Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მოსარწყავად ალბათ უფრო გრძელი შლანგია საჭირო“


ვაცლავ ჰაველის წიგნი „გთხოვთ, მოკლედ“ ჩეხურიდან თარგმა ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა და ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტის მიწვეულმა თანამშრომელმა სულხან მუხიგულაშვილმა. თანგმანის შესანიშნავი ხარისხი ქართველ მკითხველს საშუალებას აძლევს სათანადოდ აღიქვას ჰაველის, როგორც მაღალი ესთეტური გემოვნების მწერლისა და პოლიტიკოსის, ნაფიქრი და ნააზრევი.

მოკლედ რომ ვთქვათ, ვაცლავ ჰაველის მოღვაწეობა და ეს წიგნიც იმის შესახებაა, თუ როგორ არ გახდე დიქტატორი, როგორ მართო ზნეობრივად და როგორ შეელიო უმტკივნეულოდ ხელისუფლებას!

ჰაველი ვერ შეცვალა ძალაუფლებამ, უფრო სწორად, ძალაუფლებამ ვერ შეცვალა მისი შინაგანი სამყარო, ფასეულობები. ოპონენტები მას საყვედურობდნენ (აქილიკებდნენ) ე.წ. „არაპოლიტიკური პოლიტიკის“ გამო (ისე პლატონიც ხომ მოითხოვდა თავად ჰომეროსის გაძევებას თავისი იდეალური სახელმწიფოდან) მაგრამ ვერც კრიტიკამ, ვერც დაცინვამ და ვერც ძალაუფლებამ ვერ ათქმევინა უარი საკუთარ კრედოზე. ჰაველი ამ წიგნშიც ხაზგასმით ამბობს, რომ სამართლებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კანონებზე მაღლა, ზნეობრივ კანონებს აყენებს.

ვაცლავ ჰაველი
ვაცლავ ჰაველი
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჰაველი არ იქცა არც მესიად და არც ერის მამად, რასაც ადგილი ჰქონდა ტოტალიტარიზმიდან გამოსულ ბევრ ქვეყანაში. ძალაუფლებამ ვერ მოახდინა ჰაველის პიროვნების რადიკალური ტრანსფორმაცია. ის დარჩა მოქალაქედ, მწერლად, ფილოსოფოსად, თუმცა შეეზღუდა თავისუფლება. ჰაველი სინანულით შენიშნავს, რომ პრაღის კრემლმა (ანუ, პრეზიდენტის რეზიდენციამ) მთლიანად ჩაყლაპა და არ შეუძლია ჯინსებითა და უხეში ძაფით ნაქსოვი ჯემპრით სიარული.

ჰაველს სხვა პოლიტიკული ლიდერებისაგან ასევე გამოარჩევს იუმორის გრძნობაც. ის ქილიკობს საკუთარ თავზე, როგორც დისიდენტზე, პოლიტპატიმარზე, პრეზიდენტზე, ვითომ გმირსა და სინამდვილეში გამოუსწორებელ მშიშარაზე. ყოველგვარი თამაშისა და პოზიორობის გარშე, გულწრფელად ამბობს, რომ ცხოვრების ყველა ეტაპზე ტანჯავდა შიში და ეჭვები. ვინც ამ წიგნს წაიკითხავს, დარწმუნდება, რომ ეს არაა პოზა და ექსტრავაგანტულობის თამაში. ჰაველი ამ ტექსტში უკიდურესად გულწრფელია. ღიად საუბრობს თავის სისუსტეებზე, ავადმყოფობებზე, ფატალურ უიღბლობაზე... თუმცა ეს არაა მომაბეზრებული წუწუნი. მწერლური ოსტატობისა და ფილოსოფიური განაზრებების ხარჯზე, ტექსტი საოცრად დინამიური და საინტერესოა. ამასთან ჰაველი არ ღალატობს თავის ჩვეულ სტილს. ტექსტში უხვადაა აბსურდის ელემენტები: ერთი შეხედვით, უაზრო, შემთხვევითი გამეორებები. თავად ავტორი ამბობს, რომ მეხსიერება ღალატობს და, გამეორებები საჯარო მიმართვებსა და წერილებშიც ხშირად გაპარვია, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ იგივე დამართნოდა წიგნის შედგენის დროსაც, მითუმეტეს ერთი და იგივე ფრაზა სამჯერ ან ხუთჯერ გაპარვოდა რედაქტორს.

„მოსარწყავად ალბათ უფრო გრძელი შლანგია საჭირო“ – 1999 წლის 4 ნოემბერს ჩანიშნული ეს შენიშვნა წიგნში 5-ჯერ მეორდება და, ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ აბსურდული და უმნიშვნელო ფრაზით ასრულებს ჰაველი თავისი 13-წლიანი პრეზიდენტობისა და, შეიძლება ითქვას, მთელი ცხვორების შემაჯამებელ წიგნს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG