Accessibility links

logo-print
ჩრდილოეთკორეელი დიქტატორის კიმ ჩენ ირის გარდაცვალება - იმ სურათებით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც ამ დღეებში გავრცელდა - შოკი აღმოჩნდა უამრავი კორეელისთვის: ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, რათა კოლექტიურად დაეტირათ დიქტატორი. ემოციებისგან თავი ვერ შეიკავა ვერც ტელევიზიის დიქტორმა, რომელმაც პირველმა გამოაცხადა ქვეყნის ლიდერის გარდაცვალების ამბავი.

ჩრდილოეთ კორეაში უკვე მუშაობენ დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც გვიამბობს, თუ რა ხდებოდა 2011 წლის მიწურულს დღევანდელი მსოფლიოს ყველაზე ჩაკეტილ ქვეყანაში. ჩრდილოეთ კორეის ეს ჩაკეტილობა, აქაური საზოგადოების იზოლაცია დანარჩენი მსოფლიოსგან არ გვაძლევს საშუალებას გავნსაზღვროთ, რამდენად გულწრფელია დიქტატორის დატირება, უფრო მეტიც, ისტერიკა, რომელიც თან ახლდა კიმ ჩენ ირის გლოვას. ამბობენ, რომ კომუნისტურ კორეაში კიმ ჩენ ირის პორტრეტი თითქმის ყველა ოჯახის საკრალური ნივთია. ჰოდა, როცა ცოცხალი ბელადის სახე გადაიქცა ხატად, ძნელი წარმოსადგენი არაა, როგორი სტრესია ასეთი კულტურისთვის ბელადის სიკვდილი.
გაოცებული ვუყურებდი აფრიკელებს, რომლებიც სტალინის სიკვდილის ამბავს რომ იგებენ, მიწას ურტყამენ თავს...

1953 წელს ჩეხმა და პოლონელმა კინემატოგრაფისტებმა ერთად გადაიღეს
დოკუმენტური ფილმი იმაზე, თუ როგორი იყო ჩინელების რეაქცია იოსებ სტალინის სიკვდილზე. საინტერესოა, რომ ფილმი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაყურებლისთვის შეიქმნა... როგორც ჩანს, იმის საჩვენებლად, თუ როგორ უნდა დაიტირონ კომუნისტებმა თავიანთი ბელადი.

სტალინის გარდაცვალების დღეებში ამ საყოველთაო, ”პლანეტარულ გლოვას” უიმედობა და მომავლის შიში უნდა დაეძლია: ბელადი, რომლის გარშემო ტრიალებდა მთელი პლანეტა, მოკვდა, ”ღმერთი მოკვდა”, მაგრამ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მშრომელები გაერთიანდებიან, ეს იქნება სასწაული, რომელიც დაამარცხებს სიკვდილს. როგორც ჩანს, ეს იდეა დაედო საფუძვლად ფილმს, რომელიც მიხეილ ჭიაურელს დაუკვეთეს სტალინის გარდაცვალების შემდეგ. ბელადის საყვარელ რეჟისორს, რომელმაც რეალური სტალინის კინოორეული შექმნა ფილმებში ”დიადი განთიადი” და ”ფიცი”, დოკუმენტურ კინოში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია, მაგრამ კრემლმა სწორედ მას დაავალა ბელადის გლოვის აღბეჭდვა ფირზე... კრემლში იცოდნენ, რომ მხოლოდ ჭიაურელს შეეძლო წარმოედგინა სტალინი, როგორც ღვთაება, რომლის სხეულს მავზოლეუმში დაასვენებენ, მაგრამ მისი სული მთელ პლანეტას მოიცავს... მხოლოდ ჭიაურელს შეეძლო ათეისტურ ქვეყანაში ბელადი-მამის უკვდავების კინემატოგრაფიული სახის შექმნა. რამდენიმე წლის წინ ჩვენ ჩავწერეთ ინტერვიუ მიხეილ ჭიაურელის ქალიშვილთან, სოფიკო ჭიაურელთან, რომელმაც ”დიად დამშვიდობებაზე” მუშაობის პროცესი გაიხსენა. მან თქვა:

”მამას დაავალეს ფილმის გადაღება სტალინის სიკვდილზე... გაემართა ”ბელიე სტოლბის” არქივში, სადაც მეც წამიყვანა. საათობით იჯდა და ნახულობდა მთელი მსოფლიოდან მოსულ მასალას - არაფერი მსგავსი არ მინახავს... გაოცებული ვუყურებდი აფრიკელებს, რომლებიც სტალინის სიკვდილის ამბავს რომ იგებენ, მიწას ურტყამენ თავს.”

”არაფერი მსგავსი არ მინახავსო”, - გვითხრა სოფიკო ჭიაურელმა... არაფერი მსგავსი არ უნდა ენახა არც მაყურებელს. იგი უნდა დარწმუნებულიყო, რომ მარტო არაა თავის გლოვაში. მოგვიანებით, როცა ნიკიტა ხრუშჩოვმა დაგმო პიროვნების კულტი, ”დიადი დამშვიდობება” აკრძალეს. უფრო მეტიც, მიხეილ ჭიაურელი, ფაქტობრივად, გადაასახლეს სვერდლოვსკში. მერე მსოფლიომ სტალინური რეპრესიების შესახებ შეიტყო და როცა - 40 წლის შემდეგ - ”დიადი დამშვიდობება” ხელახლა უჩვენეს ტელევიზიით, მაყურებლის ნაწილმა სტალინის დატირება აღიქვა როგორც თეატრი, როგორც დადგმა, რომელშიც მგლოვიარეები მხოლოდ და მხოლოდ თამაშობდნენ.

დაახლოებით ასე უყურებს დღეს მსოფლიო ჩრდილოეთ კორეის დიქტატორის დატირების კადრებს - ვიღაცას ეცინება, ვიღაც კი, უბრალოდ, დასცინის მგლოვიარეებს. არადა, ისტორიამ გვიჩვენა - ჩაკეტილ საზოგადოებაში ბელადის დატირება, ბელადის ხატად ქცევა, როგორც წესი, გულწრფელი პროცესია. გლოვას და ტრაგედიას სიცილი ცვლის მხოლოდ მაშინ, როცა ეს სივრცე გაიხსნება და როცა ადამიანები თავად გააცნობიერებენ, ვის მისტიროდნენ და რატომ მისტიროდნენ. მანამდე მთელი ჩვენი ეს ირონია, ქილიკი იმ ხალხის მიმართ, ვინც ბელადს დასტირის, მხოლოდ და მხოლოდ ქედმაღლობა იქნება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG