Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილმა ოპონენტებს „ბნელეთის ძალები“ უწოდა


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ბნელეთის ძალები“ უწოდა გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელიც 2008 წლის იანვრის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მას უპირისპირდებოდა. “ყველა ძალა შეიკრა მაშინ, მაშინაც რუსეთის მიერ დაფინანსებული – ახლა ამაზე ღიად შეიძლება ლაპარაკი – მაშინაც მთელი უცხოური სპეცსამსახურებით ზურგგამაგრებული, მაშინაც მთელი ეს ძველი საბჭოთა და კორუმპირებული შევარდნაძის დროინდელი ხალხი ერთად შეკრული, ის ვინც ძარცვავდა, ვინც ანადგურებდა, ვინც ამ დამცირებამდე მიიყვანა ჩვენი ქვეყანა და მაშინაც ეგონათ, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო“, –ეს სატელევიზიო განცხადება პრეზიდენტმა ახალციხეში ადგილობრივი ადმინისტრაციის ახალი შენობის გახსნისას გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით „როგორც არ უნდა შეიკრან წარსულის და ბნელეთის ძალები, როგორც არ უნდა მიგვათრევდნენ უკან საბჭოთა კავშირში ამ ჩაბნელებულ ეპოქაში, მართლა ჩაშმორებულ, გახრწნილ შევარდნაძის დროინდელ მთავრობაში, უშუქობაში, უგზოობაში, უპერსპექტივობაში, ერთი და იგივე ხალხის მიერ მუდმივად ქვეყნის ძარცვაში, ქართველი ხალხი არის არა იქ, სადაც ისინი იკრიბებიან, არამედ ქართველი ხალხი ხართ თქვენ. ქართველი ხალხი არის ის, ვინც აქამდე მოიტანა ეს ქვეყანა, არ დაანგრევინა და ბოლომდე არ მოასპობინა ჩვენი იმედი, არ მოაშლევინა მათ ჩვენი ოცნება“ – მიმართა სააკაშვილმა ახალციხის მოსახლეობას. როგორც ახალი ამბების საინტერნეტო სამსახური "სივილ ჯი" აღნიშნავს, საქართველოს პრეზიდენტმა ბოლო პერიოდში რამდენჯერმე ისე გააკეთა განცხადებები "ნეოშევარდნაძისტულ ფლანგზე", ძალებზე, რომლებიც მისტირიან ვასალის მდგომარეობას და ცდილობენ საქართველოს წარსულში დაბრუნებას, რომ არცერთხელ ოპონენტის ვინაობა კონკრეტულად არ დაუსახელებია.
XS
SM
MD
LG