Accessibility links

თბილისის ძველი სასტუმროები თემაა, რომელიც მხოლოდ შენობებს როდი გულისხმობს. სასტუმროების ისტორია თავად ქალაქზე, იქ დროებით ჩასულ თუ მუდმივად მცხოვრებ ადამიანებზე, მაშინდელ თბილისზე მოგვითხრობს. სასტუმროებში გაჩერებული მგზავრები ამ სასტუმროების შესახებ, იქაური პირობების, დასაქმებული ხალხის, საერთოდ ქალაქის თაობაზე ჩანაწერებს აკეთებდნენ. ამას ემატება გაზეთები, რომლებიც თბილისში გამოდიოდა და, აი, ხელთა გაქვთ უზარმაზარი მოცულობის მასალა, რომლის დამუშავებასაც მოჰყვა შედეგად წიგნი - „თბილისი. ძველი სასტუმროები“. მისი ავტორი დავით ხოშტარიაა, არქიტექტურის და ისტორიის მკვლევარი, რომელმაც იმდროინდელ მოგზაურებთან ერთად, ასე ვთქვათ, დაიარა ეს სასტუმროები წარმოსახვით და რაც იფიქრა, ამ წიგნში გვიამბო.
ძველ დროში, რუსეთის საქართველოში შემოსვლამდე, თბილისში სასტუმრო არ ყოფილა. ამ ქალაქში, ქარვასლას რომ უწოდებენ, იქ სახლდებოდნენ ხოლმე ვაჭრები, ხოლო საპატიო სტუმრებს მასპინძლები თავიანთ სასახლეში იღებდნენ. სასტუმრო, ამ სიტყვის დღევანდელი გაგებით, მხოლოდ მე-19 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა.

დავით ხოშტარიას წიგნიდან შეიტყობთ, რომ პირველი სასტუმრო თბილისში ფრანგს, ნაპოლეონის არმიის ყოფილ ჯარისკაცს, გაუხსნია. „სასტუმროს საქმე - აი, ასეთი ევროპული ტიპის სასტუმროების - თბილისში ფრანგებმა დაიწყეს. პირველი სასტუმრო 1818 წელს გახსნა ვინმე ჟან პოლმა. საოცარია, რომ გვარს არსად არ ახსენებენ, ამიტომ ამ კაცის გვარი არ ვიცით. ის იყო პროვანსიდან, ნაპოლეონის არმიის ჯარისკაცი, რომელიც ტყვედ ჩავარდა რუსეთში, მერე ჩამოჰყვა ვიღაც გენერალს აქ და ის გენერალი რომ წავიდა, ეს დარჩა. და ურჩიეს, რომ გაეხსნა სასტუმრო. ის მდებარეობდა კალაში, ძველ თბილისში, იმდროინდელ „ტალახიან ქუჩაზე“ - ახლა ეს არის ალექსანდრ დიუმას ქუჩა. ...და მოგონებებში პირველი, რაც ჩნდება, ეს არის ჟან პოლის სასტუმრო - ტრაქტირის ტიპის, ანუ, როცა ეს არის რესტორანი და გასაქირავებელი ოთახი“. ფრანგმა ჯარისკაცმა მოახერხა სასტუმროს გახსნა, თანაც ტყვემ.

თბილისი აზიური ქალაქი იყო, მაგრამ ამ პერიოდში სასტუმროებს მხოლოდ უცხოელები - და არა რუსები, არამედ ახლად მოსულები, გერმანელები, ფრანგები... - ამუშავებდნენ. ამ წიგნიდან შეიტყობთ, რომ განსაკუთრებით ფრანგული ელემენტი იყო წარმატებული თბილისის სასტუმროების საქმეში. „გასათვალისწინებელია, რომ, საერთოდ, მე-19 საუკუნის შუა ხანებამდე თბილისის ტრადიციული ძველი მოსახლეობა, ანუ ქართველები, სომხები, ვთქვათ, სპარსელები და თათრები, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, ევროპელები (ბევრად მცირერიცხოვანი) ძალიან ცალ-ცალკე იყვნენ ერთმანეთისაგან. ასე ვთქვათ, მათი ინტეგრაცია, რაც შემდეგ საკმაოდ სწრაფად წავიდა მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში, მე-19 საუკუნის შუა ხანებამდე თითქმის არ ხდება. ისინი ცალ-ცალკე არსებობენ, ასე ვთქვათ. თუ თბილისში ჩამოდის ადამიანი საქართველოს რომელიმე მხარიდან, ის ან ნათესავთან ჩერდება, ან, თუ ნათესავი არა ჰყავს, მიდის დუქანში, ან, თუ ვაჭარია, მიდის ქარვასლაში. მას სასტუმრო არ სჭირდება. ამიტომ სასტუმროზე მოთხოვნილება იყო უცხოელებში. შესაბამისად, ეს ამბავი იცოდნენ ისევ აქაურმა უცხოელებმა და ისინი ხსნიდნენ სასტუმროებს. პირველ სასტუმროებში როგორც მმართველი, მომსახურე პერსონალი, ისე კლიენტურა - მთლიანად არიან ევროპელები“, ჰყვება ავტორი წიგნისა, საიდანაც შეიტყობთ, რომ რუსეთის იმპერიაში უცხოელების მასპინძლობა უყვარდათ და ეს შეეზავა ქართულ სტუმართმოყვარეობას, რაც განსაკუთრებით ერთი შემთხვევით მტკიცდება. დავით ხოშტარია თავის წიგნში გიამბობთ, როგორ დაასახლეს თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროში ყარსის ბრძოლისას რუსების მიერ ტყვედ აყვანილი ინგლისელი სამხედროები: „ინგლისელები ეხმარებოდნენ თურქებს ამ ომის დროს და როდესაც თურქებმა ბრძოლა წააგეს, ინგლისელებიც ტყვედ ჩაიგდეს რუსებმა და დიდი პატივით დაასახლეს თბილისში - სასტუმროში, რომელიც იმ დროს ყველაზე საუკეთესო იყო თბილისში, მაშინდელ გოლოვინის - ახლა რუსთაველის - პროსპექტზე. უზარმაზარი ფული დაუჯდა რუსეთის მთავრობას, სხვათა შორის, მათი შენახვა. იმდროინდელი ეტიკეტი ასეთი იყო დამარცხებული მტრის მიმართ.“

ამ დროს, მეცხრამეტე საუკენის დასაწყისიდან მოყოლებული, თბილისის სასტუმროები უკვე ვითარდებოდა. მათ შორის შეიძლება გამოვყოთ, როგორც გამორჩეული, სასტუმრო „ლონდონი“. მას გერმანელები ამუშავებდნენ, რიხტერების ოჯახი. უამრავი მოგზაური ახსენებს ამ სასტუმროს და მხოლოდ და მხოლოდ - დადებითად. თითქმის ყველა ამბობს, რომ ეს იყო საუკეთესო სასტუმრო კავკასიაში, ბევრი - საუკეთესო იყოო რუსეთში, ხოლო ერთი იმასაც კი ამბობს, მსოფლიოში არ მინახავსო ასეთი კარგი სასტუმრო. რით იყო „ლონდონი“ გამორჩეული? „აქ იყო კარგად შერწყმული ოჯახური სტუმართმოყვარეობის მოდელი, როდესაც სასტუმროს მეპატრონე პირადად იცნობს ყველა კლიენტს, პირადად ზრუნავს მათზე, ეს ოჯახური სიმყუდროვის ატმოსფერო და, მეორე მხრივ, ძალიან მაღალი სტანდარტები მომსახურების, კვების. იქ რესტორანიც იყო და ყველაფერი, რაც კი შეიძლება შესთავაზოს სასტუმრომ კლიენტს. აი, ამით მიაღწია „ლონდონმა“ მაღალ სტატუსს, რომელიც მას ჰქონდა დიდი ხნის მანძილზე, დაარსებიდან დახურვამდე, ორმოცი წელი, თითქმის.“

სასტუმრო "ორიანტი"

სასტუმრო "ორიანტი"

სანამ ქართველები გამოვიდოდნენ ამ ასპარეზზე, როგორც სასტუმროების მფლობელები თუ ისინი, ვინც სხვის სასტუმროს ამუშავებდნენ, ჩვენი თანამემამულეები იქ მხოლოდ მსახურობდნენ. ამერიკელი ჟურნალისტი ჯულიან რალფი 1898 წელს გამოქვეყნებულ მოგონებებში წერდა: „რუსეთის ქალაქებში სასტუმროები არ ვარგა და შეუძლებელიც არის ვარგოდეს იქ, სადაც მოსახლეობის ყველა ფენა უწესრიგოა და დისციპლინა აკლიათ ან უთანაბროდ აქვთ. ერთადერთი მართლაც შესანიშნავი სასტუმრო, რომელიც ჩემი მოგზაურობის დროს ვნახე, იყო სასტუმრო „ორიანტი“ თბილისში. მას ინახავდა ერთი შვეიცარიელი კაცი და მისი ცოლი, რომლებმაც იცოდნენ, რომ მსახურების შერჩევისას უნდა მორიდებოდნენ რუსებსა და სომხებს - ყველა მათგანი ქართველია“. დავით ხოშტარია ამბობს, ქართველებზე როცაა ლაპარაკი, გამონაკლისის გარეშე დასავლეთქართველები იგულისხმებიანო. რაც შეეხება სასტუმროებს და იქ არსებულ რესტორნებში კულტურულ ყოფას, ავტორი წიგნისა „თბილისი. ძველი სასტუმროები“ ამბობს, ამაზე ცნობებს ვერსად წააწყდებითო.

სასტუმრო "კავკაზი"

სასტუმრო "კავკაზი"

თბილისში არსებული სასტუმროების შენობები მეცხრამეტე საუკუნის მიწურულამდე სასტუმროებისთვის არ იყო აგებული. უბრალოდ, სასტუმროს გახსნის მსურველი ქირაობდა თბილისის საუკეთესო შენობას, როგორიც იყო ორბელიანის სახლი გოლოვინზე, დღევანდელი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ადგილას, მუხრანბატონის სახლი იმავე ქუჩაზე, კავშირგაბმულობის ყოფილი შენობის ადგილას... ასევე ზუბალაშვილების რამდენიმე შენობაში იყო სასტუმრო. დავით ხოშტარიას თანახმად, პირველი სასტუმრო, რომელიც აშენდა საგანგებოდ, იყო „ვეტცელი“. ეს არის მე-19 საუკუნის სულ ბოლო, 1897-1900 წლები. და ეს იყო პირველი შენობა, რომელიც მთლიანად დაეთმო სასტუმროს და მის ინფრასტრუქტურას. იქ იყო რესტორანი, საბილიარდო, ტექნიკური ბლოკი. თეატრიც კი ჰქონდა თავისი „ვეტცელს“.

დავით ხოშტარიას წიგნიდან შეიტყობთ ერთ საგულისხმო ფაქტსაც, კერძოდ, რომ სასტუმრო „ვეტცელის“ სათეატრო დაბრაზში 1906 წელს თურმე ოსური დრამატული თეატრი მართავდა წარმოდგენებს.

„ვეტცელს“ მოჰყვა დღევანდელი სასტუმრო „მარიოტი“, ყოფილი „თბილისი“, - უფრო ადრე მას „მაჟესტიკი“ ერქვა, - რომელიც დღევანდელ თბილისში ერთადერთი ძველი სასტუმროს შენობაა, სადაც დღესაც სასტუმროა. ბევრი შენობა განადგურდა, მაგრამ რაც დარჩა, ისინი ამჟამად ან საცხოვრებელი სახლებია, ან სახელმწიფო თუ სხვა ორგანიზაციებს უკავიათ. იგივე „ვეტცელი“, სხვათა შორის, დღესაც დგას აღმაშენებლის გამზირზე.

დაბოლოს, - გამოჩენილი ადამიანები თბილისის სასტუმრობეში. ადრევე იყო ცნობილი, რომ ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი „ლონდონის“ სტუმარი იყო. დავით ხოშტარიას თქმით, ბევრი რუსი ცნობილი ფიგურა სტუმრობდა თბილისს, „დაწყებული პუშკინით, რომელიც იყო მატასის სასტუმროში; გრიბოედოვი იყო ჟან პოლის სასტუმროში; ჩეხოვი, გორკი და ვასნეცოვი ჩამოვიდნენ ერთად და ცხოვრობდნენ „სევერნიე ნომერაში“. ეს იყო რუსთაველის პროსპექტის დასაწყისში პატარა სასტუმრო საშუალო შეძლების ხალხისთვის. „ლონდონში“ ცხოვრობდა ცნობილი ლორდი კერზონი, რომელიც იყო ინდოეთის ვიცე-მეფე და შემდეგ - ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრი. უილიამ შერმანი, ამერიკელი გენერალი, რომელიც ამერიკის სამოქალაქო ომის დროს აშშ-ის არმიას ხელმძღვანელობდა და ცნობილი იყო თავისი სამხედრო ნიჭითა და სამხრეთელების მიმართ სისასტიკით, თბილისში იყო ჩამოსული 1872 წელს და ცხოვრობდა სასტუმრო „ევროპაში“. ამავე სასტუმროში ცხოვრობდა ცნობილი მოგზაური და ჟურნალისტი ჰენრი მორტონ სტენლი, აფრიკის მკვლევარი, რომლის წიგნები მრავალ ენაზეა თარგმნილი, მგონი, ქართულადაც კი“, ამბობს დავით ხოშტარია, არქიტექტურის და ისტორიის მკვლევარი, ავტორი წიგნისა,“თბილისი. ძველი სასტუმროები“, რომელიც ახლახან გამოსცა გამომცემლობა „არტანუჯმა“.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG