.

როგორც შეხვედრიდან გამოსული პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი მიუთითებდა, საარჩევნო კოდექსსა და ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები სავსებით აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და ის კარგად არის ცნობილი იმ ქვეყნების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც პარლამენტში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ.

პავლე კუბლაშვილი
პავლე კუბლაშვილი
”ვფიქრობ, რომ მათი მხრიდან ეს კანონპროექტები შეფასებულია როგორც ევროპული სტანდარტის შესაბამისი კანონპროექტები”, - მიაჩნია პავლე კუბლაშვილს.

უმრავლესობის წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი გაცილებით კონკრეტული იყო იმ საკითხების ჩამოთვლისას, რომელთა გარშემოც დიპლომატიური კორპუსისა და უმრავლესობის წარმომადგენლებმა შეხვედრისას ისაუბრეს: საარჩევნო სისტემა, გუბერნატორების მონაწილეობა საარჩევნო პროცესში, ყველა პოლიტიკური პარტიის ხელმისაწვდომობა თავისუფალ სატელევიზიო ეთერზე და სხვა... - ძირითადად ამ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება შეხვედრაზე.

”ვისაუბრეთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და იმ მთავარ კრიტიკაზე, რასაც ხმათა თანაფარდობა ჰქვია. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ საკითხზე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გავაგრძელებთ მუშაობას. მეორე საკითხია გუბერნატორების მონაწილეობა საარჩევნო კოდექსში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ უნდა ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. არის კიდევ ერთი საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს დაშვება თავისუფალი ეთერზე, - არა მხოლოდ კვალიფიციურ, არამედ ყველა პარტიას, - რაც, ჩემი აზრით, არ არის რეკომენდებული და, პირიქით, ეს უარესია, რადგან დააზიანებს იმ ძირითად პარტიებს, რომლებსაც საზოგადოების მხარდაჭერა აქვთ. შემდეგი საკითხია ნარკოტესტის გავლა. ვენეციის კომისია გვირჩევს, რომ არჩევნების შემდეგ არჩეულმა პირებმა ნარკოტესტი აღარ გაიარონ, მაგრამ ჩვენ ამ პოზიციას არ ვეთანხმებით”, - ამბობს აკაკი მინაშვილი.
თქვენ მიიღეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. საქართველოს პარლამენტმა მასზე მუშაობა უნდა გააგრძელოს...

საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში შეკრებილი დიპლომატები მიიჩნევენ, რომ ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო კოდექსში შედის, მაქსიმალურად არის მიახლოებული მაღალ სტანდარტებთან. მაგალითად, გერმანიის ელჩი საქართველოში ორტვინ ჰენიგი ფიქრობს, რომ, 100 პროცენტიანი შეფასებით, დღეს არსებულმა საარჩევნო კოდექსის პროექტმა შესაძლებელია, რომ 80 პროცენტიანი შეფასება დაიმსახუროს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ შეფასებები ინდივიდუალურია და თუკი ერთი ადამიანი მას დადებითად უყურებს, მეორემ შეიძლება ის კრიტიკულად შეაფასოს. ვენეციის კომისიის მიერ გაცემული 44 რეკომენდაციიდან საქართველოს პარლამენტმა 25 გაითვალისწინა, 10 მათგანზე კვლავ მიმდინარეობს მუშაობა, ხოლო 5 რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული, მიუთითებს გერმანიის ელჩი საქართველოში და ამბობს, საქართველოს პარლამენტმა დიდი გზა გაიარა იმისათვის, რომ ქვეყანამ დახვეწილი და სანდო საარჩევნო კოდექსი მიიღოსო:

”თქვენ მიიღეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. საქართველოს პარლამენტმა მასზე მუშაობა უნდა გააგრძელოს. მუშაობის მთავარი მიზანია, საარჩევნო კოდექსი, რომელიც საბოლოოდ დამტკიცდება, იყოს საზოგადოებისათვის სანდო. მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტმა უკვე მნიშვნელოვანი გზა გაიარა.”

ჯეიმ მაკგოლდრიკი, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ვენეციის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი გათვალისწინებულია, თუმცა კვლავაც რჩება რამდენიმე საკითხი, რომელიც ღიაა დისკუსიისათვის. ის მიიჩნევს, რომ, საბოლოო ანგარიშით, ახალი საარჩევნო კოდექსის მეშვეობით შესაძლებელი გახდება საქართველოში გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

საპარლამენტო უმრავლესობისა და დიპლომატების შეხვედრა
საპარლამენტო უმრავლესობისა და დიპლომატების შეხვედრა
საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრის პარალელურად, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს პარტიების დაფინანსების კანონპროექტთან დაკავშირებით.

როგორც ისინი მიუთითებენ, საქართველოს პარლამენტში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის ნაწილი დადებითად შეიძლება შეფასდეს, თუმცა მასში არის ხარვეზები და ბუნდოვანებები, რომელთა დაზუსტება და შეცვლა არანაკლებ მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით საყურადღებოა პოლიტიკური პარტიებისა და მათთან დაკავშირებული იურიდიული პირების საკითხი. განცახდების ხელმომწერნი მიუთითებენ იმაზეც, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან ერთად, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაც უნდა შეიზღუდოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ პარტიათა დაფინანსების რეგულირება საარჩევნო გარემოს არსებითად ვერ გააუმჯობესებს. პარტია, რომელსაც ადმინისტრაციულ რესურსებთან მეტი წვდომა აქვს, ყოველთვის უპირატეს მდგომარეობაში იქნება, რაც თავისთავად გამორიცხავს იმის თეორიულ შესაძლებლობასაც კი, რომ პოლიტიკურ პარტიებს კონკურენციისათვის თანაბარი პირობები შეექმნათ.
XS
SM
MD
LG