Accessibility links

logo-print

ოს ბლოგერს დე ფაქტო რესპუბლიკაში არ უშვებენ


ალან ფარასტაევი

ალან ფარასტაევი

მეხუთე დღეა ცხინვალელ ბლოგერს და სამოქალაქო აქტივისტს ალან ფარასტაევს სახლში არ უშვებენ. იგი ვლადიკავკაზიდან ცხინვალში ბრუნდებოდა, როცა როკის ეგრეთ წოდებული სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ოსმა მესაზღვრეებმა დე ფაქტო რესპუბლიკაში არ შეუშვეს და, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ვლადიკავკაზში გააბრუნეს. მანამდე ფარასტაევი ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც ევროკავშირის ინიციატივით ბლოგოსფეროს განვითარების შესახებ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
ვფიქრობ, ამის მიზეზი არჩევნების შემდგომი კრიზისის დროს ჩემი გამოსვლებია. მაშინ მე კოკოითის რეჟიმის ანტისახალხო პოლიტიკას ვაკრიტიკებდი...

ალან ფარასტაევს არ ჰგონია, რომ მისი ცხინვალში შეუშვებლობა საზღვარგარეთ მოგზაურობას უკავშირდებოდეს. ფარასტაევის აზრით, ეს მის საქმიანობასთან არის დაკავშირებული. იგი ბლოგებს წერს რადიოსთვის „ეხო კავკაზა“, მისი კრიტიკის ობიექტი კი კოკოითის ხელისუფლება ხშირად გამხდარა. ბლოგერი იმ გადაწყვეტილებებსაც აპროტესტებდა, რომელთა მიხედვითაც ოპოზიციის ლიდერს, ალა ჯიოევას, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება წაართვეს.

„ვფიქრობ, ამის მიზეზი არჩევნების შემდგომი კრიზისის დროს ჩემი გამოსვლებია. მაშინ მე კოკოითის რეჟიმის ანტისახალხო პოლიტიკას ვაკრიტიკებდი, რომელიც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის იდეის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული. ალბათ, ეს ყველაფერი არის მიზეზი იმისა, რომ რესპუბლიკაში არ მიშვებენ“, – აცხადებს ალან ფარასტაევი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბლოგერებზე, ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება.

დღემდე შინ დაბრუნებას ვერ ახერხებს ოსი ბლოგერი მარია პლიევა, რომელიც ამჟამად ვლადიკავკაზში იმყოფება. პლიევას განსხვავებული მოსაზრებების გამო კი ცხინვალში დარჩენილ მის მშობლებს ხშირად მუქარას უთვლიან.

რამდენიმე წლის წინ კოკოითის ხელისუფლების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ კიდევ ერთ სამოქალაქო აქტივისტს, გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორს თემურ ცხოვრებოვს. იგი მოღალატედ მხოლოდ იმის გამო გამოაცხადეს, რომ საზღვარგარეთ ქართველ კოლეგებს შეხვდა. მაშინ ცხოვრებოვს ცხინვალის ცენტრში თავს დაესხნენ და მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. ახლა თემურ ცხოვრებოვი საგონებელშია ჩავარდნილი, რის გამო არ უშვებენ ფარასტაევს ცხინვალში.
ოფიციალურად ვის უჩივლოს, ესეც გაურკვეველია. პრესაში ამ ამბის გახმაურების გარდა თითქმის არაფერი გვრჩება. ალბათ, რაღაცა ნაბიჯებს გადავდგამთ...

„რამდენიმე დღეა უკვე ამაზე თავს ვიმტვრევთ. ეს ისეთი იდიოტიზმია, რომ ჯერჯერობით ვერაფერს ვიგებთ. ის (ფარასტაევი) კი გამოაძევეს, მაგრამ არანაირი დოკუმენტი არ არსებობს, მოწმეების და მისი მონაყოლის გარდა. დოკუმენტი არაფერია და ოფიციალურად ვის უჩივლოს, ესეც გაურკვეველია. პრესაში ამ ამბის გახმაურების გარდა თითქმის არაფერი გვრჩება. ალბათ, რაღაცა ნაბიჯებს გადავდგამთ“, – ამბობს თემურ ცხოვრებოვი.

თემურ ცხოვრებოვი იმასაც აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთში - ცნობილი მოვლენების შემდეგ, როცა ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა, - ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა და თავისუფალი ჟურნალისტების, ბლოგერების და სამოქალაქო აქტივისტების საქმიანობა დიდ რისკებთან აღარ არის დაკავშირებული. მისი აზრით, უსაფრთხოება ბოლომდე გარანტირებული არ არის, მაგრამ თითოეული აქტივისტის გამბედაობაზე ბევრი რამაა დამოკიდებული.

ალან ფარასტაევის მეგობრები და კოლეგები ახლა იმაზე ფიქრობენ, მას როგორ დაეხმარონ. ფარასტაევი რუსეთში დე ფაქტო რესპუბლიკის საელჩოში ახსნა-განმარტებისთვის მისვლას აპირებს. მისი აზრით, კონსტიტუციის და ადამიანის უფლებების დარღვევაა, როცა ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეს რესპუბლიკაში არ უშვებს.
XS
SM
MD
LG