Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია 26 მაისის მოვლენებს წლის მთავარ უფლებადარღვევად აფასებს


საიას პრეზენტაცია
საიას პრეზენტაცია
“26 მაისი - აქციის დაშლის დროს და მასთან კავშირში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების ანალიზი” - ამ სახელწოდების ანგარიშის პრეზენტაციით დახურა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” ადამიანის უფლებათა კვირეული 23 დეკემბერს სასტუმრო ”ჰოლიდეი ინ”-ში. ქართულ-ინგლისურენოვანი დეტალური ანგარიში 200 გვერდს აღემატება და მასში, ფაქტების ანალიზის გარდა, შესულია 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ფოტოები და საიასა და ძალოვანი სტრუქტურების ოფიციალური მიმოწერა. ახალგაზრდა იურისტები აცხადებენ, რომ მხოლოდ 16 სამართალდამცველის დასჯა არ არის ადამიანის უფლებათა დარღვევის იმ ფაქტების პროპორციული, რაც 26 მაისს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მოხდა.
მასიურად აკავებდნენ ადამიანებს, ეპყრობოდნენ არაადამიანურად, პოლიციამ ძალას გადაამეტა, რის შედეგადაც ადამიანები დაზარალდნენ და რამდენიმე მათგანი დაიღუპა კიდეც ...

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მიიჩნევს, რომ აქციის დარბევის დღე - 26 მაისი - მანამდე და შემდეგ განვითარებული მოვლენები 2011 წლის ადამიანის უფლებათა დარღვევების ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითია. ქართულ-ინგლისურენოვანი ანგარიში, რომელიც სწორედ ამ მოვლენების დეტალურ აღწერას და შეფასებას ეძღვნება, 200 გვერდს აჭარბებს. საიამ ფაქტების მოძიება და მათი სამართლებრივი ანალიზი 26 მაისამდე განვითარებული მოვლენების შესწავლით დაიწყო და იმ დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული საპატიმრო პირობების შეფასებით დაასრულა, სადაც აქციის დარბევის შემდეგ მისი მონაწილეები იმყოფებოდნენ:

”მასიურად აკავებდნენ ადამიანებს, ეპყრობოდნენ არაადამიანურად, პოლიციამ ძალას გადაამეტა, რის შედეგადაც ადამიანები დაზარალდნენ და რამდენიმე მათგანი დაიღუპა კიდეც. ის, რომ მსგავსი რამ ამ ქვეყანაში არ ხდება პირველად, გვაძლევს ბიძგს, რომ დეტალურად შევისწავლოთ ყველა ფაქტი იმისათვის, რომ გამოიძიონ ისინი, მოჰყვეს მას კონკრეტული რეაგირება, რომ მომავალში კვლავაც არ განმეორდეს იგივე”, - აცხადებს საიას თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი.

თამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი
მისი თქმით, აქციებთან დაკავშირებული 96 დაკავებული პირის საქმიდან საიამ 18 ადამიანის საქმე შეისწავლა. ყველა საქმეში ბრალდებები ერთმანეთის მსგავსია, გვეუბნება თამარ ჩუგოშვილი:
”მაგალითად, ის, რომ ადამიანები გამთენიისას ხმამაღლა იგინებოდნენ თავიანთი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა ამის მოწმეც კი არ არსებობს და მხოლოდ პოლიციელების ჩვენების საფუძველზე აპატიმრებდნენ მათ.”

ანგარიშში მოხვდა ძალის გადამეტების ყველა ფაქტი, მათ შორის - ხუთი ადამიანის სიკვდილის და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტები: ”ამას ისიც ემატებოდა, რომ არ იყო დატოვებული თავისუფალი გასასვლელები აქციის მონაწილეებისათვის, რათა საფრთხის შემთხვევაში ისინი ადგილიდან გაქცეულიყვნენ.”

შსს დღეს არ აწარმოებს არანაირ ეფექტურ წინასწარ გამოძიებას 26 მაისს ძალის გამოყენების ფაქტებზე ...
სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საიას კიდევ ერთი პრეტენზია აქვს, რომელიც რეზინის ტყვიების გამოყენებას უკავშირდება, ამბობს ვახუშტი მენაბდე: ” განურჩევლად საჭიროებისა იყენებდნენ რეზინის ტყვიებს და არ აკმაყოფილებდნენ უკიდურესი აუცილებლობის და მინიმალური დისტანციის პირობებს. რეზინის ტყვიებს ადამიანებს ესროდნენ დამიზნებით, თავის არეში.”

მიუხედავად იმისა, რომ 26 მაისის მოვლენების შემდგომ 16 პოლიციელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების მსგავსად, მიიჩნევს, რომ ეს საკმარის რეაგირებად ვერ ჩაითვლება. მათ არა აქვთ ინფორმაცია კონკრეტულად ვინ და რა დარღვევებისთვის დაისაჯა და, გარდა ამისა, ამბობს თამარ ჩუგოშვილი, უნდა დაისაჯონ არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ ის პირები, ვინც აქციის დაშლა დაგეგმა. ახლა საიას საქმეები სტრასბურგის სასამართლოში მიაქვს. მიზეზი კი ისაა, განმარტავს იურისტი გიორგი გოცირიძე, რომ საქართველოში ყველა ადგილობრივი რესურსი ამოწურულია:

”შსს დღეს არ აწარმოებს არანაირ ეფექტურ წინასწარ გამოძიებას 26 მაისს ძალის გამოყენების ფაქტებზე, სისხლის სამართლის საქმეებს ვგულისხმობ, და რადგან აქ ყველა რესურსი ამოწურულია, ჩვენ გადავწყვიტეთ ვიბრძოლოთ სტრასბურგის სასამართლოში. შევარჩიეთ ”სახალხო კრების” აქტივისტების რამდენიმე საქმე - მათ შორისაა იმ პირის საქმე, რომელმაც აქციის დარბევის დღეს მხედველობა დაკარგა.”

ამ საქმეებს შორისაა 26 მაისის აქციების ორგანიზატორი ”სახალხო კრების” წევრთა საქმეებიც. „სახალხო კრების“ წარმომადგენელი ნონა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს რამდენიმე წლით ციხეში ცრუ მოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობით უშვებენ:
კარგია, როდესაც უცხო ქვეყნების შეცდომებზე სწავლობ ჭკუას, მაგრამ ხდება ისეც, როდესაც საკუთარი შეცდომების გათვალისწინებით გიწევს გამოცდილების დაგროვება ...

”სასამართლოებზე ცრუ მოწმეები მოჰყავთ და მათი ჩვენებების საფუძველზე ადამიანებს ოთხ და ხუთ წელს აძლევენ. რისთვის? ისინი ხომ, უბრალოდ, აქციებში მონაწილეობდნენ?“

შსს-ს წარმომადგენელმა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტიდან, შალვა კვინიხიძემ, შენიშნა, რომ მსგავსი ანგარიშები მათ ეხმარებათ გააუმჯობესონ ადამიანის უფლებების სფეროში არსებული ვითარება. თუმცა მან ისიც აღნიშნა, რომ ანგარიშში ძალოვანი სტრუქტურების მხოლოდ კრიტიკა მოხვდა და არც ერთი სიტყვა არ იყო ნათქვამი მათ მიერ გადადგმულ თუნდაც ერთ სწორ ნაბიჯზე:

საიას ანგარიშის პრეზენტაცია
საიას ანგარიშის პრეზენტაცია
”თეორია ერთია, პრაქტიკაში კი ხშირად სხვაგვარად ხდება. კარგია, როდესაც უცხო ქვეყნების შეცდომებზე სწავლობ ჭკუას, მაგრამ ხდება ისეც, როდესაც საკუთარი შეცდომების გათვალისწინებით გიწევს გამოცდილების დაგროვება. სახელმწიფოს უწევს, ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენოს ძალა, თუმცა ეს ძალა უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და ქვეყნის კანონმდებლობის ადეკვატურიც. ამ კუთხით მართლა ბევრი რამ კეთდება. ჩვენი თანამშრომლებისათვის ტარდება სპეციალური ტრენინგები. სხვათა შორის, შედეგების პრეზენტაციაც გვქონდა, სადაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“ მოვიწვიეთ, მაგრამ არავინ მოსულა. კარგი იქნებოდა, რომ მოგესმინათ, თუ რა კეთდება. მაშინ იქნებ ერთი-ორი დადებითი სიტყვით მოგეხსენებინეთ ანგარიშში.”

ანგარიშის ბოლოთქმაში საია კიდევ ერთხელ მიმართავს პროკურატურას და აქციის მონაწილეების მიმართ ჩადენილი ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე სათანადო და ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს. პროკურატურა კი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ საქმე კონკრეტულ უფლებადარღვევაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიძვრება, თუ მას დაზარალებულის მხარე ან მისი ინტერესების დამცველი ოფიციალური განცხადებით მიმართავს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG