Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეძლეს და რა ვერ შეძლეს არასამთავრობოებმა


არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები და რეკომენდაციები კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ნაწილობრივ გაიზიარა. სამი არასამთავრობო ორგანიზაცია - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ - ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოს სხვადახვა რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრებს მართავდა და კონსტიტუციაში და საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით წარმოდგენილ პროექტს მკაცრად აკრიტიკებდა. ახალ პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები ვენეციის კომისიასაც ჰქონდა, ამიტომ ხელისუფლებამ რეკომენდაციების ნაწილი გაიზიარა: აღარ გაიზრდება დეპუტატთა რაოდენობა 150 -დან 190-მდე, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებში ვიდეო და ფოტოგადაღება დაშვებული იქნება, იკრძალება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, უფრო გამჭვირვალე ხდება პარტიების დაფინანსება, დამოუკიდებელ კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლევათ. „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებს უფრო მეტის მიღწევა სურდათ, მაგრამ ამ ეტაპზე ეს შეუძლებელი იყო.

„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა გორში კიდევ ერთი შეხვედრა გამართეს და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლებს იმ ცვლილებების შესახებ ესაუბრნენ, რაც ახალ საარჩევნო კოდექსში შედის. ნინო ლომჯარია გულისტკივილით აღნიშნავს, რომ ვერ შეძლეს წინასაარჩევნო კამპანიაში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობა შეეჩერებინათ.

საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებები წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.
XS
SM
MD
LG