Accessibility links

გამომცემლობა “ინტელექტმა” XX საუკუნის ფრანგი კლასიკოსის, ჟან-პოლ სარტრის “სიტყვები” გამოსცა.

ეს წიგნი ქართულად ჯერ კიდევ 70-იან წლებში უნდა გამოცემულიყო, მაგრამ საქმე ისე აეწყო, რომ თითქმის 40-წლიანი დაგვიანებით მოვიდა მკითხველამდე.

70-იანი წლებისთვის უკვე კარგად იცნობდა ქართველი მკითხველი სარტრის ნაწერებს. ჯერ კიდევ 1955 წელს დაიბეჭდა ჟურნალ “დროშაში” მისი პატარა ტექსტი - “სტალინგრადის გაკვეთილი”, მისი თარგმანები შიგადაშიგ გაზეთებშიც ქვეყნდებოდა ხოლმე და, აი, 1963 წლის სექტემბრის დასაწყისში საბჭოეთის ქომაგი საბჭოთა საქართველოსაც ეწვია მეუღლესთან, სიმონა დე ბოვუართან ერთად და 10 სექტემბრის გაზეთ “კომუნისტში” მისი ინტერვიუც დაიბეჭდა. ამ დროს მას თითქმის უკვე დასრულებული ჰქონდა “სიტყვებზე” მუშაობა, რომელიც მომდევნო წლის დასაწყისში გამოვიდა საფრანგეთში და იმავე 1964 წელს მას ნობელის პრემიაც მიანიჭეს, რაზეც მან უარი განაცხადა.

ტექსტს რაც შეეხება, ძალიან მომწონს, იმიტომ რომ განსხვავებულად დავინახე სარტრი. სტუდენტობის პერიოდში ვიყავი მისით დაინტერესებული...
საბჭოეთთან განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო, წიგნი რუსულად ძალიან მალე ითარგმნა, 1965 წელს კი საქართველოს ჯერი დადგა და “მნათობის” მე-6, მე-7 და მე-8 ნომერი ამ ვრცელი ტექსტის პუბლიკაციას დაეთმო. საბჭოთა საქართველო 3 თვის მანძილზე კითხულობდა გასტონ ბუაჩიძისა და კოტე ჯავრიშვილის მიერ თარგმნილ “მეგობარ მწერალს”. შემდეგ 1969 წელსაც გამოქვეყნდა “ხომლში” ერთი ვრცელი მოთხრობა და 1974 წელს გამომცემლობა “მერანში” “სიტყვები” უკვე წიგნადაც აიკინძა.
“ინტელექტის” წლევანდელ გამოცემას მთარგმნელის, გასტონ ბუაჩიძის წინასიტყვაობა ახლავს თან, სადაც იგი ძალიან მოკლედ აღწერს 1974 წელს მომხდარს. საქმე ისაა, რომ სწორედ იმ დღეს, როდესაც სტამბაში ქართული ტექსტი აიკრიფა, ანუ 1973 წლის 13 თებერვალს, ალექსანდრ სოლჟენიცინს საბჭოთა მოქალაქეობა ჩამოართვეს, მოგვიანებით მას სარტრიც გამოექომაგა, სხვებთან ერთად მოაწერა ხელი სპეციალურ განცხადებას და არსებითად ამის შემდეგ წიგნის ბედიც გადაწყდა - “სიტყვების” სრული ტირაჟი გაანადგურეს, თუმცა სტამბის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ქალბატონმა ორი ეგზემპლარი გადაარჩინა და მთარგმნელებს გადასცა.

აი, ასეთი ისტორიაა დაკავშირებული წიგნთან, რომელიც ბევრს სარტრის ერთ-ერთ საუკეთესო ტექსტად მიაჩნია. ასე ფიქრობს არტკრიტიკოსი ხათუნა ხაბულიანიც, ვინც ჩემთან საუბარში იმ პერიოდსაც შეეხო, როდესაც სარტრზე გარკვეული მოდაც კი იყო:

“ტექსტს რაც შეეხება, ძალიან მომწონს, იმიტომ რომ განსხვავებულად დავინახე სარტრი. სტუდენტობის პერიოდში ვიყავი მისით დაინტერესებული - ზოგადად ეგზისტენციალისტი მწერლებით და ეგზისტენციალური ფილოსოფიით. იმ პერიოდში, როგორც ვთქვი, მართლა ძალიან მოდაში იყო. თან, რა თქმა უნდა, იმის ხიბლიც იყო, რომ ერთგვარად აკრძალული იყო, ნაწილობრივ მაინც.”

ხათუნას აზრით, სარტრის ეს წიგნი მკვეთრად განსხვავდება ავტორის სხვა წიგნებისგან და გამოცდილ მკითხველს, ერთი შეხედვით, შეიძლება პრუსტის ნაწერებიც კი მოაგონოს:

“და კიდევ ის, რომ ეს ტექსტი, შეიძლება ითქვას, ძალიან განსხვავებულია სხვა სარტრისგან, მისი კლასიკური ნაწარმოებებისგან. განსხვავებულია რითი? მე ამ ტექსტმა რაღაცით პრუსტი მომაგონა. ეს არის მისი ავტობიოგრაფია. იწყება ბავშვობიდან, პერსონაჟები რეალური არიან, მისი ოჯახის წევრები. და ეს არის ბავშვობისდროინდელი მოგონებების გვიანდელი გახსენება. ალბათ, ამიტომაც მომაგონდა პრუსტი. იგი შემდეგ უკეთებს ამ ყველაფერს ანალიზს და შემდეგ იხსნება მისი ეგზისტენციალური არსი. დაახლოებით მსგავსი თემაა, თუმცა აქ აბსოლუტურად სხვა დინამიკაში მიდის ყველაფერი და სხვა ტიპის ტექსტია. თან აქ ასეთი ეგზისტენციალური არსების გახსნა ხდება უშუალოდ სიტყვების მნიშვნელობებში, მეტყველების მნიშვნელობაში, სადაც იკვეთება ხაზი, თუ როგორ გახდა ის მწერალი.”

თუმცა მწერლობამდე ავტორი თავისი დაბადების და ყრმობის წლებს იხსენებს, სადაც წიგნების კითხვას უმთავრესი ადგილი ეკავა. ტექსტი ორ ნაწილადაა გაყოფილი. პირველს ჰქვია “ვკითხულობ”, მეორეს კი - “ვწერ”, რაც, შესაბამისად, მწერლის ცხოვრების ორ სხვადასხვა პერიოდთან გვაგზავნის. პირველი პერიოდი ახლო წინაპრების ძალიან მოკლე ისტორიით იწყება, შემდეგ კი თავისი დაბადებისა და მამის გარდაცვალების ამბავს მოგვითხრობს და საკმაოდ აკონკრეტებს მამის თემას:

მისი აზრით, მამის სიკვდილით ჯადო მოშორდა მასაც და დედამისსაც. იგი დაბადებიდან ძალიან სუსტი ჯანმრთელობისა ყოფილა და გამოჯანმრთელებას პირდაპირ თუ ირიბად მამის გარდაცვალებას მიაწერდა. ასე წერს: “მისი სიკვდილი ჩემი სიცოცხლის უდიდეს მოვლენად იქცა, თავისუფლება მომანიჭაო”. შემდეგ მოდის დაზუსტებები, რომ კარგი მამები არ არსებობენ, რომ მამობის კავშირს ძირი გამომპალი აქვს და კმაყოფილი აღნიშნავს, ბეწვზე ვარ გადარჩენილი, მამაჩემს რომ ქონება დაეტოვებინა, ჩემი ბავშვობა სულ სხვანაირად წარიმართებოდაო.
მიწა არ მიბარავს და არც ბუდეები მომიშლია, ყვავილები არ მიკრეფია და ჩიტებისათვის ქვა არ მისროლია. წიგნი იყო ჩემი ჩიტიც და ბუდეც, ჩემი შინაური ცხოველი, საჯინიბო და სოფელი ...

ასეთი გულახდილი აზრები მთელი წიგნის მანძილზეა გაშლილი, რომელსაც შიგადაშიგ სხვა ოჯახური ფიქრებიც გამოერევა ხოლმე. მაგალითად, იგი ერთგან ამბობს, რომ ნათესაურ კავშირებს შორის ყველაზე მეტად და-ძმის ურთიერთობა აღელვებდა და, სხვათა შორის, სულ ოცნებობდა სისხლის აღრევისკენ მიდრეკილი ბავშვის ისტორია დაეწერა, რაც არსებითად განახორციელა კიდეც „ბუზებში“, ორესტესა და ელექტრას ამბით, ანდა “თავისუფლების გზებში” – ბორისი და ივიჩი, ფრანცი და ლენი “ალტონის პატიმრებში”.

ცხადია, სარტრის ინტერესები მხოლოდ ამით არ ამოიწურება. როგორც ზემოთაც ვთქვი, იგი ყველაზე მეტად წიგნების სამყაროს უტრიალებს, ცხოვრებას წიგნებს შორის, რომელმაც მთლიანად შეავსო მისი არსებობის პირველი წლები. იგი ასე წერს ამის შესახებ:

“სოფელში გატარებული მხიარული ბავშვობის ტკბილ მოგონებებს ამაოდ დავუწყებდი ძებნას ჩემს წარსულში. მიწა არ მიბარავს და არც ბუდეები მომიშლია, ყვავილები არ მიკრეფია და ჩიტებისათვის ქვა არ მისროლია. წიგნი იყო ჩემი ჩიტიც და ბუდეც, ჩემი შინაური ცხოველი, საჯინიბო და სოფელი.”

კითხვა ჯერ არ იცოდა, მაგრამ იმდენად იყო ბავშვური სნობიზმით შეპყრობილი (როგორც თავად უწოდებს), რომ საკუთარი წიგნების ქონა ძალიან ადრეული ასაკიდანვე სურდა და ეს სურვილი მალევე აუსრულეს უფროსებმა. კითხვა კი მარტივად უსწავლია: აუღია ერთ-ერთი ავტორის ტექსტი, რომელიც ზეპირად იცოდა, დამჯდარა გასაშლელ საწოლზე და ნახევრად ზეპირად და ნახევრად მარცვალ-მარცვალ კითხვით ბოლომდე ჩასულა, ბოლოში კი მიმხვდარა, რომ უკვე კითხვა იცოდა.

სარტრის პირობაზე ეს წიგნი ძალზე საინტერესოა, კარგად იკითხება, ერთი-ორი შესანიშნავი ეპიზოდიცაა. მე ის მომწონს, სადაც იგი თავისი პაპის თანამშრომელს, ბატონ სიმონოს აღწერს, ქალიშვილივით ლოყაწითელ ორმოცდაათი წლის კაცს, რომელიც ულვაშებს იყენებდა და თმებს იღებავდა. მას ლამის ყველა კითხვაზე ჰქონდა თურმე პასუხი, “ჯერ შინაგან მზერას მიაპყრობდა თავისი გემოვნების გრანიტულ მასივს და საძიებელი პასუხის მიღებისთანავე თავის კანტურით, უდრტვინველი ხმით” იძლეოდა ხოლმე პასუხებს. “ბედნიერი ადამიანია! – ფიქრობდა პატარა სარტრი. – ალბათ, ყოველ დილით აღტაცებული იღვიძებს და რომელიღაც ამაღლებული წერტილიდან სათითაოდ მოავლებს თვალს საკუთარ სულიერ ქედებსა და მწვერვალებს, საკუთარ ხეობებს, ტკბილად იზმორება და ამბობს: ჭეშმარიტად, ყოველივე ეს ჩემია, ეს ნამდვილად მე ვარ, ბატონი სიმონო!”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG