Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი ცხოვრების დონით და უსაფრთხოებით ყველა ევროპულ ქალაქს ჩამორჩება


თბილისი, ბამბის რიგი
თბილისი, ბამბის რიგი
წლის ბოლოს მსოფლიოს კვლევითი ორგანიზაციები ქვეყნებში არსებული ვითარების შეფასებას იძლევიან სხვადასხვა კუთხით. ერთ-ერთი ასეთი კვლევა, რომელიც მსოფლიოს ქალაქებს ცხოვრების დონისა და პირადი უსაფრთხოების თვალსაზრისით აფასებს, ნოემბრის ბოლოს ადამიანური რესურსების კონსულტირებისა და კვლევების გლობალურმა ცენტრმა, “Mercer”-მა, გამოქვეყნა. კვლევის მიხედვით, თბილისი 221 ადგილიან სიაში, ევროპულ ქალაქებს შორის ცხოვრების დონის შეფასების ნაწილში 214-ე, უსაფრთხოების ნაწილში კი - 215-ე ადგილს იკავებს. ქართველი ექსპერტები აცხადებენ, რომ თბილისის ცხოვრების დონის ასეთი დაბალი შეფასება, სხვა ევროპულ ქალაქებთან შედარებით, მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რასაც ვერ იტყვიან უსაფრთხოებაზე - მათივე შეფასებით, თბილისი დღეს გაცილებით უსაფრთხო ქალაქია, ვიდრე ათი წლის წინ იყო.
მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმაა. ქალაქის მასშტაბით თუ ვილაპარაკებთ, ცუდ დღეშია ინფრასტრუქტურა გარეუბნებში, სარეკლამო-საჩვენებელი ნაწილი კი მხოლოდ გამორჩეულ უბნებშია ...

”Mercer”-ის 2011 წლის კვლევის მიხედვით, ევროპული ქალაქების ლიდერი, ცხოვრების დონის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით, ავსტრის დედაქალაქი ვენაა. მას ციურიხი და ოკლენდი მოჰყვება, პირველ ხუთეულში კი შემდგომ ადგილებს დიუსელდორფი და ვანკუვერი ინაწილებენ. შემდეგ მოდის ფრანკფურტი, ჟენევა, კოპენჰაგენი და ბერნი... 221 ქალაქის ჩამონათვალში თბილისი 214-ე ადგილზეა. ბოლო - 221-ე - ადგილი ერაყის დედაქალაქ ბაღდადს უკავია. ქალაქები კვლევითმა კომპანიამ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც დააჯგუფა. აქაც პირველ ადგილებს ლუქსემბურგი, ბერნი, ჰელსინკი და ციურიხი ინაწილებენ. თბილისი, 215-ე ადგილით, ევროპულ ქალაქებში ბოლო ადგილზეა.

”Mercer”-ის მთავარი მკვლევარი, სლაგინ პარაკატილი, ამბობს: ”პერსონალური უსაფრთხოება პოლიტიკურად სტაბილური ქვეყნების ქალაქებშია უზრუნველყოფილი, ქვეყნებში, რომელთაც კარგი საერთაშორისო ურთიერთობები და მდგრადი ეკონომიკა აქვთ.”

რამ განაპირობა თბილისის არცთუ სახარბიელო ადგილი მსოფლიო ქალაქების სიაში? კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელს, გოგი ხუციშვილს, კვლევის ავტორებთან ცხოვრების დონის შეფასების ნაწილში პრეტენზიები ნაკლებად აქვს. თუ ჯერ სხვა ევროპული ქალაქების ჩამონათვალს გადავხედავთ და შემდეგ თბილისის ცხოვრების პირობებს, თბილისის შედეგი არ უნდა გაგვიკვიდრეს:

უსაფრთხოება ქალაქში გაუმჯობესებულია. ამიტომ მაფიქრებს ეს შეფასება. თუ კრიმინალურ ვითარებას, დაცულობას ვიგულისხმებთ, ამ მხრივ აშკარად გვაქვს პროგრესი ...
”მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმაა. ქალაქის მასშტაბით თუ ვილაპარაკებთ, ცუდ დღეშია ინფრასტრუქტურა გარეუბნებში, სარეკლამო-საჩვენებელი ნაწილი კი მხოლოდ გამორჩეულ უბნებშია, ქალაქის ცენტრში, და ეს ჩანს, ამას ყურადღებას აქცევენ, ყველაფერი დათვლილია, ქალაქის მოსახლეობის შემოსავლები, სოციალური დაცვის თვალსაზრისით რა ვითარებაა...”

თუმცა გოგი ხუციშვილს აეჭვებს რატომ მოხვდა თბილისი უსაფრთხოების ნიშნით ევროპულ ქალაქებს შორის ბოლო ადგილზე. მისი ახსნა ასეთია:

”უსაფრთხოება ქალაქში გაუმჯობესებულია. ამიტომ მაფიქრებს ეს შეფასება. თუ კრიმინალურ ვითარებას, დაცულობას ვიგულისხმებთ, ამ მხრივ აშკარად გვაქვს პროგრესი, მაგრამ დაბალი მაჩვენებელი, ალბათ, მაინც სხვა ფაქტორების ზემოქმედებამ გამოიწვია - როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიები, მოუგვარებელი კონფლიქტები... როგორც ჩანს, ამან იმოქმედა რეიტინგზეც.”

კვლევის შედეგების შესახებ აზრის გამოთქმა ვთხოვეთ ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში ნოდარ ხადურს. „სამწუხარო, მაგრამ რეალური სურათი“ - ასეთი იყო მისი პასუხი ”Mercer”-ის კვლევის იმ ნაწილის თაობაზე, რომელშიც ქალაქების ცხოვრების დონეა შეფასებული:

ყოველწლიურად სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში და, მით უმეტეს, თბილისში იზრდება. ეს განსაკუთრებით აისახება 2012 წელს, როცა ყოველი მეორე თბილისელი დაზღვეული იქნება...
”შეიძლება ვიდაოთ რამდენად ობიექტურია ასეთი შეფასებები, მაგრამ როდესაც არსებობს რეიტინგები, რომლებიც მოგვწონს, ისინი ისევე დგება, როგორც ეს, რომელიც არ მოგვწონს. ამიტომ ბევრი კითხვის ნიშანი ამ კვლევის გარშემო, ალბათ, არ უნდა დაისვას და აი, რატომ: ცხოვრების დონე საქართველოში ზოგადად არის დაბალი. საშუალოდ ერთი ადამიანი მოიხმარს 2600 დოლარს, რაც ევროპული სტანდარტებით ძალიან დაბალი მაჩვენებელია, ბულგარეთსა და საბერძნეთზეც კი 5-6-ჯერ ნაკლებია. სტატისტიკის ინფორმაციით, ზოგადად ქვეყანაში უმუშევრობა არის 30%-მდე, რაც ასევე ცუდი მაჩვენებელია. ამ თვალსაზრისით ისედაც ჩანს, რომ ჩვენ საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაში ვართ.”

დედაქალაქის მერიის სოციალური მომსახურების და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა ფიქრობს, რომ უსაფრთხოების ნაწილში კვლევაში რაღაც ხარვეზია. რაც შეეხება ცხოვრების დონეს, გერმანიის, ბელგიის ან შვეიცარიის ქალაქებთან შედარებით ჩამორჩენა არ უნდა გვიკვირდეს:

”2003 წელს ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში იყო როგორც სოციალური, ისე ჯანდაცვის სერვისის კუთხით. დღეს ასობით უსახლკარო ოჯახია, რომლებმაც სწორედ ამ მიზეზით სახლები გაყიდეს. მაგრამ ყოველწლიურად სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში და, მით უმეტეს, თბილისში იზრდება. ეს განსაკუთრებით აისახება 2012 წელს, როცა ყოველი მეორე თბილისელი დაზღვეული იქნება.”

კომპანია ”Mercer”-ი ცხოვრების დონეს მთელი რიგი კრიტერიუმების გათვალისწინებით განსაზღვრავს: ეს არის პოლიტიკური და ეკონომიკური, სოციალურ-კულტურული გარემო, სამედიცინო და ჯანდაცვის პირობები ქვეყანაში, სკოლა და განათლება, საჯარო მომსახურება და ტრანსპორტი, რეკრეაცია და ა.შ. უსაფრთხოების რეიტინგები კი შიდა სტაბილურობის, კრიმინალის დონის, კანონის უზენაესობის გათვალისწინებით დგება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG