Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის რესპუბლიკა ვაცლავ ჰაველს ემშვიდობება


მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები და ოფიციალური წარმომადგენლები ჩამოვიდნენ დღეს პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის დაკრძალვაზე დასასწრებად. ჰაველი იყო დრამატურგი, დისიდენტი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაში ჩეხოსლოვაკიის 1989 წლის „ხავერდოვან რევოლუციაში“, რასაც სახელმწიფო სისტემის შეცვლა მოჰყვა. ოფიციალური ცერემონია გაიმართა პრაღის კრემლში, წმინდა ვიტუსის ტაძარში, სადაც ქვეყნის ყოფილი მეთაურის ცხედარი იყო დასვებული. ჰაველთან, რომელიც კვირას გარდაიცვალა 75 წლის ასაკში, ოფიციალური გამომშვიდობება შუა დღისას მოხდბა, როცა დუმილის წუთს მოჰყვა ეკლესიების ზარების რეკვა და 21 გასროლა. ვაცლავ ჰაველის დაკრძალვის ცერემონიას, სხვათა შორის, ესწრებოდა მისი მმართველობის დროს აშშ-ის პრეზიდენტი, ბილ კლინტონი, მეუღლესთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან ერთად, ისევე როგორც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი, გერმანიის პრეზიდენტი, კრისტიან ვულფი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ლეხ ვალენსა, ჩეხეთში დაბადებული, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მედლინ ოლბრაიტი, რომელიც სიტყვით გამოვიდა ცერემონიაზე ჩეხეთის პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, კარელ შვარცენბერგთან ერთად. პრაღის კრემლში ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდეტი, მიხეილ სააკაშვილი. ვაცლავ ჰაველი ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი გახდა ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ. ის აირჩიეს ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად, როცა ქვეყანა, 1993 წელს ორ, ჩეხურ და სლოვაკურ ნაწილებად გაიყო. ჰაველს პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა 2003 წლამდე. დღევანდელი ცერემონიის შემდეგ ჰაველის ცხედარი პრაღის, სტრაშნიცის კრემატორიუმში გადაასვენეს. მის ფერფლს შობის შემდეგ ოჯახის აკლდამაში მოათავსებენ.
XS
SM
MD
LG