Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იურისტებისთვის აუღებელი ციხესიმაგრე


„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისისთვის აუღებელ ციხესიმაგრედ რჩება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო. - ეს განცხადება ოფისის ხელმძღვანელმა ქეთი ბებიაშვილმა გააკეთა. საიას გორის ოფისმა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაწეული სამუშაო შეაჯამა. გორის ოფისის იურისტები შიდა ქართლისა და სამცხე- ჯავახეთის მოსახლეობას ეხმარებიან და ძირითადად სამართლებრივი და საადვოკატო მომსახურებით არიან დაკავებულნი. მაგრამ ორგანიზაციის მთავარ მიმართულებად დევნილთა იურიდიული დახმარება რჩება. 2011 წელს 2000-ზე მეტ პირს იურიდიული კონსულტაცია გაეწია. ჩატარდა 288 მრგვალი მაგიდა და სემინარი. სასამართლოში 6 საქმე პოლიტიკური პატიმრების, 6 საქმე კი იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დასაცავად წარიმართა. ყველაზე რეზონანსულ საქმედ უსტატუსო დევნილებისთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე დაწყებული პროცესები განიხილება. ახალგაზრდა იურისტებმა დევნილთა სამინისტროს რამდენიმე პროცესი საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში მოუგეს კიდეც, მაგრამ სამინისტრომ გადაწყვეტილებები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი გულისტკივილით აღნიშნავს, რომ ამ წარმატებულმა პროცესებმა უკვე აზრი დაკარგა, რადგან პარლამენტმა კანონში იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა შესახებ უკვე შეიტანა ის ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც ზარდიანთკარელ დევნილებს სტატუსი არ ეკუთვნით. ახალი ცვლილების თანახმად, დევნილად ის პირი ითვლება, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან არის იძულებით გადაადგილებული. მიუხედავად იმისა, რომ ზარდიანთკარელები გორის საბავშვო ბაღებში ცხოვრობენ და უსაფრთხოების არარსებობის გამო შინ დაბრუნებას ვერ ახერხებენ, სახელმწიფო ამ სოფელს ოკუპირებულად არ მიიჩნევს. ქეთი ბებიაშვილის აზრით, კანონში შეტანილი ცვილებებით ადამიანის უფლებები შეილახა.

შეხვედრაზე კრიტიკის გარდა სამადლობელი სიტყვებიც ისმოდა. იურისტებმა ადგილობრივი მედიისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს. ასევე კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან სულ უფრო მარტივდება საჯარო ინფორმაციის მიღების პროცედურა. გორის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გია ღვინიაშვილმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა იურისტებთან ნორმალური ურთიერთობა ჩამოყალიბდა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისში მუდმივად ხალხმრავლობაა. 2006 წლიდან დღემდე იურიდიული დახმარების მსურველთა რაოდენობა 30 პროცენტით გაიზარდა. თვითონ იურისტებიც პერიოდულად ავტოტურებს აწყობენ, სხვადასხვა სოფლებში დადიან და იურიდიულ კონსულტაციას ხშირად სოფლის ეგრეთ წოდებულ ბირჟებზეც კი სწევენ. მომავალ წელს ასოციაცია სხვა აქტივობებთან ერთად დევნილთა უფლებების დასაცავად იმუშავებს.
XS
SM
MD
LG