Accessibility links

logo-print

სასამართლო ივანიშვილისა და მისი მეუღლის მოქალაქეობის შესახებ გადაწყვეტილებას 27 დეკემბერს გამოაცხადებს


თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის კანონიერების საკითხის არსებითად განხილვა. დღევანდელ სხდომაზე მოსარჩელე მხარის ადვოკატები შეეცადნენ მოსამართლისთვის დაესაბუთებინათ, თუ რატომ უნდა გაუქმდეს პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 11 ოქტომბერს ხელმოწერილი ბრძანებულება ივანიშვილისა და ხვედელიძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე. ადვოკატმა შალვა თადუმაძემ ჩამოთვალა კანონების 40 მუხლი, რომლებიც, მისი შეფასებით, პრეზიდენტმა დაარღვია. ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არ იყო უფლებამოსილი ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობა შეეწყვიტა, რადგან გამონაკლისი წესით მიღებული ორმაგი მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურებს არც საქართველოს და არც საერთაშორისო კანონმდებლობა ითვალისწინებს. თავის მხრივ, მოპასუხე მხარის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, წარმომადგენელმა თინათინ სირაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებაში კანონის ყველა ნორმა და პროცედურა დაცულია. მოსამართლე შოთა გეწაძე გადაწყვეტილებას 27 დეკემბერს, 14 საათზე გამოაცხადებს.
XS
SM
MD
LG