Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”დაარღვიე სიჩუმე”


ადამიანის უფლებათა ცენტრი ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის ერთ-ერთ ქმედით საშუალებად კამპანია ”ბოდიშის” აქტიურად წარმოებას მიიჩნევს. კამპანია 2007 წლის მარტში დაიწყო და მიზნად მხარეთა შორის ურთიერთპატივისცემისა და ნდობის ჩამოყალიბებას ისახავს. კამპანიის ფარგლებში ამ ცოტა ხნის წინ შეიქმნა დოკუმენტური ფილმი.

”დაარღვიე სიჩუმე” - ასე ჰქვია ფილმს, რომელიც რეჟისორმა გიორგი ჯანელიძემ გადაიღო. ფილმი ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ”ბოდიშის” კამპანიის 4 წლიანი საქმიანობის ერთგვარი შეჯამებაა. ფილმში 40 წუთის განმავლობაში აფხაზეთის ომთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული პოლიტიკოსები, მეცნიერები, სამხედრო პირები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები, ერთი მხრივ, ომის გამომწვევ მიზეზებზე, მეორეს მხრივ კი, ”ბოდიშის” კამპანიის მნიშვნელობაზე საუბრობენ.
ჩვენი ბოდიში იქნება ის, როდესაც ჩვენ სკოლაში ბავშვებს ვასწავლით საქართველოს ისტორიას, სადაც იქნება აფხაზური ხედვა გათვალისწინებული ...

”აზრთა სხვადასხვაობაა, რა თქმა უნდა, ყველა ერთიანი არ არის ბოდიშთან მიმართებაში, მაგრამ ფილმის მთავარი მიზანი იყო შემდგარიყო დისკუსია, დაწყებულიყო მსჯელობა ამ თემაზე და ეს დისკუსია დაიწყო, რის გამოც მე მართლა ბედნიერი ვარ და ვთვლი, რომ ეს იქნება პირველი ნაბიჯი შერიგებისკენ. იგეგმება ამ თემის განვრცობა. პირველი ფილმი შევქმენით იმ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც მეტ-ნაკლები პასუხისმგებლობა აკისრიათ ამ კონფლიქტის გამო, ხოლო შემდეგი ნაბიჯი - ვიმედოვნებ, ეს შესაძლებელი გახდება - იქნება უკვე ფართო საზოგადოება ქართველების მხრიდან, აფხაზების მხრიდან”, გვითხრა გიორგი ჯანელიძემ და კიდევ ერთხელ გაგვიმეორა, რომ იგი პოტენციური რესპონდენტებისგან ბოდიშის მოხდას კი არა, დისკუსიაში ჩართვას ისურვებდა. დისკუსია, მცირე მასშტაბით, ფილმის პრეზენტაციის შემდეგაც გაიმართა.

”ჩვენი ბოდიში იქნება ის, როდესაც ჩვენ სკოლაში ბავშვებს ვასწავლით საქართველოს ისტორიას, სადაც იქნება აფხაზური ხედვა გათვალისწინებული. არ იქნება მთელი ფურცლები ამოჭრილი, რომ აფხაზეთი არაფერი იყო. ქვეყანამ საქართველო გააერთიანა, სხვათა შორის, კახეთი ძალით დაიპყრო და შემოუერთა საქართველოს. აფხაზები საქართველოს ისტორიას ისე ასწავლიან, რომ თითქოს საქართველოა აფხაზეთი, ჩვენ აფხაზეთის ისტორიას ისე ვასწავლით, როგორც აფხაზეთია საქართველო. ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს, ჩვენ ერთმანეთის ჭირისუფლები ვართ.”

პოეტ შალვა ბაკურაძის გამოსვლის მთავარი არსი იყო ის, რომ ყველაზე დიდი ბოდიში ქართველების მხრიდან აფხაზების მიმართ აფხაზთა გადაწყვეტილებისადმი პატივისცემა იქნებოდა. ჟურნალისტმა ნანა ჯანაშიამ კი, თავის მხრივ, შემდეგი გვითხრა:

” მე ვერ გეტყვი, რომ ეს ხალხი ჩვენი ბოდიშის მოხდით რაღაცას შეცვლის. მათ აქვთ თავიანთი ინტერესები, საკმაოდ მოწამლულები არიან დიდი რუსეთის მიერ იმ იდეით, რომ ისინი იქნებიან თავისუფლები, დამოუკიდებლები, ოდესმე იქნება იქ პატარა შვეიცარია და ასე შემდეგ. და ძალიან ბევრს სჯერა ამის, მაგრამ რეალობა სულ სხვა არის. მე თავად პირადად დამნაშავედ თავს საერთოდ არ ვგრძნობ - ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარდა და რომელმაც გამზარდა, მაგათმა ნასროლმა გრადმა იმსხვერპლა. მე აბსოლუტურად არ მაქვს ამის სურვილი, მაგრამ თუ ეს საქმეს დასჭირდება, მეც მოვუხდი ყველას ბოდიშს.”

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი
ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელის, უჩა ნანუაშვილის განმარტებით კი, ბოდიშის მოხდით თითოეული ადამიანი აღიარებს თავის წილ პასუხისმგებლობას იმისას, რომ წლების წინ ომის დაწყება ვერ აღკვეთა. იგი ფიქრობს, რომ „ბოდიშის აქცია“, რომელიც ძირთადად ქართველებისთვის დაიგეგმა და, კარგი გაგებით, პროვოკაციული იყო, შედგა.

” მთავარი, რაც ჩვენ დავინახეთ, არის ის, რომ საზოგადოების დამოკიდებულება გარკვეულწილად შეიცვალა. ის მილიტარისტული ისტერია, რომელიც ომამდე არსებობდა, ის დამოკიდებულება, რომ აფხაზეთი განხილული იყო როგორც ტერიტორია და ყველას დავიწყებული ჰყავდა ხალხი, შეიცვალა. დღეს ძალიან ხშირად გაისმის იგივე, რომ აფხაზები უნდა დავიბრუნოთ, პირველ რიგში, და არა ტერიტორია.”

ესაა ერთგვარი დასკვნა, რომელსაც უჩა ნანუაშვილი კამპანია ” ბოდიშის” დაწყებიდან 4 წლის შემდეგ აკეთებს. ერთდროულად პროვოკაციული და სენსიტიური კამპანიის შედეგები, სწორედ მოსაზრებათა და შეფასებათა მრავალფეროვნების სახით, კარგად გამოჩნდა ფილმშიც ”დაარღვიე სიჩუმე”.

გიორგი ჯანელიძე, ფილმის რეჟისორი
გიორგი ჯანელიძე, ფილმის რეჟისორი
ფილმში ”ბოდიშის” კამპანიისადმი ზოგი მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს, ზოგი კი დადებითს, თუმცა ყველა თანხმდება იმაზე, რომ ომი შეცდომა იყო და ამ შეცდომებს გააზრება და ოპტიმალური გადაწყვეტილებები სჭირდება. რამდენად მნიშვნელოვანია კამპანია აფხაზური მხარისთვის? - ამ შეკითხვით ფილმის ერთ-ერთ გმირს, თბილისში მცხოვრებ აფხაზ ქალბატონს, დევნილთა ქსელის ”სინერგია” ადვოკატირების ჯგუფის წევრს რუსუდან მარშანიას მივმართეთ. პასუხი ასეთი იყო:

” რა თქმა უნდა, მოსწონთ, რომ ქართველები, თუნდაც მათი მცირე ნაწილი, ცდილობს პასუხისმგებლობა აიღოს იმაზე, რაც ორ ხალხს შორის მოხდა. მაგრამ ისინი, ამავდროულად, ფიქრობენ, რომ ვიდრე ამის მიღმა სახელმწიფო სტრატეგია არ დგას და სახელმწიფო არ ცდილობს იმის პრევენციას, რომ რაც წარსულში იყო, მომავალში არ განმეორდეს, ეს ცალკეული ადამიანების კეთილი ნება და ცარიელი სიტყვებია. თუმცა მე შემიძლია ვთქვა, რომ აფხაზეთში არიან ადამიანებიც, რომელთაც სიამოვნებთ ბოდიშის მოსმენა და რომელთაც ესმით, რომ ეს სიტყვები აუცილებლად უნდა ითქვას, აუცილებლად უნდა ითქვას.”
XS
SM
MD
LG