Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატრიოტთა ხვედრი და "ოპერები"


ორშაბათი

გასული კვირა რიტორიკული შეკითხვით დაიწყო: ვისი რჩეულია დეპუტატი თორთლაძე? რომელ საზოგადოებრივ ფენას წარმოადგენს ეს პოლიტიკოს-ალპინისტი და რა სახის ამომრჩეველი დგას მის უკან? საინტერესოა, ვინ მისცა მას ხმა და თუკი არის ასეთი, თუ ახსოვს, მაინც რატომ მისცა? მოიძებნება კი ვინმე, ვინც უცებ (ან ჰა, თუნდაც მცირე ფიქრის შემდეგ) გეტყვით, რა ქვია მის პარტიას და ამ კაცს რა უნდა?

სამშაბათი

ახლა არარიტორიკული შეკითხვა: რატომ ითვლება დეპუტატი თორთლაძე (ფორმალურად მაინც) ოპოზიციონერად? ეს რანაირი ოპოზიციაა, როცა გინდ დეპ. პ. ცისკარიშვილს ულაპარაკია და გინდ დეპ. გ. თორთლაძეს?

ოთხშაბათი

მაინც რა მძიმეა პატრიოტის ხვედრი! ძალიანაც რომ მოუნდეს (თუმცა, ვიცი, აღარ მოუნდება), კამერტონ-დაკარგული დეპ. თორთლაძე ვეღარც საჯარო ბიბლიოთეკაში შევა, ვერც რუსთაველის თეატრში და, თქვენ წარმოიდგინეთ, ვერც მარჯანიშვილსა და თუმანიშვილში. სადმე მოლოცვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია... აქ ხომ ყველგან რუსული ფულია ჩახარჯული! ფუი, შებილწულო ადგილებო, აღარაფერი ესაქმება თქვენთან ეროვნულ სატელი... უკაცრავად, დეპუტატს! თავის დროზე უნდა ეყვირა - როცა ბინძური რუსული ფულით აკეთებდნენ რემონტებს - აი, სად შეცდა! მაგრამ არა უშავს - სჯობს გვიან, ვინემ არასდროს. თუმცა მის ადგილზე რომ ვიყო, აღარც მთავრობის წევრებს ვეტყოდი სალამს (მესმის, რთულია, მაგრამ მაინც): რადგან ესენიც წლების განმავლობაში ფინანსდებოდნენ რუსი ოლიგარქის რუსული ფულით...

ხუთშაბათი

მაგრამ, ვაგლახ, რუსული ფული კი არ შეარყევს ოცწლოვან ქართულ სახელმწიფოებრიობას, არამედ ქართული პოლიტ-აფერიზმი; რა ვქნათ, ასეთი ბედი გვქონია - თუ გადავრჩებით, მხოლოდ ერთი უცნაური ვაქცინით... ეს კამერტონ-დაკარგული პოლიტ-სატელიტ... უკაცრავად, პოლიტ-პარტიები კი სწორედ ჩვენს მთავარ ანტივირუსს - დემოკრატიას ყიდიან. "როცა "ფსევდო" ხარ, გადარჩენის შანსი არა გაქვს" - ჯერ კიდევ როდის წერდა მრავალტანჯული რომენ გარი.

პარასკევი

თუმცა მთლად ასე ცუდადაც არაა საქმე. გასულ კვირაძალს სასიხარულო ამბავიც შევიტყეთ: ოპერის მეგობართა საბჭოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და აწ კი სახელოვანი და მრავალთა მიერ კურთხეული ბიზმესმენი, დ. კეზერაშვილი შეუერთდა. და თანაც შეგვპირდა - ნორჩ მომღერლებს კონკურსებზე დავაგზავნიო. თუმცა, სულო ცოდვილო, მე მაინც შევშფოთდი: თავდაცვის მინისტრობისას იმისთანა პროფესიონალიზმი გამოიჩინა, რომ, როგორც იტყვიან, დედა შვილს არ აიყვანდა - პროფესიონალური კუთხით, სრული მიეთ-მოეთი გახლდათ (ტალიავინის სიტყვებია, ჩემი არ გეგონოთ), ხოდა, ვშიშობ, ახლაც ამგვარი "აცდენა" არ მოუვიდეს: ვოკალისტები მკლავჭიდის შეჯიბრზე არ გაამწესოს და ოპერის მეგობართა საბჭოს მაგიერ, ყოფილი "ოპერების" საპენსიო ფონდში არ ჩარიცხოს ფული...
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG