Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპერის მეგობრებით და ჰაველის გარეშე


თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპერის მეგობართა საბჭოს, რომელიც გასულ კვირას დაფუძნდა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ახლა კი უბრალოდ, ბიზნესმენი, დავით კეზერაშვილი უხელმძღვანელებს. მერე გვითხრეს, ხელმძღვანელი გიგი უგულავაა, კეზერაშვილი მხოლოდ საბჭოს წევრიაო.. აქამდე კეზერაშვილს ოპერის სიყვარული არასდროს გამოუხატავს. ცოტა უხერხული იქნებოდა იმის ახსნა, თუ რატომ მაინც და მაინც დავით კეზერაშვილი. თუკი მხოლოდ იმიტომ, რომ წარმატებული ბიზნესმენია, ლოგიკური იქნებოდა დახმარებოდა, მაგალითად, ქართულ ჯარს, ან სამხედრო აკადემიას. ანდა, უბრალოდ, ქართველი ჯარისკაცების ოჯახებს. მაგრამ ეს ოპერა საიდანღა გაჩნდა?

პრინციპში არც გიგი უგულავა შემიმჩნევია ოპერის განსაკუთრებულ სიყვარულში... უფრო მეტიც, ვზივარ და ვფიქრობ, როდიდან გაიტაცა ოპერამ საქართველოს ხელისუფლება? ასლან აბაშიძეს რომ უყვარდა ჯუზეპე ვერდი, განსაკუთრებით ბავშვების შესრულებით, ეს მახსოვს. მაგრამ ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ მოსული ხალხი თავიდან ხომ სწორედ იმით გამოირჩეოდა, რომ ”ხალხურ-მასობრივზე” აკეთებდა აქცენტს... გახსოვთ, რამდენი იქილიკეს სააკაშვილზე ქართველმა ინტელექტუალებმა, ”ღონისძიება-კონცერტებზე” ხან რუსლანა და ხანაც ტოტო კუტუნიო ჩამოჰყავსო?... მერე რაღაცეები შეიცვალა ამ ქვეყანაში - კულტურის მინისტრი გახდა პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. და სტილიც უფრო დაიხვეწა - სტინგიც ჩამოვიდა, სოფო ნიჟარაძემაც იმღერა კარერასთან ერთად, ბოჩელიმ დაატკბო ბათუმის ”პიაცა”...

მანამდე ოპერა მხოლოდ ერთხელ იყო აქტუალური - ნინო ანანიაშვილი დაუბრუნდა თბილისს. სახელოვანი ბალერინასთვის მოსწავლეთა სასახლის გადაცემის ამბავი არ გამოვიდა და განაწყენებულმა ანანიაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში აფრიკის რომელიღაც ქვეყანა დაასახელა, იმათაც არ აქვთ ბალეტი და არაფერი დაუშავდათ, ამიტომ ბოლოს და ბოლოს წავალო (სხვაგვარად რომ ვთქვათ, ”მე ვარ ბალეტიო”)..

საბედნიეროდ, არ წავიდა. ხელისუფლებამ, როგორც დღეს გაირკვა, ბიძინა ივანიშვილის დახმარებით, ყურადღება არ მოაკლო ოპერის თეატრს. თუმცა მხოლოდ ეს თეატრი არ იკმარა: ქუთაისში გახსნა... უფრო სწორად, ააშენა ოპერა (პრეზიდენტმა ეს შენობა რატომღაც ვენის ოპერის თეატრს შეადარა). მერე კი ბათუმსაც აჩუქა ოპერის თეატრი საგანგებოდ დადგმული ”ქეთო და კოტეთი”, რომლის სანახავად მიხეილ სააკაშვილმა თვით მონაკოს პრინცი დაპატიჟა.

”ვარდების რევოლუციის” შემდეგ 8 წელი გავიდა. წარსულს ჩაბარდა რუსლანას კონცერტები თავისუფლების მოედანზე. სტილი დაიხვეწა. შარშან უკვე ”ქეთო და კოტეს” დონეზე ავედით. მომავალ წელს, როგორც ჩანს, ”ოპერის მეგობართა საბჭოს” ძალისხმევით ახალ სიმაღლეებს დავიპყრობთ. არაა გამორიცხული, რაღაც პროპაგანდისტულიც ვიხილოთ. რა მოხდა? ბოლოს და ბოლოს ვერდიმ ეგვიპტის ხელისუფლების დაკვეთით დაწერა ”აიდა”, გლინკამ მეფის დაკვეთით - ”სიცოცხლე მეფისთვის”. ოპერა და ბალეტი ძალიან ბევრ ქვეყანაში, როგორც წესი, ხელისუფლების ფრთისქვეშ ცოცხლობდა. ძალაუფლების ინსტიტუტი ინახავდა საოპერო თეატრს და შესაბამისად, ოპერა ”უმღეროდა” ხელისუფლებას. ამიტომაცაა, რომ სტალინი პირადად აჯილდოვებდა ხოლმე პრემიებით ოპერის მომღერლებს. ეს ტრადიცია რუსეთში დღესაც გრძელდება. პუტინს ოპერა არასდროს ყვარებია, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია ”გაცვლითი ვიზიტები” - პუტინი გერგიევთან, გერგიევი პუტინთან. მერე კონჩალოვსკიმ დადგა პროკოფიევის ”ომი და მშვიდობა”, რომელშიც ერთგვარად ძეგლი დაუდგა... რუსულ არმიას, რითაც ძალიან ასიამოვნა რუსეთის ხელისუფლებას.

ოპერა რუსეთში ყოველთვის ძლიერი ხელისუფლების სიმბოლოდ ითვლებოდა... და ვინაიდან, გვინდა ეს თუ არ გვინდა, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ქართული სახელმწიფო კვლავაც მიბმულია რუსეთზე - უფრო სწორად, კვლავაც ”იმეორებს” რუსეთს, - ოპერის აღორძინების პროცესში აქაც გავლენიანი, მდიდარი ვაჟკაცები ჩართეს. მათ შორის, არც მეტი არც ნაკლები - თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

მაგრამ დავუბრუნდეთ ჩემს საყვარელ კითხვას - ”რატომ”? რატომ მაინც და მაინც ოპერა?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად 20-იანი წლების საბჭოთა არქიტექტურა გავიხსენოთ; მაგალითად აბსოლუტურად გენიალური არქიტექტორი გოლოსოვი, რომლის ”თეატრალურ პროექტებში” ამფითეატრზე, ლოჟაზე, იარუსებზე უარია ნათქვამი. უფრო მეტიც, სცენასაც აღარ აქვს რამპა. თეატრალური დარბაზი შენდება ე.წ ”მასობრივი მოქმედების თეატრისთვის”, სადაც, უზარმაზარ სივრცეში, სინთეტიკური სანახაობები უნდა დაიდგას და, რაც მთავარია, ეს სპექტაკლი ყველა მაყურებელმა ერთნაირად ცხადად უნდა დაინახოს. ”მასობრივი მოქმედების თეატრი” ყველანაირ იერარქიას ბოლოს უღებდა. ადამიანები მოდიოდნენ თეატრში, რათა აქ მაინც ეგრძნოთ თანასწორობის სიტკბო. უფრო მეტიც, ისინი ჩართულები იყვნენ მოქმედებაში, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ შემოქმედების უნარი აბსოლუტურად ყველა ადამიანს აქვს.

მეიერხოლდი შეეწირა ამ მშვენიერ უტოპიას. დანარჩენი ”უტოპისტებიც” გადაასახლეს და დახვრიტეს; თეატრალურ დარბაზებს ისევ დაუბრუნდა პარტერი, იარუსები, ლოჟა. მოსკოვის დიდი თეატრი ისევ იქცა ”სამყაროს ცენტრად”, რომლის ლოჟაში, საპატიო ადგილი ჰქონდა ”დაჯავშნული” გენერალისიმუსს, იოსებ სტალინს.

ასე აღორძინდა შუა საუკუნეების ოპერის ტრადიცია, რომელიც მუდმივად თავს იჩენს ხოლმე იერარქიულ ვერტიკალზე აწყობილ საზოგადოებებში.

მახსოვს, მეგობარი მიყვებოდა, როგორ დესწრო ბარსელონაში კონცერტს, რომელშიც რომელიღაც ქართულ ანსამბლს უნდა მიეღო მონაწილეობა. თავისი უცხოელი ნაცნობები წაიყვანა, თუმცა დარბაზი მხოლოდ ქართველი ემიგრანტებით იყო სავსე. წარმოდგენამ ოდნავ დააგვიანა. აღმოჩნდა, რომ პუბლიკა თავის ”მამა-მარჩენალს”, ტარიელ ონიანს ელოდებოდა. ლოჟაში ონიანის გამოჩენასთან ერთად, ხალხი ფეხზე ადგა, ზურგი შეაქცია სცენას და ოვაციები მოუწყო ესპანეთში დასახლებულ ”კანონერ ქურდს”.

ჰოდა, ოპერაში ეს იერარქიულობა განსაკუთრებით შთამბეჭდავია ხოლმე. ქვეყნის მეთაური სამთავრობო ლოჟაში. იქვე დაცვა. ცოტა ქვევით მინისტრები. პარტერში - წინა რიგებში - ქურქებში გამოწყობილი, ხელისუფლებასთან დამეგობრებული ჟურნალისტები, მათი მეგობარი მუსიკოსები, არტისტები, მოდელიორები. ცოტა უკან, ამფითეატრში - ბანკირები და ბენზინის ჩამომტან-გამავრცელებლები. იქვე შეიძლება რომელიმე კლინიკის მფლობელი, ანდა, სუპერმარკეტების ქსელის პატრონი ვიხილოთ.

და, რაც მთავარია, ყველა ეს მაყურებელი აუცილებლად ”მეორე ნახევრით” დაესწრება წარმოდგენას. ოჯახის წევრებმა უნდა იგრძნონ, რამდენად სასიამოვნოა ქვეყნის პირველ პირთან ერთად ოპერის ნახვა და მოსმენა.

ჰო, სამღვდელოება დამავიწყდა კინაღამ. ჩვენს თეატრში მათთვის ალბათ მეორე ლოჟას გამოყოფენ - სადღაც პრეზიდენტის ლოჟის გასწვრივ.

ცხადია, ეს სურათი ყველაზე სასიამოვნო თავად ქვეყნის პირველი პირისთვის იქნება. თუკი ”ოპერის მეგობართა საბჭო” დაუღალავად იშრომებს, თუკი, მაგალითად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ახლა კი წარმატებული ბიზნესმენი, მიიზიდავს თანხებს საოპერო ხელოვნების ასაღორძინებლად, თბილისს ეწვევიან ოპერის დიდი ვარსკვლავები. პრეზიდენტი ზემოდან გადმოხედავს დარბაზს, დროდადრო ზევითაც აიხედავს, იარუსებისკენ, სადაც ”შედარებით უბრალო პუბლიკა” იჯდება და დაინახავს ქვეყნის მოდელს - მის გარშემო გაერთიანებულ ხალხს, რომელმაც, არაა გამორიცხული, ცოტა ხანში, სცენას ზურგი შეაქციოს და მას - როგორც კულტურის დიდ მოამაგეს, ოვაციები მოუწყოს.

ამ ქვეყანაში, როგორც ჩანს, ასეთი ოვაციები კიდევ დიდხანს იქნება. ჩვენ ჯერ არ გვყავს ჩვენი არქიტექტორი გოლოსოვი. არც მეიერხოლდი გვყავს, სამთავრობო ლოჟებზე უარი რომ ვთქვათ და ყველანი - მთავრობა, მინისტრები, მუსიკოსები, არტისტები - გავხდეთ ”ქანდარის შვილები”, რომელთაც თანასწორობის სიტკბო სიამოვნებას ანიჭებთ... ჩვენ ჯერ არ გვყავს ჩვენი ჰაველი, ”ლოჟებიან ოპერას” რომ ბოლო მოუღოს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG