Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამობის დადგენის პროცესში უპირველესი მტკიცებულება დე ენ ემ-ის ანალიზი იქნება


ცვლილება, რომელიც სამოქალაქო კოდექსში შევიდა და უახლოეს მომავალში ამოქმედდება, პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცა და ის მამობის საკითხის დადგენის რეგულირებას ითვალისწინებს. ცვლილება გულისხმობს სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც დამოკიდებული იქნება ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური ხასიათის გამოკვლევის შედეგებზე. ”ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსლის” მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლმანეტში მიმდინარე წლის შემოდგომაზე შევიდა.
კანონპროექტი მესამე მოსმენით უკვე განიხილა პარლამენტმა და ის უახლოეს მომავალში ამუშავდება...

სანამ სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლში ცვლილება შევიდოდა, როგორც იურისტები და უფლებადამცველები ირწმუნებიან, დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობის დადგენა დროში გაწელილ პროცედურას გულისხმობდა. უფრო ზუსტად კი, იმისათვის, რომ მოსამართლეს ბავშვის მამობა დაედგინა, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრებისა და საერთო მეურნეობის წარმოების შემთხვევები ბავშვის დაბადებამდე ან ბავშვის ერთად აღზრდის ან რჩენის სხვა გარემოებები. როგორც „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსლის“ რეგიონალური კოორდინატორი და სამოქალაქო კოდექსში შესატან ცვლილებათა ერთ-ერთი ავტორი ელისო ამირეჯიბი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განმარტავს, შესაბამის საქმეთა წარმოების პრაქტიკამ აჩვენა, რომ, უმეტეს შემთხვევაში, ჩამოთვლილი ფაქტების დადგენა სასამართლოს მიერ შეუძლებელი ხდებოდა, რაც, თავის მხრივ, აფერხებდა სასამართლოს მიერ მამობის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას:

”კანონპროექტი მესამე მოსმენით უკვე განიხილა პარლამენტმა და ის უახლოეს მომავალში ამუშავდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრ ქალს, რომელიც ამ კანონის მიღებას ელოდებოდა, ის პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. კანონის მიხედვით, უკვე არანაირ საერთო მეურნეობას არ მიენიჭება მნიშვნელობა, ანუ ის მეორეხარისხოვანი მტკიცებულება იქნება მამობის დადგენის პროცედურის მსვლელობისას და, პირველ რიგში, მთავარი ყურადღება მიექცევა დე ენ ემ- ის ანალიზს”, - ამბობს ელისო ამირეჯიბი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს დიანა ბერეკაშვილს მამობის დადგენის მოთხოვნით წლების განმავლობაში არაერთი სასამართლო პროცესი წარუმართავს. ამბობს, რომ თითოეული სარჩელი საკმაოდ რთული განსახილველი იყო და მთელ რიგ პროცედურებს მოითხოვდა, რომელიც, საბოლოო ანგარიშით, სასამართლო მსვლელობას დროში აჭიანურებდა და ამით მნიშვნელოვნად ირღვეოდა თავად ბავშვების უფლებები. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, მას კანონმდებლობა არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ მამობის დადგენა დროულად და უშეცდომოდ მოეხერხებინა. დიანა ბერეკაშვილი საკანონმდებლო ცვლილების ერთ-ერთი თანაავტორია:

”შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, სასამართლო დანიშნავს გენეტიკურ ექსპერტიზას და ძალიან მარტივად, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად დაადგენს მამობას. გვქონდა ისეთი შემთხვევები, როდესაც სასამართლომ გამოიყენა ბავშვთა უფლებების შესახებ ევროპული კონვენციები და დაადგინა გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარება და დე ენ ემ-ის საფუძველზე ცნო პიროვნება ბავშვის მამად. თუმცა, ვფიქრობ, ეს იყო კანონის სხვაგვარი განმარტება, რადგან ჩვენი საკანონმდებლო ნორმა ამის უფლებას არ იძლეოდა. ამიტომ ახლა კანონი მოექცა სამართლებრივ ჩარჩოებში და ბავშვთა უფლებების ევროპული კონვენციების შესაბამისობაში”, - ამბობს დიანა ბერეკაშვილი.
კლიენტებს ვთავაზობთ დაჩქარებულ მომსახურებას, რაც ორ დღეში შესაძლებელს ხდის მამობის დადგენას...

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექპსერტიზის დეპარტამენტის უფროსი ნინო ყოჩიაშვილი რადიო თავისუფლებასთან იმ პროცედურებზე საუბრობს, რომლებიც ბიოლოგიური ან ანთროპოლოგიური ხასიათის გამოკვლევისას ტარდება. მისი თქმით, ექსპერტიზის ბიუროს მამის ხაზის დადგენის ხუთწლიანი გამოცდილება აქვს. ის სტატისტიკურ მონაცემებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ თვის განმავლობაში ბიუროს საშუალოდ 3-4 კერძო პირი მიმართავს. რა ღირს მამობის დადგენის პროცედურა და რა ვადებს მოითხოვს ის?

”კლიენტებს ვთავაზობთ დაჩქარებულ მომსახურებას, რაც ორ დღეში შესაძლებელს ხდის მამობის დადგენას. ჩვეულებრივი სერვისით მომსახურებისას კი ანალიზის პასუხის მიღება ერთი კვირის განმავლობაშია შესაძლებელი და ის 1600 ლარი ღირს. დაჩქარებული სერვისის საფასური 3200 ლარია”, - ამბობს ნინო ყოჩიაშვილი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მხოლოდ დედის განცხადებით სამშობიაროდან ყოველწლიურად 2000-დან 4000-მდე ბავშვი გაჰყავთ. ჩვილების მკვლელობის ერთ-ერთ მიზეზად მარტოხელა - ანუ ქორწინებაში არმყოფი - დედები სახელდებიან. ქალთა დაწესებულებაში სასჯელს საკუთარი შვილის მკვლელობისათვის რვა ქალი იხდის. აქედან ხუთმა ჩვილი მოკლა. რა ხდება შვილის მკვლელობის მიზეზი? როგორია მკვლელი დედის ფსიქოლოგიური პორტრეტი? ამ კითხვებზე პასუხის მოძიებას ”ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსლის” ფსიქოლოგი მანანა სოლოღაშვილი ცდილობდა. ის ქალთა დაწესებულებებში იმ დედებთან მუშაობდა, რომლებმაც საკუთარი შვილი ან მოკლეს და ან მათი მოკვლა სცადეს. სირცხვილის გრძნობა - ეს არის მათი ძირითადი ემოციური აფექტი, ამბობს მანანა სოლოღაშვილი, რაც, მისი განმარტებით, გაცილებით დაბალორგანიზებული რეაქციაა. მას მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა ახსენდება, როდესაც ქალმა პირველივე შეხვედრისას აღიარა, რომ შვილი მოკლა.

”მათ აღიარების პრობლემა აქვთ, უჭირთ... ისინი თავიანთ საქციელს რაღაც გარემოებებს მიაწერენ. ეს მათ გააკეთეს შინაგანი კომპლექსების გამო, რომ მათ ჰქონდათ საზოგადოებისაგან გარიყვის, ოჯახისგან განდევნის შიში. მამობის აღიარება ნიშნავს, რომ ვიღაც მაინც დაუჭერს მხარს შვილის დაბადებას. სწორედ იმის გამო კლავენ დედები ჩვილებს, რომ სტერეოტიპული აზროვნების ჩარჩოებით არაქორწინებითი კავშირიდან დაბადებული შვილი მათი ოჯახებისთვის მიუღებელია. მამობის აღიარება, რა თქმა უნდა, დაეხმარება დედას, რომ მან ეს ნაბიჯი არ გადადგას და არ მოკლას შვილი”, - მიაჩნია მანანა სოლოღაშვილს.
XS
SM
MD
LG