Accessibility links

logo-print

ვეფხვაძე შიშობს, რომ ახალი რეგულაციით ყველა დასაჭერია


საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძის შეფასებით, ამომრჩეველთა მოსყიდვაზე ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, მთელი მთავრობა და პარლამენტი დასაჭერი იქნება, - ამის შესახებ ლევან ვეფხვაძემ პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, "სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებების პროექტის განხილვისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ამომრჩეველთა მოსყიდვად ჩასათვლელი ქმედებები იზრდება და სასჯელიც მკაცრდება. "სისხლის სამართლის კოდექსის" მოქმედი რედაქციით, არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია ამომრჩევლისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების უსასყიდლოდ ან შეღავათიან ფასებში გადაცემა ან მიყიდვა. "სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებების პროექტით კი, პარტიას ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაეთვლება პოლიტიკური მიზნით პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების ან მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა, გაწევა, ან ასეთის მოთხოვნა ან მიღება. გარდა ამისა, მკაცრდება სასჯელის ზომაც და თუ აქამდე ამომრჩევლის მოსყიდვისთვის სასჯელი ერთწლიანი პატიმრობა იყო, კანონპროექტით სასჯელი სამ წლამდე იზრდება, თუმცა, ჩნდება ჯარიმის ალტერნატივაც. ხოლო იურიდიულ პირებს ამ ქმედებებისთვის ლიკვიდაცია ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ემუქრებათ.
XS
SM
MD
LG