Accessibility links

logo-print

პოლიტიკურმა სუბიექტებმა თანხა უკან უნდა დააბრუნონ


საქართველოს პარლამენტმა დღეს საბოლოო, მესამე მოსმენით დაამტკიცა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონის ცვლილებათა პროექტი. ახალი ნორმებით, მნიშვნელოვნად იზღუდება პოლიტიკური პარტიების დაფინანსება და ახალი რეგულაციები წესდება. ფინანსური საქმიანობის შეზღუდვა შეეხება არა მხოლოდ პარტიებს, არამედ მათთან დაკავშირებულ იურიდიულ, თუ ფიზიკურ პირებს, ასევე ოჯახის წევრებს და თანამშრომლებს. პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამკაცრების კანონისთვის უკუძალის მინიჭება პარლამენტის სხდომაზე სამშაბათს მოითხოვა უმრავლესობის წარმომადგენელმა კობა ხაბაზმა. დღეს კი, გაირკვა, რომ პოლიტიკურ პარტიებსა და მათთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებს უკვე მიღებული, დაუხარჯავი თანხის უკან დაბრუნება მოუწევთ. "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" კანონში არ ჩაწერილა, რომ ახალ რეგულაციებს უკუძალა აქვს, თუმცა, გაჩნდა მარეგულირებელი ნორმა. ამ ნორმით, სუბიექტები, რომლებმაც დაფინანსება მიიღეს ახალი კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და კანონის ამოქმედების მომენტისთვის ეს თანხა არ დაუხარჯავთ, ვალდებულნი არიან, ახალი კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში თანხა მიმცემს დაუბრონონ. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პოლიტიკური პარტიებისთვის გადარიცხული თანხა სახელმწიფო საკუთრება გახდება. გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილმა ”ქართუ ჯგუფმა” და კახა კალაძის ”კალა კაპიტალმა” თანხები გადაურიცხეს ”თავისუფალ დემოკრატებს” და რესპუბლიკურ, კონსერვატიულ და ხალხის პარტიებს.
XS
SM
MD
LG