Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა მორწმუნეებს შობის დღესასწაული მიულოცა


რომის პაპმა, ბენედიქტე მეთექვსმეტემ, მორწმუნეებს შობის დღესასწაული მიულოცა და მოუწოდა „სულიერი ერთობა“ დაამყარონ მსოფლიოში მცხოვრებ იმ ადამიანებთან, რომლებსაც უჭირთ და სირთულეებს აწყდებიან. შუაღამის წირვის დროს პაპმა თქვა: „შობა დღესდღეობით კომერციულ დღესასწაულად გადაიქცა, რომლის ბრჭყვიალა სინათლე ნიღბავს ღმერთის თავმდაბლობის იდუმალებას - რომელიც, თავის მხრივ, ჩვენც მოგვიწოდებს თავმდაბლობისა და სისადავისკენ. ღმერთს შევთხოვოთ დახმარება, რათა ამ დღეასასწაულის ზედაპირული ბრჭყვიალების მიღმა გავიხედოთ და ბეთლემის გამოქვაბულში აღმოვაჩინოთ ბავშვი, რომელიც ნამდვილ სიხარულს და სინათლეს გვაპოვნინებს".

წმინდა პეტრეს ტაძრიდან შუადღისას წარმოთქმულ ქადაგებაში პაპმა საშობაო მილოცვა 65 ენაზე გაიმეორა. ტრადიციული მიმართვა Urbi et Orbi („ქალაქსა და მსოფლიოს“) 60-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცა ტელევიზიით და რადიოთი. მსოფლიოს 1.1 მილიარდი კათოლიკე ქრისტიანის სულიერმა ლიდერმა ქადაგებაში მსოფლიოს რამდენიმე რთული ადგილი ახსენა და იმ ხალხის სახელით ლაპარაკის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც თავად ხმა წართმეული აქვთ. პაპმა ღმერთს სთხოვა შეეწიოს ჩრდილოაღმოსავლეთ აფრიკაში მცხოვრებ ხალხს, „რომლებიც შიმშილობენ, არ აქვთ საკმარისი საკვები - რასაც დროდადრო კიდევ უფრო ართულებს დაუცველობის მუდმივი განცდა“. რომის პაპმა ღმერთს ასევე სთხოვა ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო დიალოგს გადაწყვეტა მოეძენბოს, სირიაში კი ძალადობა დასრულდეს. ბენედიქტემ ილოცა ერაყსა და ავღანეთში „სრული შერიგებისთვის“, ბირმაში კი დიალოგის და თანამშრობლობის გაღრმავებისთვის. დღესვე ვატიკანმა დაგმო ნიგერიაში ეკლესიებზე შობა დღეს მიტანილი იერიშები - და მას უწოდა „სისასტიკის და აბსურდის, ბრმა სიძულვილის გამოვლინება“, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე არაფრად უღირს.
XS
SM
MD
LG