Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფცია დაამტკიცა


111 ხმით 3-ის წინააღმდეგ - საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, 23 დეკემბერს, დაამტკიცეს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც ჩაანაცვლებს 2005 წელს მიღებულ წინამორბედ დოკუმენტს. ახალ კონცეფციაში, რომელიც დეპუტატებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ წარუდგინა, ძირითადი აქცენტი კეთდება რუსეთის ფედერაციისგან მომდინარე საფრთხეებსა და გამოწვევებზე.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია მრავალმხრივი დოკუმენტია და ის ასახავს როგორც ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და რისკებს, ასევე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და აკონკრეტებს ეროვნულ ინტერესებსა და ძირითად ღირებულებებს.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ბათუ ქუთელიას თქმით, ამ დოკუმენტში ”საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უცვლელია მისი ღირებულებები: თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, კეთილდღეობა და მშვიდობა.” ამასთან, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებებით უცვლელ პრიორიტეტად რჩება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ხოლო ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში, მისი თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან. ხაზგასმით აღინიშნება ასევე ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების მიზანი როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში.
რუსეთის აგრესიის საბოლოო მიზანი იყო არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ან მარიონეტული რეჟიმების საერთაშორისო აღიარება, არამედ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა ...

როგორც ბათუ ქუთელია აღნიშნავს, ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფციის შემუშავება განაპირობა ”ახალმა რეალობამ უსაფრთხოების კუთხით, რომელიც წარმოიშვა 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ” და ”იმ სხვა ცვლილებებით”, რაც შეინიშნება ”ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების გარემოში”. სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ბევრი ფიქრობს, რომ ეროვნული უსაფრთხოების ახალმა კონცეფციამ რამდენიმე წლით დაიგვიანა და შესაძლოა ამით ერთგვარი ვაკუუმიც კი შეიქმნა. ამგვარი მოსაზრება რამდენიმე დეპუტატმა 23 დეკემბრის საპარლამენტო სხდომაზეც გამოთქვა. თუმცა, საერთო ჯამში, დოკუმენტმა დეპუტატების აშკარა მოწონება დაიმსახურა.

რაც შეეხება უშუალოდ რუსეთისგან მომდინარე გამოწვევებსა და საფრთხეებს, ახალ კონცეფციაში ნათქვამია, რომ 2008 წელს ”რუსეთის აგრესიის საბოლოო მიზანი იყო არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ან მარიონეტული რეჟიმების საერთაშორისო აღიარება, არამედ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი გზით ჩანაცვლება, რადგან დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო რუსეთის ფედერაციის მმართველი პოლიტიკური ელიტის მიერ მნიშვნელოვან საფრთხედ აღიქმება”.

საქართველოს მთავარ საფრთხეებსა და გამოწვევებს შორის დასახელებულია რუსეთის ფედერაციის მიერ „საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია“ და „ახალი სამხედრო აგრესიის რისკი“. ბათუ ქუთელია აღნიშნავს, რომ ”ოკუპაციის საფრთხეს” არაერთი შემადგენელი ნაწილი აქვს - ”დაწყებული ეთნიკური წმენდით და დამთავრებული იმ სამხედრო აღმშენებლობით, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახდენს რუსეთის ფედერაცია.”

ბათუ ქუთელია
ბათუ ქუთელია
ბათუ ქუთელიას თქმით, ამ საფრთხეებისა და გამოწვევების განეიტრალების მექანიზმები ასახულია პოლიტიკურ პრიორიტეტებში. დეოკუპაციის პოლიტიკა, დოკუმენტის მიხედვით, გათვლილია აბსოლუტურად მშვიდობიან პროცესზე და ითვალისწინებს საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო მეტ ჩართულობასა და ეფექტიანი საერთაშორისო მექანიზმების შექმნას. საქართველო ერთგული რჩება ცალმხრივი სამშვიდობო ინიციატივის, რაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით ძალის გამოუყენებლობას გულისხმობს, თუმცა, ბათუ ქუთელიას განმარტებით, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ითვალისწინებს თავდაცვის მიზნით ძალის გამოყენების მექანიზმებს, რაც შეესაბამება გაეროს ქარტიის 51-ე მუხლს.

იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ ყველა ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება უშუალო მეზობლებთან, ბათუ ქუთელია აღნიშნავს, რომ საქართველოს ასეთი პრიორიტეტული მიზანი რუსეთთან მიმართებითაც აქვს, ოღონდ ერთი წინაპირობის გათვალისწინებით:

ჩვენ მთავარია ვიყოთ დასავლეთზე ორიენტირებული და გვქონდეს ბაზარი დასავლეთში, განვითარებული ბაზარი, რის შედეგადაც ხარისხიც მაღლდება ...
”ამის მთავარი წინაპირობაა რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა.”

ამ ეტაპზე რუსეთთან სხვა სახის დიალოგი რომ წარმოუდგენელია, ეს 23 დეკემბრის სხდომაზე კიდევ არაერთმა დეპუტატმა აღნიშნა ოპოზიციის თუ უმრავლესობის რიგებიდან. მაგალითად, უმრავლესობის წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის ბაზარზე დაბრუნების პერსპექტივებსაც. მართალია, ამბობს, რომ სახელმწიფო ამ მხრივ ბიზნესის საქმეებში არ უნდა ერეოდეს, მაგრამ მინაშვილის მიერ მოყვანილი მაგალითი ბიზნესმენებს დაფიქრებისკენ მოუწოდებს:

”მაგალითად, რუსეთი ესაუბრება მოლდავეთს ღვინის ექსპორტზე და იმპორტზე, მაგრამ იმდენად რთულია ეს პროცესი, იმდენად მონოპოლიზებას ახდენს რუსეთი ამ პროცესისას, რომ უკვე თავად მოლდაველებიც ხვდებიან, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა არ ღირდა. ჩვენ მთავარია ვიყოთ დასავლეთზე ორიენტირებული და გვქონდეს ბაზარი დასავლეთში, განვითარებული ბაზარი, რის შედეგადაც ხარისხიც მაღლდება, რაოდენობაც და ასე შემდეგ.”

გურამ ჩახვაძე
გურამ ჩახვაძე
რუსეთზე ბევრი ილაპარაკა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა გურამ ჩახვაძემაც. მან ხელისუფლებას, უსაფრთხოების მიზნით, რუსული კაპიტალისთვის კარის ჩაკეტვა ურჩია და იქვე, ისევე როგორც ამას ხშირად აკეთებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, რუსეთისგან მომავალი საფრთხის კონტექსტში, პოლიტიკაში მოსვლის მსურველი ბიზნესმენი - ბიძინა ივანიშვილიც ახსენა:

”რუსეთი ყოველთვის ეცდება, თუ სამხედრო ძალით ვერა, მე-5 კოლონით შეეცადოს თავისი მიზნების მიღწევას. ორჯონიკიძეების თემა, სამწუხაროდ, არ არის დახურული: ქალბატონი ბურჯანაძის, ბატონი ნოღაიდელისა და სხვათა გვარებს კიდევ ერთი გვარი - ივანიშვილი - მიემატა.”

დავუბრუნდეთ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ტექსტს.

გამოწვევებს შორის დოკუმენტში ასევე სახელდება, მაგალითად: ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ენერგეტიკული უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება, გარემოს დაცვა, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, მათ მიერ სახელმწიფო ენის შესწავლის საფუძველზე.
ჩვენთვის მთავარია მოქალაქეობა და არა ეთნიკურობა. იდენტობაც სწორედ ამ კუთხით არის განსაზღვრული ამ კონცეფციაში ...

საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტად დოკუმენტის ტექსტში სახელდება მონაწილეობა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ წარმოებულ ანტიტერორისტულ, კოალიციურ ოპერაციებში.

ქრისტიან-დემოკრატმა დეპუტატმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა, რომელიც ჩართული იყო განხილვების პროცესში, დოკუმენტის ტექსტს ”ხარისხიანი” უწოდა, თუმცა ქრისტიან-დემოკრატები მაინც მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი სრულფასოვნად ვერ ჩაითვლება, თუკი მასში ხაზგასმული არ იქნება ”მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი ეროვნული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში”. თუმცა ამ საკითხის ცალკე გამოყოფას მხარს არ უჭერს საპარლამენტო უმრავლესობა.

აკაკი მინაშვილი
აკაკი მინაშვილი
”ჩვენთვის მთავარია მოქალაქეობა და არა ეთნიკურობა. იდენტობაც სწორედ ამ კუთხით არის განსაზღვრული ამ კონცეფციაში. თავისთავად იდენტობაში იგულისხმება რელიგიური მრწამსი, რაც პირადი საკითხია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის”, - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა 23 დეკემბრის სხდომაზე.

დაბოლოს, ვთქვათ, რომ, ვიდრე დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინებოდა, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტმა საჯარო განხილვების რამდენიმეთვიანი პროცედურა გაიარა - საპარლამენტო, საექსპერტო თუ მესამე სექტორის წრეებში. ბათუ ქუთელია აღნიშნავს, რომ დოკუმენტის ტექსტში გათვალისწინებულია ნატოს შტაბბინაში გამართული განხილვების შედეგად გამოკვეთილი ”მნიშვნელოვანი შენიშვნების უდიდესი ნაწილი.”
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG