Accessibility links

logo-print

ხვედელიძეს დაუბრუნეს, ივანიშვილს - არა


ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე

ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე

27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ. სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ბათილად ცნო პრეზიდენტის ბრძანებულების ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც 2011 წლის 11 ოქტომბერს მოქალაქეობა ჩამოერთვა ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს, თუმცა თავად ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით სასამართლომ პრეზიდენტის ბრძანებულებაში უკანონო ვერაფერი აღმოაჩინა.
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მიერ საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მიღება წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის კანონისმიერ საფუძველს ...

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარემ შოთა გეწაძემ გააცნო, მოგვიანებით კი ჟურნალისტებისათვის განმარტება გააკეთა სპიკერ-მოსამართლე ეკა არეშიძემ, რომლის თქმითაც, ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, ეკატერინე ხვედელიძე საქართველოს მოქალაქეობის მიღების დრომდე უკვე იყო როგორც რუსეთის, ასევე საფრანგეთის მოქალაქე:

„სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მიერ საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მიღება წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის კანონისმიერ საფუძველს, რადგან, საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის 32-ე მუხლის დ) პუნქტის თანახმად, პირი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას. ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, ეკატერინე ხვედელიძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა არ შეესაბამება კანონმდებლობას.“

თუმცა, სპიკერ-მოსამართლისაგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი შალვა თადუმაძე მიიჩნევს, რომ სამართლიანობამ მხოლოდ ნაწილობრივ იზეიმა.

„ბიძინა ივანიშვილს არ დაუკმაყოფილეს სარჩელი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური საფუძვლით, რადგან სამართლებრივი საფუძველი ორივე შემთხვევაში იყო ერთი და იგივე - დარღვეული იყო მე-40 მუხლი, რომლის საფუძველზეც სასამართლოს სრულად ჰქონდა შესაძლებლობა დაეკმაყოფილებინა სარჩელი, მაგრამ დააკმაყოფილა ნაწილობრივ და გავასაჩივრებ გადაწყვეტილებას ზედა ინსტანციაში მას შემდეგ, რაც ჩაგვბარდება დასაბუთებული გადაწყვეტილება“, განაცხადა შალვა თადუმაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის „საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ“ ნომერ ექვსას მეორე ბრძანებულება ეკატერინე ხვედელიძისათვის მოქალაქეობის შეწყვეტის ნაწილში არღვევდა ამ უკანასკნელის კონსტიტუციურ უფლებებს ...

2011 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა #602 ბრძანებულებით საქართველოს მოქალაქეებს - ბიძინა ივანიშვილსა და ეკატერინე ხვედელიძეს საგამონაკლისო წესით მინიჭებული საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ივანიშვილის 7 ოქტომბრის საჯარო პოლიტიკური განცხადება, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენი გამოთქვამდა მზადყოფნას, დაეთმო რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქეობა და აქტიურად ჩაბმულიყო ხელისუფლებისათვის ბრძოლაში. 27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა სახალხო დამცველი, რომლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის „საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ“ ნომერ ექვსას მეორე ბრძანებულება ეკატერინე ხვედელიძისათვის მოქალაქეობის შეწყვეტის ნაწილში არღვევდა ამ უკანასკნელის კონსტიტუციურ უფლებებს, რადგანაც მის მიმართ არ არსებობდა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი. გამოვთქვამთ იმედს, რომ პრეზიდენტი აღარ გაასაჩივრებს საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეკატერინე ხვედელიძესთან მიმართებაში.“

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო

ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი განაცხადა, რომ პრეზიდენტის ბრძანებულება და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს ვერ შეუშლის ბიძინა ივანიშვილს შეასრულოს დაპირება, დაიტოვოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა და არჩევნების გზით შეცვალოს ხელისუფლება:

„გუშინ მივიღეთ ოფიციალური დადასტურება ბიძინა ივანიშვილისათვის რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთგულია 7 ოქტომბერს მიცემული დაპირების, - მაშინ მან განაცხადა, რომ დატოვებს რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქეობებს, - ისევე როგორც აჩვენებს ამ ადამიანის მიზანსწრაფულობას თავის საქმიანობაში, რომ მიუხედავად ასეთი ხელოვნური დაბრკოლებისა, რაც შექმნა პრეზიდენტმა უკანონო ბრძანებულების გამოცემით, ის მაინც აგრძელებს მიცემული პირობის შესრულებას.“

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები, როგორც უკვე ითქვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებენ, თუმცა, ადვოკატ ეკა ბესელიას თქმით, ასევე განიხილება მოქალაქეობის მიღების სხვა, ალტერნატიული გზაც.
„მოქალაქეობის მიღების თაობაზე, ბუნებრივია, პროცედურები იქნება განხორციელებული, თუმცა კიდევ გვაქვს რამდენიმე ნაბიჯი გადასადგმელი. პარალელურად საფრანგეთის მოქალაქეობაც უნდა ჩააბაროს და ამის შემდეგ მოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობა“, განაცხადა ეკა ბესელიამ.
XS
SM
MD
LG