Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


კვირას, 18 დეკემბერს, 75 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ჩეხი დრამატურგი, დისიდენტი, ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი და ჩეხეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, ვაცლავ ჰაველი - 1989 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ სიმბოლო. დასავლეთის პრესის ფურცლებზე ჰაველის წასვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ანალიტიკოსები წერდნენ, ვაცლავ ჰაველის მსგავსი ადამიანების გარეშე თავისუფალი ევროპა მიუღწეველ იდეალად დარჩებოდაო. „ჰაველმა განმსაზღვრელი როლი შეასრულა გვიანდელი მეოცე საუკუნის ევროპაში. ის მხოლოდ დისიდენტი არ იყო - ის საკუთრივ ამ ცნების განსხეულებას წარმოადგენდა“, - წერდა ბრიტანელი ისტორიკოსი, 1989 წლის შემდგომი ევროპის ანალიტიკოსი ტიმოტი გარტონ ეში 19 დეკემბრის გაზეთ „გარდიანში“. - „ის უბრალოდ ევროპელი არ ყოფილა. ის იყო ევროპელი, რომელიც პროფესიონალი დრამატურგის მჭევრმეტყველებით და ყოფილი პოლიტპატიმრის ავტორიტეტით მუდმივად შეგვახსენებდა ევროპული პროექტის ისტორიულ და მორალურ განზომილებებს. როცა ხედავ, დღეს რა დღეშია ეს პროექტი, ძალაუნებურად აღმოგხდება ძახილი: ჰაველ, ევროპას ძალიან სჭირდები!“

სამშაბათს, 20 დეკემბერს, ევროპის პრესის ყურადღების ცენტრში ჩრდილოეთი კორეა მოექცა. ამის მიზეზი ის იყო, რომ წინა დღეს, ორშაბათს, ამ ქვეყნის დიქტატორის, კიმ ჩენ ირის სიკვდილის შესახებ გავრცელდა ცნობა. ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ კიმ ჩენ ირის გამოუცდელი შვილის, კიმ ჩენ ინის ლიდერად ქცევა ქვეყნის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლას გამოიწვევს, სხვები კი დასავლეთს მოუწოდებენ ურთიერთობის გაუმჯობესებას შეეცადოს ამ დიდი სამხედრო ძალის მქონე ქვეყანასთან. „კიმ ჩენ ირმა თავის შემცვლელად დაასახელა კაცი, რომელსაც კორეელები თითქმის არ იცნობენო“, - წერდა უნგრეთში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის „მადიარ ნემზეტი“ 20 დეკემბრის ნომერში და დასძენდა: „კიმ ჩენ ირის ხელისუფლებაში მოსვლამდე ხალხი დაშინებული იყო და მის მმართველობას დამორჩილდა. მისი შემცვლელი, კიმ ჩენ ინი, არც შიშს ნერგავს და არც ცბიერებით გამოირჩევა. მას არც სახელმწიფო აპარატთან აქვს განსაკუთრებული კონტაქტები. ის უშნო კოსტიუმიც, რომელიც მამამისზე ასე დამაფრთხობლად გამოიყურებოდა, მისთვის ერთი ზომით დიდია. ახლა კი ეს ახალგაზრდა კაცი სათავეში უდგას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ არმიას, რომელიც, როგორც ჩანს, ბირთვულ შეიარაღებას ფლობს.“

ოთხშაბათს, 21 დეკემბერს, ევროპული პრესის ბევრი გამოცემა წერდა უნგრეთში განვითარებულ პროცესებზე - კერძოდ იმაზე, რომ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა იქ კამათის საგნად ქცეული მედიის კანონის გარკვეული ნაწილები. სასამართლომ დაადგინა, რომ ჟურნალისტების იძულება დაასახელონ წყაროები არ შეესაბამება კონსტიტუციას. უნგრეთში კანონის უზენაესობა კვლავაც ფუნქციონირებსო, - ზეიმობდა ანალიტიკოსების ნაწილი. სხვები კი გამოთქვამდნენ შეშფოთებას, რომ სასამართლოს გადაწვეტილებას დიდი ხნის მანძილზე არ უწერია ხორცშესხმა. „სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არ არის სიკვდილის პირას მისული კონსტიტუციური სახელმწიფოს უკანასკნელი კონვულსია. პირიქით - მოსამართლეებმა ... აჩვენეს, რომ საკუთარ დამოუკიდებლობას სერიოზულად ეკიდებიან“, - წერდა ავსტრიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის ყოველდღიური გაზეთი „ვინერ ცაიტუნგი“ 21 დეკემბერს და დასძენდა, უნგრეთის მოქალაქეებმა, რომლებიც ბოლო პერიოდში სულ უფრო ძლიერად აპროტესტებენ პოლიტიკურ ცვლილებებს, ქვეყანაში დემოკრატიის არსებობის იმედი ნაადრევად არ უნდა დაკარგონო.

22 დეკემბერს ევროპის პრესის ფურცლებზე დიდი ადგილი დაეთმო ევროს მოქმედების ზონაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს. ამის მიზეზი გახდა ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება სესხების ერთპროცენტიანი განაკვეთით გაცემის თაობაზე, რასაც ოთხშაბათს 500-ზე მეტი კომერციული ბანკი ენთუზიაზმით გამოეხმაურა. ინიციატივა ემყარება იმედს, რომ ბანკები ამ ფულს კრიზისში მყოფი ქვეყნებისგან ობლიგაციების შესასყიდად მოიხმარენ. თუმცა ევროპის პრესის ფურცლებზე ანალიტიკოსები აცხადებდნენ, რომ სესხები, რომელთა საერთო მოცულობა თითქმის 500 მილიარდ ევროს შეადგენს, მთავრობის ობლიგაციებში არ ჩაიდება და, შესაბამისად, ვერც ევროპის ამჟამინდელ კრიზისს დაასრულებს. „როცა ქალაქში მხოლოდ ერთ სანახაობას უჩვენებენ, მას ყველა მიაწყდება ხოლმე. სწორედ ეს მოხდა ევროპის ცენტრალური ბანკის ირგვლივ“, - წერდა იტალიაში გამომავალი ლიბერალურ-კონსერვატიული „კორიერე დელა სერა“ და დასძენდა, ეს ენთუზიაზმი იმას არ ნიშნავს, რომ ბანკები ამ 500 მილიარდ ევროს საკრედიტო დეფიციტის შევსებას მოახმარენ ან მთავრობის ობლიგაციებს შეისყიდიანო.

პარასკევს, 23 დეკემბერს, ევროპის პრესის ყურადღების ცენტრში საფრანგეთისა და თურქეთის ურთიერთობა მოექცა. ამის მიზეზი გახდა საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის მიერ დამტკიცებული ინიციატივა, რომელიც ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის უარყოფას დანაშაულად მიიჩნევს. კანონი ახლა სენატმა უნდა დაამტკიცოს. ანკარამ პარიზიდან სწრაფად გაიწვია თავისი ელჩი. ზოგიერთი ანალიტიკოსი თურქეთის რეაქციას გადაჭარბებულად მიიჩნევს, სხვები კი კანონს აკრიტიკებენ და მას მმართველი კონსერვატორების მხრიდან გამოვლენილ საარჩევნო გათვლად მიიჩნევენ.

„ბევრი თურქი მზად არის ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მაგრამ ტაიპ ერდოანის მთავრობა - არა. გენოციდის უარყოფის დასჯად დანაშაულად ქცევის გამო საფრანგეთის მისამართით მის მიერ გამოთქმული გადაჭარბებული მუქარა წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ როგორი ზიანის მოტანა შეეძლება მას ევროკავშირში. მან, შესაძლოა, ევროკავშირი თავისი ნაციონალიზმის მძევლად აქციოს. ქვეყანა, რომელიც თავის საკუთარ ისტორიას ჩქმალავს, შენელებული მოქმედების ბომბია“, - წერდა გერმანიაში გამომავალი მემარცხენე-ლიბერალური გამოცემა „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ და დასძენდა: „მაგრამ თურქეთის გაკრიტიკება არ ნიშნავს საფრანგეთის შექებას გენოციდის შესახებ ამ კანონის გამო. ... საფრანგეთმა 2001 წელს იურიდიულად აღიარა სომეხთა გენოციდი. ეს სწორი და საკმარისი ზომა იყო. მაგრამ ახლა, როცა ნებისმიერ ადამიანს, ვინც გენოციდს ეჭვით შეხედავს, ციხით ემუქრებიან, ვითარებამ გადაჭარბებული სახე მიიღო. საფრანგეთმა ეს კანონი უნდა გააუქმოს, თურქეთმა კი, ბოლოს და ბოლოს, უნდა იკისროს პასუხისმგებლობა და თვალი გაუსწოროს თავისი დანაშაულების გამო მისთვის წაყენებულ ბრალდებას.“
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG